ირანის თავდასხმა ისრაელზე

მაკრონი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს

REUTERS/Gonzalo Fuentes/Pool/File Photo

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.

ამასთან, მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, რომ სიტუაციის ესკალაციის ნაცვლად, ირანის იზოლაცია დაისახოს მიზნად.

"ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ". - თქვა ემანუელ მაკრონმა.


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები