ფსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსული ოპოზიციური პარტია Яблоко-ს ("ვაშლი") თავმჯდომარის მოადგილესა და ომის მოწინააღმდეგე ცნობილ პოლიტიკოსს, ლევ შლოსბერგს, კოლონიაში 11 წელი და 1 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ 63 წლის პოლიტიკოსი დამნაშავედ რუსეთის არმიის განმეორებით "დისკრედიტაციასა" და მის შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში" ცნო.
ბრალდების მხარე შლოსბერგისთვის 12 წლითა და 1 თვით პატიმრობას ითხოვდა. პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს, ხოლო Яблоко-ს ცნობით, დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს.
არმიის "დისკრედიტაციის" საქმე სოციალურ ქსელ Одноклассники-ში გამოქვეყნებულ დებატების ვიდეოს უკავშირდებოდა, რომელშიც შლოსბერგი უკრაინაში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის პოზიციას იცავდა. პოლიტიკოსის თქმით, ბრალდებაში შეტანილი სადავო განცხადებები სინამდვილეში მის ოპონენტს ეკუთვნოდა და თავად მათ ეწინააღმდეგებოდა.
"სამხედრო ფეიკების" ბრალდება კი 2022 წლის 25 თებერვალს Эхо Москвы-ს პუბლიკაციის ხელახლა გაზიარებას ემყარებოდა. აღნიშნულ პოსტში გამოქვეყნებული იყო ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის პირველი გვერდი, რომელზეც სისხლიანი ქალი და ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული. შლოსბერგი აღნიშნავდა, რომ პოსტი შესაბამისი კანონის მიღებამდე გააზიარა – პუტინმა ე.წ. სამხედრო ფეიკების შესახებ კანონს ხელი თითქმის ერთი კვირის შემდეგ, 2022 წლის 4 მარტს, მოაწერა.
დასკვნით სიტყვაში შლოსბერგმა სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და კვლავ მოითხოვა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგის დაწყება. მისი თქმით, სასამართლოს მიზანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ადამიანის დასჯა იყო. გამოსვლისას მოსამართლემ მას სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინა.
ამას გარდა, განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა Яблоко-ს საჩივარი და ძალაში დატოვა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, რის შედეგადაც ოპოზიციური პარტია სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ Яблоко-ს საარჩევნო რეგისტრაცია პროკრემლისტური ნაციონალისტური პარტია "როდინას" სარჩელის საფუძველზე გააუქმა. სარჩელში, სხვა პრეტენზიებთან ერთად, საუბარი იყო ე.წ. საერთაშორისო LGBT მოძრაობის მხარდაჭერასა და საავტორო უფლებების დარღვევაზე. თუმცა, სასამართლომ LGBT მოძრაობასთან დაკავშირებული პრეტენზია არ განიხილა და რეგისტრაციის გაუქმებისას სხვა სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევასა და კამპანიის უდეკლარაციო მხარდაჭერას დაეყრდნო. თავის მხრივ, Яблоко-მ ბრალდებები უარყო.
აღსანიშნავია, რომ Яблоко რუსეთში რეგისტრირებული ერთადერთი პარტიაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ეწინააღმდეგება და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. 18–20 სექტემბრის არჩევნებში მონაწილე დანარჩენი ათივე პარტია ომს უჭერს მხარს.





