რუსული კანონი

სტანო: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტი

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. 

"ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ საქართველომ უნდა გადადგას ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისი ნაბიჯები. მეცხრე რეკომენდაცია მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს უფრო თავისუფლად. ასევე, პირველი რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, იბრძოლოს ევროკავშირის და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ" - წერია პიტერ სტანოს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება სერიოზულ საფრთხეებს და ეჭვებს აჩენს. ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში წუხს, რომ სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციების მიუხედავად, აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტში ისევ ინიცირებულია.


არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები