ნარკოდანაშაული

ამოღებულია 3000-მდე აბი ნარკოტიკული საშუალება – შსს-მ 9 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "ჰეროინი“, "კოკაინი“, "ალფა პვპ“, "მეტადონი“, "ტრამადოლი“, "პრეგაბალინი“, "ლირიკა“ და "ბუპრენორფინის“ შემცველი "სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული ი.ი. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ა.ვ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული მ.ც. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ჭ., 1989 წელს დაბადებული გ.ლ., 1967 წელს დაბადებული დ.ს., 1974 წელს დაბადებული მ.ფ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით, 261-ე და 18, 261-ე მუხლის მეშვიდე, მერვე ნაწილებით, ხოლო 2 პირს 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. ხოლო ნაწილის მიმართ, სადაც არ დგინდებოდა გასაღების მიზანი, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, რაც უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა საპატიმრო გირაო სხვადასხვა თანხის ოდენობით". - წერს უწყება.

კომენტარები