ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმა, კან კვარჩიამ და ლევან მიქაამ მედიასთან რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
"გამოდის, რომ იყო პატრიოტი, გიყვარდეს შენი ერი და იცავდე მის ინტერესს ინტერპრეტირებულია როგორც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ძალიან მწყდება გული, რომ სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია აქვს რუსეთში ზოგიერთ მაღალჩინოსანს." - თქვა კვარჩიამ.
კვარჩიას თქმით, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მათთვის იზოლაციის ტოლფასია, რაც ცუდი ფაქტია და შესაძლოა "შედეგები" მოჰყვეს.
"უნდათ გაგვტეხონ, უნდათ გვაიძულონ... და თუ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს სწორია, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მტრები ვართ. ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით, გვიკრძალავენ შესვლას ქვეყანაში, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთს ერთადერთი დამაკავშირებელი აქვს მთელ მსოფლიოსთან. ანუ იზოლირებას ახდენენ. ეს არც თუ ისე კარგი ფაქტია და შესაძლოა შედეგები მოჰყვეს." – თქვა კვარჩიამ.
კვარჩიამ და მიქაამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურები დუმან. მათივე თქმით, ეს ყველაფერი "გაგდებული ექსპრეზიდენტი" ასლან ბჟანიას პოლიტიკის შედეგია. მათი თქმით, ბჟანია რუსეთის თემას "საშინაო საკითხების გადასაჭრელად" იყენებდა.
კვარჩია და მიქაა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს სთხოვენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხმამაღლა ისაუბრონ.
აფხაზეთის ომის ვეტერანები, კან კვარჩია და ლევან მიქაა ასლან ბჟანიას ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ.
24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან მიქაასა და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიზეზად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები" დაასახელეს.
მიქაა და კვარჩია ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, რომელთა შედეგადაც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა და დე ფაქტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
გასული წლის მარტში რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის სამ ე.წ. დეპუტატსაც.