პოლონეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი მმართველი პარტია, ამჟამად კი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია კანონი და სამართალი (PiS) კამპანიისთვის ფულის ბოროტად გამოყენების გამო სახელმწიფო დაფინანსებას დაკარგავს.
საარჩევნო კომისიის თქმით, 2023 წლის საარჩევნო კამპანიაზე PiS-მა უკანონოდ დახარჯა 3.6 მილიონი ზლოტი (930 738 დოლარი). სასჯელის სახით, კომისიის გადაწყვეტილებით, პარტია დაკარგავს 2023 წლის არჩევნებში მიღებული შედეგების საფუძველზე გათვალისწინებული დაფინანსების ნაწილს, 10 მილიონ ზლოტს (2.59 მილიონი დოლარი).
ამასთან, მიმდინარე საპარლამენტო ვადის დასრულებამდე, 2027 წლამდე, PiS-ი ყოველწლიურ 10 მილიონი ზლოტით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს. კომისიამ აღნიშნა, რომ არსებობს პარტიისთვის ყოველწლიური დაფინანსების სრულად შეწყვეტის საფრთხეც.
"როცა საქმე ეხება საარჩევნო კამპანიებში საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენებას, მე მჯერა, ეს იქნება სიგნალი ყველასთვის, რომ ორჯერ უნდა დაფიქრდეთ ღირს თუ არა ამის გაკეთება". - უთხრა ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა სილვესტერ მარჩინიაკმა.
PiS-მა კომისიის გადაწყვეტილება დაგმო და ის შეაფასა მცდელობად, რომ მათი პარტიის წარმატების შანსები 2025 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელოვნურად შეამცირონ. კანონი და სამართალი აქამდეც აღნიშნავდა, რომ მათთვის დაფინანსების ნებისმიერი მოცულობით შემცირება დემოკრატიაზე თავდასხმა იქნებოდა.
"ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომლის მიზანიც არის რევანში და ოპოზიციის მარგინალიზაცია". - დაწერა ყოფილმა პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ X-ზე.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%, ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.
პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.
პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას კანონი და სამართლიანობა სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არ ეყო.
იქიდან გამომდინარე, რომ კაჩინსკის პარტიამ ფორმალურად არჩევნებში გაიმარჯვა, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მიეცა, თუმცა კანონმა და სამართლიანობამ საკუთარ მხარეს ვერც ერთი პოლიტიკური ოპონენტის გადმობირება ვერ შეძლო.