მცენარე და ადამიანი

როდესაც სახლისთვის დეკორატიული მცენარის ყიდვას გადაწყვეტ, პირველ რიგში, მას ვიზუალურად აფასებ. ირჩევ ყვავილოვან ან ფოთლოვან მცენარეს სიმაღლისა და მოცულობის მიხედვით. თუ წინასწარ არ იცი, რომელ ოთახში დადგამ, უყურებ სასურველ მცენარეს და ცდილობ, წარმოსახვით მიუჩინო ადგილი. თუ სად განთავსდება ლამაზ ქოთანში ჩარგული მცენარე, დამოკიდებულია ოთახის კედლების ფერსა და ინტერიერზე. მცენარისა და მისთვის განკუთვნილი ადგილის სრული შესაბამისობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი სიცოცხლე სახლში იდილიას შემოიტანს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა მცენარე ოჯახში შემოსვლისთანავე აკონტროლებს აურას. მცენარეები გავლენას ახდენენ ოჯახის წევრთა ხასიათზე, მათ ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. არ გჯერათ?
ალოკაზია - ამ მცენარეს უცნაური თვისება აქვს: გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს” - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, რის გამოც „მტირალას” ეძახიან. ლათინოამერიკული წარმოშობის „მტირალას” უმეტესწილად ქალაქში, სამთავრობო დაწესებულებებში წააწყდებით, რადგან ეს მცენარე ადამიანის ფსიქიკას აწონასწორებს და დაძაბულობას ხსნის. თუ ერთ ოთახში ალოკაზიის რამდენიმე ქოთანს დადგამთ, ეს ბიოველის უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. ალოკაზია ცნობილია, როგორც ნერვული სისტემისა და ძილის მარეგულირებელი მცენარე.
კაქტუსის ფორმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის თვისებებსა და დანიშნულებაზე. ეს მცენარე განსაკუთრებით ესაჭიროება ოჯახებს, რომლის წევრებიც ფეთქებადი ხასიათით ან, პირიქით, ზედმეტი უემოციობით გამოირჩევიან. მაღალი კოლონისებრი კაქტუსები უარყოფით ენერგიას გარეგნულად მშვიდი და აუღელვებელი ადამიანებისგან იღებენ; მრგვალი ფორმის კაქტუსები ბიოველს მსუნაგი ადამიანებისგან იცავენ. ამიტომ ასეთი ტიპის კაქტუსი ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის რეკომენდებული; თითისებრი კაქტუსები გარშემომყოფთ ადამიანის უხეშობისგან იცავს. მხოლოდ „უნივერსალურს” შეუძლია სამმაგი ეფექტის მოხდენა. ასეთი ტიპის კაქტუსს ოვალური ფორმა აქვს. მაგალითად, მექსიკის სოფლებში კაქტუსს მოტეხილობის დროს იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული წამალი შეხორცების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სხვათა შორის, „ლოფოფორა უილიამსად” წოდებული კაქტუსის სახეობა იწვევს მხედველობით და სმენით ჰალუცინაციას, რომელსაც აცტეკებისა და მაიას ტომები იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალის დროს, მათ შორის, მსხვერპლშეწირვისას, რის გამოც კაქტუსის ამ სახეობით ვაჭრობა და მისი გამრავლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეულ პერიოდში კანონითაც კი ისჯებოდა.
ალოეს, როგორც სამკურნალო მცენარეს, ეგვიპტურ მედიცინაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ არაბებმაც შეიტყვეს და ალოეს ევროპაში სახელი გაუთქვეს. დღეს ალოეს მთელ მსოფლიოში იყენებენ. მისგან ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოიყენება თერაპიაში, სტომატოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში. ალოე კარგია ოჯახებში, რომლის წევრები ხშირად ავადმყოფობენ; განსაკუთრებით იქ, სადაც ავადმყოფებს წოლითი რეჟიმი აქვთ; დადებითად მოქმედებს ჯანმრთელ, მაგრამ სუსტი ბიოველის მქონე ადამიანებზე. ეს დეკორატიული მცენარე იმუნიტეტს აძლიერებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კარგია გაციების დროს და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე და გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. სტომატიტისგან განკურნებისთვის ალოეს ფოთოლი უნდა დაღეჭოთ ან ალოეს წვენი გამოიყენოთ სავლებად. თმის ძირების გასამაგრებლად კი 100 მლ ალოეს წვენი 0.5 ლ მშრალ ღვინოს უნდა შეურიოთ, 2-3 დღეს დააყენოთ და პერიოდულად შეანჯღრიოთ. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია თმის ცვენის საწყის ეტაპზე.
ფიკუსი - მეოცე საუკუნეში თავისი სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეკორატიული მცენარე იყო. დღეს მას სახლებში ნაკლებად შეხვდებით. ფიკუსის წვენი გამოიყენება რადიკულიტის სამკურნალოდ, ამსუბუქებს ნევრალგიას. ფიკუსისა და კომბოსტოს ფოთლები კარგია გაციების დროს. ფიკუსის გარემოში ადამიანების ენთუზიაზმის დონე იზრდება. სახლში, სადაც ფიკუსია, ოჯახის წევრები და სტუმრებიც თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ თავს. ფიკუსი ადამიანებს კონცენტრაციასა და დროის რაციონალურად განაწილებაში ეხმარება. ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ მცენარესთან ერთად თანაარსებობა კარგია მისთვის, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს. თუ სახლში ფიკუსი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ კანისა და ძვლის ნებისმიერი დაავადება ან მოტეხილობა სწრაფად შეგიხორცდებათ. ფიკუსს მატონიზირებელი ზემოქმედება აქვს და ებრძვის შეშუპებასა და ტკივილს. ფიკუსის წვენით მრავალ დაავადებას მკურნალობენ. მას ხველისგან განკურნებაც შეუძლია. თუ ფიკუსის ფოთლებს სამი წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში მოხარშავთ, შემდეგ დარბილებულ ფოთოლს თაფლს წაუსვამთ და კომპრესს გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოებში დილამდე დაიფენთ, შედეგიარ დააყოვნებს. ასე მომზადებული ფიკუსის ფოთლების კომპრესი კომბოსტოს ფურცლებზე ეფექტურია. იმის გამო, რომ ფიკუსი შეშუპებას კარგად ებრძვის, ის მასტოპათიების სამკურნალოდ გამოიყენება. მაგრამ თუ ხშირად გაქვთ სტომატოლოგიური პრობლემები და წამლების უაზრო ყლაპვაც მოგბეზრდათ, მაშინ ფიკუსი თქვენთვის აუცილებელიცაა. ამ დეკორატიულ მცენარეს ხომ ყველაზე ძლიერი კბილის ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ამისთვის საჭიროა, 10 გრ ახალგამოწურულ ფიკუსის წვენს შეურიოთ 50მლ 70%-იანი სპირტი, ორი დღე-ღამის განმავლობაში მაცივარში შეინახოთ და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ხსნარი პიპეტით ჩაიწვეთოთ.
 

კომენტარები