რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Telegraph: რუსეთი უკრაინელ ჯარისკაცებზე იერიშებში არალეგალურ ქიმიურ იარაღს იყენებს

ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, რუსეთი მათ პოზიციებზე გაზის ყუმბარებს ყრის
Anadolu

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის გამოძიებით, რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მიტანილ იერიშებში სისტემატურად იყენებს არალეგალურ ქიმიურ იარაღს. ცრემლსადენი გაზის გამოყენება ქიმიური იარაღის კონვენციით 1997 წლიდან არის აკრძალული.

Telegraph-თან საუბრისას ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მათ პოზიციებს რუსეთი თითქმის ყოველ დღე პატარა ზომის დრონებით ესხმის თავს, საიდანაც ძირითადად ცრემლსადენ გაზს და სხვა ტიპის ქიმიურ საბრძოლო მასალებს აგდებენ.

ფრონტის ხაზთან მდებარე ჩასივ-იარის ქალაქში გაგზავნილი სადაზვერვო ჯგუფის მეთაურმა, იგორმა გამოცემასთან განაცხადა, რომ "ჩვენს მიმდებარედ თითქმის ყველა ფრონტის ნაწილში ყოველ დღე ერთი ან ორი გაზის ყუმბარა ვარდებოდა".

მისი თქმით, "ვინაიდან უკრაინელი ჯარისკაცები მჭიდროდ არიან გამაგრებული, რუსეთისთვის სტანდარტული არტილერიით ან დრონებიდან ნასროლი რაკეტებით იერიშის მიტანა რთულია".

"მათთვის წარმატებული თავდასხმის ერთადერთი გზა გაზის გამოყენებაა". - ამბობს იგი.

მსგავსი ცნობები ვრცელდება ფრონტის სხვა ნაწილებიდანაც. დონეცკის ოლქში განლაგებული დანაყოფის უფროსი ლეიტენანტის თქმით, ზოგიერთ უკრაინულ დანაყოფზე გაზით იერიში "თითქმის ყოველ" დღე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა გამოცემა Telegraph-ს გადამოწმების მიზნით ამერიკელმა სამხედრო ექიმმა, რებეკა მაკიოროვსკიმ გადასცა, რომელიც ამჟამად უკრაინის ჯარში მსახურობს.

მისი თქმით, მას დონეცკის ოლქში განლაგებულ სამ ბრიგადაში, ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგ, ხშირად იძახებენ სამედიცინო დახმარებისთვის, რასაც, მისი აღწერით, "სისტემატური" ხასიათი აქვს.

K-51-ის ტიპის ცრემლსადენი გაზის ყუმბარა, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველიდან მოიპოვეს და ქიმიური იარაღების ექსპერტმა გადაამოწმა

ქიმიური იარაღების ექსპერტისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, მარკ-მიშელ ბლუმის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ მოპოვებული საბრძოლო მასალა K-51-ის ტიპის გაზის ყუმბარა იყო, რომელიც, როგორც წესი, ცრემლსადენ გაზს შეიცავს.

ამასთანავე, ვრცელდება ცნობები რუსეთის მიერ სხვა სახის ქიმიური გაზის გამოყენების შესახებაც, თუმცა მათი გადამოწმება გამოცემა Telegraph-მა ვერ შეძლო.

მაკიოროვსკიმ განაცხადა, რომ წინა წელს შეესწრო შემთხვევას, რომელიც, მისი აზრით, ციანიდ–წყალბადის მჟავამ გამოიწვია, რომელიც ქიმიურ იარაღად პირველ მსოფლიო ომში გამოიყენებოდა.

მისი თქმით, რუსულმა დრონმა ორი უცნობი შემცველობის საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, რომელსაც, ჯარისკაცების თქმით, "ნუშის სუნი" ჰქონდა. ამ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო Le Monde-თან გაკეთებულ ინტერვიუში უკრაინის მთავარო პროკურატურის გამოძიების განყოფილების უფროსმა, იურიი ბელუსოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი "უცნობმა გაზმა" იმსხვერპლა.

ამას გარდა, არსებობს ცნობები რუსების მიერ ქლორისა და ქლორპიკრინის გამოყენების შესახებ, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღად გერმიანია იყენებდა.

ოფიციალურად უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსულმა ძალებმა გაზით 626 თავდასხმა განახორციელეს, თუმცა მაკიოროვსკი მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი სინამდვილეში ბევრად უფრო დიდია.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ დეკემბრის თვეში გაკეთებულ Telegram პოსტში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, K-51-ი ტიპის გაზის ყუმბარებს უკრაინელების პოზიციებზე აგდებენ.

"მადლობა რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარისკაცებს... შეიარაღების დროული მოწოდებისთვის". - წერდა რუსული მხარე ვიდეოს აღწერაში, საიდანაც ჩანდა, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ღიად მიანიშნებდა.

ამ შემთხვევის მსგავსად, 2023 წლის მაისში რუსეთის სამთავრობო მედიაში გაშვებული ერთ-ერთი სიუჟეტი ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხს ეხებოდა, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ამბობდა, რომ "მტერმა [უკრაინამ] გადაწყვიტა, რომ გაზის ნიღაბი უშველის. გაზის ნიღბები ვერ დაგეხმარებათ".

კომენტარები