ქართული ოცნება საკონსტიტიციოსგან გახარიას პარტიის აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
"ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, ყველამ კარგად იცის, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი, რიგი ე.წ პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება გახარია-საქართველოსთვის პარტია.
შეიძლება, გაჩნდეს კითხვები, რატომ მაშინ არა... პასუხი არის ძალიან მარტივი - ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მივეცით შანსი, რომ ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში.
მაგრამ ნახეთ რა, პირველი და ყველაზე მთავარი - უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში და ამის ირგვლივ უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ კომენტარებში თუ მათ ქმედებებში.
არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, ისინი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს მნიშვნრელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ის აგენტურული ქსელი ემსახურება, ეს ჩვენთვის ტოლფასია ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის.
ამ სარჩელის პირობებშიც ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე, ეს იქნება პარლამენტში თუ საკრებულოებში, ასე რომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, აქვე დავძენ, რომ სარჩელი არის შედგენილი ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით და ძალიან პროფესიონალურად" - ამბობს კირცხალია.
ეს, როგორც წინა შემთხვევაში, პროცედურულად ახალი სარჩელი იქნება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვის 9-თვიანი ვადის ათვლაც შეტანის დღიდან, ხელახლა დაიწყება. ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ სპეკულაციაა "ვადის გაწელვაზე" საუბარი.
"თუ ვინმეს უნდა, ვადით ითამაშოს და ვადის გაწელვაზეა საუბარი, ძალიან მარტივად, წინა შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც, ლოგიკურია ხო, მივიყვანდით ბოლო ვადამდე, ბოლო თვემდე, ბოლო კვირამდე და შემდეგ გამოვაცხადებდით ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს განვაცხადეთ. ამიტომ ეს არის მხოლოდ სპეკულაცია და ყოველგვარ ლოგიკას აცდენილია. მაგრამ ვინც ასეთი სპეკულაციებით და ასეთი შეთქმულების თეორიების თხზვით არის დაკავებული, ლოგიკასთან არ მგონია, დიდი მეგობრობა აკავშირებდეს" - ამბობს კირცხალია.
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
მაშინ პაპუაშვილმა მხოლოდ სამი პარტია დაასახელა - ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და განმარტა, რომ მათთან დაკავშირებული "ერთკაციანი და მცირე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, შესაძლოა დადგეს თუ ისინი "პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ"
2026 წლის 20 აპრილს ასევე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ.





