რეკლამა

(რ) როგორ შევქმნათ სამუშაო რუტინა, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება

დღევანდელ აჩქარებულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. გარშემო ყველაფერი სწრაფად ვითარდება და ჩვენც ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს, თუმცა მცდელობებს ხშირად ახლავს სტრესული მომენტებიც, განსაკუთრებით კი სამუშაო სივრცეში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ქაოსური ფიქრები და შფოთვა კი არა მხოლოდ ჩვენს პროდუქტიულობაზე, არამედ პირად კეთილდღეობაზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნაცნობია და გინდათ, რომ კარგად შემუშავებული სამუშაო რუტინა გქონდეთ, რომელიც სტრესისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ, ეს ბლოგი თქვენთვისაა.

დააწესეთ საზღვრები

სანამ უშუალოდ რუტინის ჩამოყალიბებაზე გადავალთ, აუცილებელია, რომ საზღვრების დაწესებაზე ვისაუბროთ. იმისათვის, რომ სამსახურში პროდუქტიულები ვიყოთ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს შესაბამის დროს ვუთმობდეთ. ამ მიზნის მისაღწევად კი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო საზღვრის გავლებაა საჭირო. წინასწარ გათვალეთ დრო, რაც მუშაობას უნდა დაუთმოთ და ეცადეთ, დათქმულ ვადაში შეასრულოთ ყველა დაკისრებული ვალდებულება. თავისუფალი დრო კი არა სამსახურს, არამედ პირად ინტერესებს დაუთმეთ. ასეთი სახის რადიკალური გადაწყვეტილებები სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რაც საბოლოოდ უფრო პროდუქტიულს გაგხდით.

შეიმუშავეთ სამუშაო გეგმა

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ დროის მენეჯმენტის საჭიროებაზე და ამ საკითხს ვერც ჩვენ ავუვლით გვერდს. დროის სწორად განაწილება ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანია, რათა დავალებებიც დროულად შესრულდეს და სტრესული სიტუაციებიც ავირიდოთ თავიდან.

გირჩევთ, რომ ყოველდღე შეადგინოთ მომდევნო დღის გეგმა. ჩამოწერეთ დავალებების სია და მიუთითეთ სავარაუდო დრო, რაც მათ შესასრულებლად გჭირდებათ. პრიორიტეტები მიანიჭეთ რთულად შესასრულებელ დავალებებს, რადგან გეცოდინებათ, რომ შრომატევადი საქმე უკან მოიტოვეთ და ამგვარად, სტრესსაც აირიდებთ თავიდან. თუ დროს სწორად გაანაწილებთ, თქვენს გონებაში ქაოსის ნაცვლად სიმშვიდე დაისადგურებს და ყოველი დღე უფრო პროდუქტიულად და უშფოთველად ჩაივლის.

დაისახეთ რეალისტური მიზნები

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შესასრულებელი დავალებების გეგმის შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ, რეალისტური მიზნების დასახვაა. უმჯობესია, რომ კონკრეტული დავალებისთვის იმაზე მეტი დრო გათვალოთ, ვიდრე გჭირდებათ და არა პირიქით, რადგან დავალების დროზე ადრე შესრულება კმაყოფილების შეგრძნებასა და თავდაჯერებულობას გაგიზრდით, ხოლო თუ დასახულ ვადაში ვერ ჩაეტევით, სტრესსა და დაძაბულობას გამოიწვევს. თქვენზე კარგად არავინ იცის, თუ რა დრო გჭირდებათ კონკრეტული დავალების შესასრულებლად, ამიტომ გირჩევთ, რომ დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად რეალისტური მიზნები დაისახოთ.

შეისვენეთ რეგულარულად

თქვენს სამუშაო რუტინაში რეალისტური მიზნების დასახვის გარდა, აუცილებელია, რომ ხანმოკლე შესვენებები შეიტანოთ. არაერთი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რეგულარულ შესვენებებს ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდა და სტრესის შემცირება შეუძლია. შესვენებების დროს შეგიძლიათ დატკბეთ სუფთა ჰაერით, გააკეთოთ სხეულის გაწელვითი ან სუნთქვითი ვარჯიშები,მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას ან უბრალოდ დალიოთ ყავა ან ჩაი და ახალი ენერგიითა და შემართებით შეუდგეთ შესასრულებელ საქმეს.

ხშირად გადახედეთ თქვენს რუტინას

მას შემდეგ, რაც თქვენს სამუშაო რუტინას შექმნით, აუცილებელია, რომ პერიოდულად გადახედოთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, შეცვალოთ "თამაშის წესები“. დააკვირდით, რა მუშაობს თქვენთვის ყველაზე კარგად და იყავით ღია ცვლილებებისთვის. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ სახლიდან მუშაობთ და ხვდებით, რომ თქვენი სამუშაო გარემოს ერთფეროვნება უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს პროდუქტიულობაზე, შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს რუტინაში და იმუშავეთ საერთო სამუშაო სივრციდან. ამგვარად, გარემოსაც შეიცვლით და შესაძლოა, ახალ კავშირებსაც ჩაუყაროთ საფუძველი. გახსოვდეთ, რომ რუტინის შექმნისას მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნეთ მიღწევები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებისა, გირჩევთ, რომ ხშირად აღნიშნოთ თქვენი მიღწევები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უმნიშვნელოდაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ისინი. თქვენი მიღწევების აღიარება გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას, მოგცემთ მოტივაციას და დაგარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ შედგენილი რუტინა ეფექტურად მუშაობს და იმ შედეგს გაძლევთ, რომლითაც ცხოვრების ხარისხს იუმჯობესებთ.

შეჯამება

ისეთი სამუშაო რუტინის შექმნა, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება, ორგანიზების, დროის მენეჯმენტის, მოქნილობისა და ადაპტაციის უნარებს მოითხოვს. ამ ყველაფრის გამომუშავებითა და თქვენზე მორგებული სტრატეგიის შემუშავებით კი შეგეძლებათ შექმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს პროდუქტიულობასა და სტრესისგან თავის დაღწევას. 

კომენტარები