აშშ-ირანის ომი

აშშ-მ რუსულ VTB Bank-ს ირანულ ბანკებთან კავშირების გამო ახალი სანქციები დაუწესა

Andrey Rudakov/Bloomberg

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსულ VTB Bank-ს ირანის ფინანსურ სექტორში საქმიანობისა და თეირანისთვის ამერიკული სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო ახალი სანქციები დაუწესა.

ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ VTB Bank-მა სანქცირებულ ირანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან საკორესპონდენტო ურთიერთობები დაამყარა.

ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია "ოპერაცია ეკონომიკურად გარიყულის" ფარგლებში მიიღო.

ვაშინგტონის ცნობით, VTB Bank-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანში ოფისები გახსნა და ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობა გააფართოვა, 2025 წლის იანვრიდან კი თეირანში საკუთარი წარმომადგენლობის გაძლიერება დაიწყო.

ამასთანავე, ბანკმა მილიარდობით მოცულობის გაყინული ირანული აქტივების გადასატანად ნაბიჯები გადადგა და საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით ირანულ რიალსა და რუსულ რუბლში ანგარიშსწორების სისტემა შექმნა. აშშ-ს ცნობით, ამის მიზანი რუსეთსა და ირანს შორის ვაჭრობის გაზრდა იყო.

VTB Bank-ს შეზღუდვები აღმასრულებელი ბრძანება 13902-ის საფუძველზე, ირანის ეკონომიკის ფინანსურ სექტორში საქმიანობისთვის დაუწესდა. ბანკი მანამდეც იყო სანქცირებული: 2022 წელს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირისა და ქვეყნის ფინანსურ სექტორში საქმიანობისთვის, ხოლო 2025 წელს – რუსეთის ეკონომიკის ფინანსური მომსახურების სექტორში მუშაობისთვის.

ახალი გადაწყვეტილება VTB Bank-თან მომუშავე უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის მეორადი სანქციების საფრთხეს ზრდის. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ მათ ბანკთან ურთიერთობების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, "ოპერაცია ეკონომიკურად გარიყული" აშშ-მ 24 აგვისტოს ირანის შემოსავლების, სანქციებისთვის გვერდის ავლის ქსელებისა და მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსების შესაზღუდად წამოიწყო.

კომენტარები

✕
✕