მეფე ღუმელშია

...არადა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ (ნახევრად ექსპერიმენტულად, ნახევრად იუმორით თუ ირონიით) თავადაც გამოაქვეყნებდა სტატუსს fb-ზე: — დაედგათ თუ არა მისი ძეგლი მისსავე ქალაქში და მერე მემარჯვენეების, ლიბერალების, ინტელიგენტებისა თუ ინტელექტუალების მიერ დაყრილ ქოქოლას სიამოვნებით ჩააქოლინებდა საკუთარ თავს. მას იზიდავდა პროვოკაციული არტი და სოციალური ქსელის სივრცეს, მსგავსი პროვოკაციისთვის ალბათ შესანიშნავად გამოიყენებდა. დანამდვილებით ვერავინ იტყვის რა იქნებოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ჭეშმარიტად მის საქციელს ჰგავს.
წარმოიდგინეთ, რომ fb-ზე მისი ძველი „ბლოგებია” და გადაშალეთ მისი ავტორომანი „მშვიდი ცურვა”, ირაკლი ჩარკვიანს ძეგლების და ძეგლომანიის არ ეშინია. ის უკიდურესად რეალისტურად და ირონიით შეჰყურებს თუ დაჰყურებს ზევიდან საკუთარ ძეგლს:

„... როგორც წესი , რაღაცის მოხდენა გოიმებს ესაჭიროებათ (ყურადღების მიქცევის მიზნით, რა თქმა უნდა), თორემ ჩვენ რა, ვინც გენეტიკურად ყურადღების ღუმელში ვიწვით და საზოგადოება ხან ნავთს მოგვასხამს, ხან ბენზინს, რომ უფრო მეტად ვიგიზგიზოთ, ჩავიფერფლოთ. მერე კი, უკეთეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სამსახურში, ვინმე ნარკომან მოქანდაკეს წამლის ასაღებ ფულს გადაუხდის, რომ მან ჩემი მელოტი თავი ბრინჯაოსგან გამოაქანდაკოს და რომელიმე ბაღში (ეს საუკეთესო შემთხვევაში) ორმოცდაათიოდე კრეტინის თანდასწრებით დადგას. ეს ამ ავტორომანის ფინალური სცენა არ გეგონოთ, რადგან მტრედი, რომელმაც სწორედაც რომ ჩემ მომავალ თავზე უნდა მოისაქმოს, მდედრ მტრედთან სექსით არის დაკავებული და ამიტომ ამ ბოლო კადრში ვერ ხვდება...” ( ირაკლი ჩარკვიანი, 2006 წ. „მშვიდი ცურვა”, გვ 57)

ვერაფერს იტყვით - მისი წარმოსახვის უნარი და თვითირონია კულმინაციას აღწევს და, მიუხედავად ამისა, საკუთარ ძეგლს ის მაინც ამ ქალაქის ლანდშაფტში ხედავს.
კიდევ ერთ ნაწყვეტს მოვიყვან მისი ავტორომანიდან ”მშვიდი ცურვა”:

„...ვიცი რა, ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბევრი დეგენერატი გამოიდებს თავს და იტყვის, რომ სხვებზე უკეთ მიცნობდა, რომ მხოლოდ მან და რამდენიმე მისდაგვარმა არსებამ შეიცნეს, თუ როგორი იყო მეფე ირაკლი. ათასგვარ სისულელეს მოჩმახავენ და ეს მონაჩმახები ვიღაც მშვენიერ კეკელმაროებს შეიძლება აყიდინონ კიდეც, მე კი ეს სიკვდილის მერე არ მესიამოვნება, რადგან ზოგიერთისგან განსხვავებით, ლოგიკურია, რომ ჩემი ცხოვრება დისკუსიების სახით სიკვდილის მერე მაინც გაგრძელდეს და ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი, არ დავძაბო საზოგადოება და ავარიდო უზუსტო ინფორმაცია საკუთარი პერსონის შესახებ”.

„მისი ცხოვრება დისკუსიების სახით” ამჯერად fb-ზე გრძელდება — ბიუსტი სჯობს თუ „ობიექტი კონტექსტში”? ზოგს „სიტყვა მოქანდაკე ეხამუშება”, ზოგს ეშინია ნეკროფილიით არ დავაავადდეთ. და ძალიანაც კარგია, რომ ვფრთხილობთ... მაგრამ მაინც, შეუცნობლად, ალბათ ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ რომ ირაკლი ჩარკვიანს კი არ სჭირდება თავისი ძეგლი, არამედ გაუცხოებულ ქალაქს, რომელიც თბილისს უფრო ჩვენად გახდის.
მე არ ვიცი რა დაიდგმება პატარა სკვერში — ინსტალაცია, „ბრინჯაოსთავიანი ბიუსტი, რომლის თავზეც მტრედები მოისაქმებენ”, თუ „ქაღალდის ნავი”, მაგრამ უკვე ვხედავ გრაფიტით აჭრელებულ პედესტალზე ჩამომსხდარ „თინეიჯერებს”, ქუჩის მუსიკოსებს და მტრედებსაც — ერთი სიტყვით, ბუნებრივად ცოცხალი და მშობლიური სივრცის შექმნის პრეცედენტს; და ეს ქალაქი აღარ იქნება ჩვენთვის უცხო.

P.S. სხვათა შორის, ქაღალდის ნავისა და ზღვის გადაცურვის ისტორიის შესახებ ირაკლი თავის ავტორომანში წერს:
„- აქედან უნდა დავითესოთ.
- რით დაითესები, გეგაგჯან?
- რომ გადავცურო?
იმ თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით სამი მეოცნებე, ოცი წლის მეგობარი (მე, ირაკლი კოსტავა და გეგა კობახიძე) და ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე, ანუ მე ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი...
იმ საღამოს, როცა სანაპიროზე ვიწექით და ზღვის გადაცურვაზე ვლაპარაკობდთ, ალბათ ყველა მიხვდებით, რომელი სიმღერის მოტივი იშვა ზღვის ტალღებიდან...” (ირაკლი ჩარკვიანი, „მშვიდი ცურვა”)
აქედან დასკვნა თქვენთვის მომინდვია. მე კი „ქაღალდის ნავის” იდეას — ანუ საზღვრების გადალახვის და თავისუფლების იდეას მივესალმები და სიამოვნებით „დავულაიქებ” fb-ზე.

კომენტარები