რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი Taurus-ზე: არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება მოსკოვამდეც მიაღწიოს

Taurus-ის რაკეტით შეიარაღებული გერმანული Tornado
Bundeswehr/Adolfs

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაასახელა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბერლინი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს. 

"იარაღზე, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და თუ არასწორად იქნება გამოყენებული, მოსკოვში კონკრეტულ სამიზნეებსაც მიწვდება, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა." – თქვა გერმანიის კანცლერმა დრეზდენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. 

შოლცის თქმით, გერმანიამ უნდა იცოდეს, რა სამიზნეებზე მიიტანენ დარტყმებს ამ რაკეტებით.

"სწორედ ამიტომ, დიპლომატიური აბსტრაქტულობით ვიტყვი, სხვებიც დარწმუნდნენ, რომ ეცოდინებოდათ, თუ ზუსტად სად აღმოჩნდებოდა [გადაცემული რაკეტები]." – თქვა შოლცმა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გადაცემაზე.

ამას გარდა, კანცლერი შეხვედრაზე კვლავ ირწმუნებოდა, რომ თუ გერმანია უკრაინას Taurus-ებს გადასცემს, ბერლინს მათ გამოყენებაში ჩართულობა მოუწევს, რაც მისი აზრით "შეუძლებელია".

გასულ დღეებში შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა. მისი თქმით, ბერლინი უკრაინელებს ვერ დაეხმარება რაკეტების კონტროლში, როგორც ამას, მისი მტკიცებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აკეთებს. ამ სიტყვებს ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.

კომენტარები