რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში 12 ბაზას ინახავს – New York Times

ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რიგით მე-10 ვიზიტი გამართა

ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და უკრაინის ათწლიან თანამშრომლობაზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში CIA-ს გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აშშ-სთვის რუსეთზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში უკრაინის ძირითად როლზეა საუბარი. 

The New York Times-ის მიერ უკრაინისა და CIA-ს ურთიერთობის შესახებ მოპოვებული დეტალები ათწლეულის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. მოპოვებული ცნობები მოიცავს 200-ზე მეტ ინტერვიუს, რომელშიც მიმდინარე და ყოფილი აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის მაღალჩინოსნები უკრაინისა და CIA-ს პარტნიორობაზე საუბრობენ. ისინი იხსენებენ, თუ როგორი ორმხრივი უნდობლობა არსებობდა მათ შორის და აღწერენ, თუ როგორ გადაიზარდა მყიფე ურთიერთობა ორივე მხარისთვის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ დაზვერვით თანამშრომლობაში. გამოცემასთან მაღალჩინოსნების უმეტესობამ ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს და მგრძნობიარე დიპლომატიური და დაზვერვის საკითხები განიხილეს.

სტატიაში საუბარია მიწისქვეშა ბუნკერზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში აშენდა, მას შემდეგ, რაც მის ადგილზე არსებული სამეთაურო ცენტრი დაინგრა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ბაზა თითქმის მთლიანად არის CIA-ის მიერ დაფინანსებული და ნაწილობრივ აღჭურვილი. 

ათი წლის წინ უკრაინასა და CIA-ს შორის თანამშრომლობის დაწყებამ უკრაინის დაზვერვა რუსეთის მიერ კომპრომეტირებული სამსახურიდან დაზვერვის სფეროში აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია. სტატიაში ნახსენები პუნქტი უკრაინაში CIA-ს სადაზვერვო ბაზების ქსელის ნაწილია, რომელიც რუსეთის საზღვრის მიმდებარედ 12 საიდუმლო ლოკაციას მოიცავს. 

New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ნდობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინა ამერიკას 2014 წელს ჩამოვარდნილი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავთან MH17 დაკავშირებით რუსების ჩართულობაზე ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა. ამას გარდა, უკრაინელები აშშ-ს დაეხმარა, ის რუსი აგენტები გამოეაშკარავებინა, რომლებიც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ.

სტატიაში ასევე საუბარია ელიტურ უკრაინულ ქვედანაყოფზე, ცნობილი როგორც დანაყოფი 2245, რომელთა გაწვრთნაც CIA-მ 2016 წელს დაიწყო. დანაყოფმა მოახერხა და ხელთ რუსული დრონები და საკომუნიკაციო საშუალებები ჩაიგდო, რათა CIA-ის მათი უკუინჟინერია და დაშიფვრის სისტემების გატეხვა მოეხერხებინა. სწორედ ამ დანაყოფის წევრი იყო კირილო ბუდანოვი, რომელიც ახლა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსია. ამასთანავე, CIA-მ მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ჯაშუშების ახალი თაობის გაწვრთნაში, რომლებიც რუსეთის შიგნით, ევროპასა და კუბაში მოქმედებენ.

New York Times-ის თქმით, ეს ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან აშშ-ს პერსონალის ევაკუაციის ბრძანება გასცა, CIA-ის ოფიცრები უკრაინაში დარჩნენ, ხოლო რუსეთის შეჭრის განმავლობაში ოფიცრები უკრაინულ მხარეს გადამწყვეტი მნიშვნელობის სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ, მათ შორის ინფორმაციას იმაზე, თუ სად აპირებდა რუსეთი იერიშის მიტანას და როგორი ტიპის სისტემებით.

CIA-ის სამომავლო მხარდაჭერაში უკრაინული მხარის დასარწმუნებლად სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი 22 თებერვალს საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, რაც ომის დაწყებიდან უკრაინაში მისი რიგით მე-10 ვიზიტია.

CIA-მ და უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) რუსული კომუნიკაციების ჩაჭრის მიზნით კიდევ ორი გასაიდუმლოებული ბაზები ააშენა, რაც 12 დანარჩენ ბაზასთან ერთად უკრაინის დაზვერვის მთავარ ქვაკუთხედს ქმნის.

კომენტარები