ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას!

ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
ფოტო: ქართული ოცნება

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან Facebook-ზე პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და "სხვა გზა არ დაუტოვეს", რომ წინ არ აღუდგეს "ღირსების შემლახავ ბოროტებას".

"ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!" - წერს ღარიბაშვილი პოსტში.



აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ: "დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა "მხარდამჭერებმა" და სოციალურ ქსელში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგი იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:

1. ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.

2.(მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდა ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავს და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ "გადაგდებას გადაწყვეტ", კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო".


ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურამ 12 იანვარს დააკავა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 5 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს

მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა "დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული" და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. 

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმებოდა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

ვრცლად ღარიბაშვილის საქმის შესახებ:

კომენტარები