17 აგვისტოს ირანული რეჟიმის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტესა და მის მიღმა დაძაბულობის ესკალაციაზე გადავა და თავდასხმას წამოიწყებს, თუ აშშ მომდევნო კვირების განმავლობაში თეირანთან დადებული დროებითი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს.
მაღალჩინოსნის თქმით, თუ ვაშინგტონი ვადაში ვერ ჩაეტევა და დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი იქნება, ირანი "დროულ და ზუსტ" სამხედრო თავდასხმას წამოიწყებს აშშ-ს მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გასარღვევად.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გასაახლებლად დიპლომატიური ძალისხმევა ჩიხში შევიდა.
ამ ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეს მანამ არ გახსნის, სანამ აშშ შეთანხმების დანერგავს არ დაუბრუნდება, ხოლო აშშ-ს ფინანსთა მინისტრი გასულ კვირას ირანს უპრეცედენტო ეკონომიკური იზოლაციით დაემუქრა.
Reuters-თან საუბრისას ირანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ აშშ-სთან დიპლომატიის მიზანშეწონილობის ეჭვქვეშ დაყენების პარალელურად თეირანი თავდაცვის პოზიციიდან თავდასხმაზე გადადის.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკა ირანს ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერად დაარტყამს და მოგვიანებით ისიც დაამატა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ის ჰორმუზის სრუტეს "აშშ-ს ტერიტორიად" გამოაცხადებს.
17 აგვისტოს კი პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს "დანებების თეთრი დროშის აღმართვისკენ" მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადის მეშვეობით ირანული რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას განაგრძობს.





