რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლელ ჯარისკაცებს უკრაინაში შესაძლოა არასაბრძოლო როლი ჰქონდეთ – სეჟურნე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე
Blondet Eliot/ABACA

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ დღეს, 27 თებერვალს, უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადების განმარტება სცადა. მისი თქმით, დასავლელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა უკრაინელებს რუსეთთან ომში პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის გარეშე გაუწიონ დახმარება.

"ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალი ქმედებები უნდა განვიხილოთ, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხებს, კერძოდ, მე ვგულისხმობ ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე, შეიარაღების წარმოებას". - თქვა სტეფან სეჟურნემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სეჟურნეს განმარტებით, აღნიშნული ქმედებებისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს "უკრაინის ტერიტორიაზე [ჯარი] იმყოფებოდეს, თუმცა, ბრძოლის ზღვრის გადალახვის გარეშე. გამორიცხული არაფერი უნდა იყოს. ასეთი იყო და კვლავ არის [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია".

27 თებერვალს კიევის მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა, რა პოზიციაც მოგვიანებით საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმაც გაიზიარა.

"დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ... არაფერია გამორიცხული." - თქვა მაკრონმა.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს." - დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას "ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ, რის შესახებაც ცნობა პირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ გაავრცელა.

მაკრონის განცხადებას მალევე კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევაში NATO-სთან ომის დაწყება გარდაუვალი იქნება.

"ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ რიგში კი მოქალაქეების ინტერესებს." – თქვა პესკოვმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, თუმცა, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კომენტარები