რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას სწრაფად გამარჯვებაში უნდა დავეხმაროთ – რესპუბლიკელი კონგრესმენების გეგმა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი
Anna Rose Layden

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა უკრაინაში გამარჯვების გეგმა 2023 წლის 15 ნოემბერს წარადგინეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია ის საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს. ამისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენები სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რათა უკრაინამ მიმდინარე ომში გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი დამარცხდეს.

გამოქვეყნებულ გეგმას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი.

კომიტეტის თქმით, ჩინეთის, ირანის, ირანის მარიონეტებისა და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი ალიანსი რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ ეხმარებიან. შესაბამისად, უკრაინის ომი გამოცდა იქნება იმის, თუ რამდენად შეუძლია ამერიკასა და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს არაპროვოცირებულ აგრესიას წინ აღუდგეს.

სამი კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩავარდნებს უსვამს ხაზს. დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე ვერ შეძლო სათანადო შეკავების პოლიტიკის გატარება. ამასთანავე, ავღანეთიდან აშშ-ს დამამცირებელმა გამოსვლამ და თალიბანთან პოზიციების დათმობამ ამერიკის სისუსტის შთაბეჭდილება გააჩინა. ამან, თავის მხრივ, პუტინს შეუქმნა წარმოდგენა, რომ უკრაინის აღებას დასავლეთისგან არსებითი წინააღმდეგობის გარეშე შეძლებდა და ექვსი თვის შემდეგ უკრაინაში შეჭრით ზუსტად ეს სცადა. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების თქმით, ბაიდენის გეგმა, უკრაინას დაეხმაროს "რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", წამგებიანი სტრატეგიაა. სანაცვლოდ, რესპუბლიკელებს სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გამარჯვებისთვის დამაჯერებელი გეგმა უნდა წარადგინოს და უკრაინას ისეთი შეიარაღება მიაწოდოს, რომელიც მას რაც შეიძლება სწრაფად მოგებაში დაეხმარება.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიარაღების მიწოდებაზე ბაიდენის ყოყმანმა უკრაინის გამარჯვების გადავადება გამოიწვია.

"უკრაინას ყველაზე შორი მანძილის ATACMS-ები, F-16-ები, საკმარისი რაოდენობის კასეტური ჭურვები, არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ჯავშანი სჭირდება, რათა ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალოს". - წერია დოკუმენტში.

რესპუბლიკელების თქმით, გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა სათანადო სისწრაფით უკრაინას (1) გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიარაღება მიეწოდოს, (2) პუტინის რეჟიმზე სანქციები გამკაცრდეს, და (3) გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს. ამ გეგმის ფარგლებში, ორპარტიული და ორპალატიანი კანონპროექტით, ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს $300 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უხელმძღვანელოს.

დოკუმენტში ავტორების თქმით, წარდგენილი სტრატეგია ბრძოლის ველზე წინ წაწევას უზრუნველყოფს, რაც პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს. ხოლო შენარჩუნებადი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინა მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციიდან გამართავს.

კომიტეტის გეგმაში ასევე ხაზგასმულია ის როლი, რომელსაც უკრაინის ომში რუსეთის დახმარების მხრივ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი თამაშობენ. "რუსული აგრესიის სასტიკი ომი ჩინეთმა მნიშვნელოვანი დიპლომატიური საფარით უზრუნველყო, რაც ომის გამართლების ყალბი ნარატივების გამეორებასაც მოიცავს". ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის შედეგებს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში აშშ-ს მოკავშირეებზეც ექნება გავლენა. ამიტომ, უკრაინისთვის აშშ-ს დახმარების შეჩერება ჩინეთის ლიდერს სი ძინფინგს ნიშანს მისცემს, რომ ამერიკის სიმტკიცის დანგრევა შეიძლება, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ტაივანში შეჭრისგან ჩინეთის შეკავების მხრივ. 

დოკუმენტში ასევე აღწერილია, რომ სამივე ქვეყანა, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებით ამარაგებს, ირანს ასობით დრონი აქვს მიწოდებული, ხოლო ჩინეთისგან რუსეთი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, როგორიცაა ჩიპები, იღებს. 

საგარეო საქმეთა კომიტეტის დოკუმენტის თქმით, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებისთვის უკრაინის დახმარების საკითხში გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას პრიორიტეტს კვლავ მიანიჭებენ.

გამოქვეყნებულ გეგმაში ასევე ასახულია უკრაინის დახმარებაში NATO-ს სახელმწიფოების წვლილიც. ავტორების მონაცემებით, მშპ-ს პროცენტული წილის მიხედვით, აშშ უკრაინისადმი მიწოდებული დახმარებით 30-ე ადგილზეა, რაშიც პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებს, გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიას ჩამორჩება. ხოლო უსაფრთხოების დახმარებით მე-14 ადგილს იკავებს. ამას გარდა, უსაფრთხოების მხრივ დახმარების გარდა, ევროპას უფრო მეტი აქვს გადაცემული უკრაინისთვის, ვიდრე აშშ-ს.

აშშ-ს ევროპული სარდლობის ცნობით, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას $35 მილიარდის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწიეს, რასაც აშშ-ს $43.9 მილიარდის ღირებულების დახმარება ემატება.

ევროპის არასამხედრო დახმარების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება აშშ-ს მიერ მიწოდებულ დახმარებას - $68.53 მილიარდი ევროპიდან, ხოლო $29.3 მილიარდი - აშშ-დან.

რაც შეეხება უკრაინის ბიუჯეტში პირდაპირ შესულ დახმარებას, აშშ-ს წილი ($22.9 მილიარდი) უკრაინაში შესული ამ სახის დახმარების მთლიანი რაოდენობის ($66.5 მილიარდი) მესამედს შეადგენს.

დოკუმენტში ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღების მხრივ ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზეც არის გამახვილებული ყურადღება. მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში 8 მილიონზე მეტი ლტოლვილი აღრიცხეს, რომელთაგანაც 4 მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა დროებითი თავშესაფარი მიიღო, რაც ევროკავშირის ხარჯზე ლტოლვილების სამუშაო ადგილით, საცხოვრებლით, ჯანდაცვითა და ბავშვებისთვის სკოლით უზრუნველყოფას მოიცავს. შედარებისთვის, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-მ 250 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

რესპუბლიკელი კონგრესმენების თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინაში უამრავი ომის დანაშაული - გაუპატიურება, მკვლელობა და წამება - ჩაიდინა. ამიტომ, პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინის დამატებით ტერიტორიების დაპყრობას შეძლებს, მილიონობით უდანაშაულო მოქალაქე იგივე ბედს გაიზიარებს. ავტორების აზრით, აშშ-მ სამხედრო დახმარების გაზრდის გარდა, უნდა გაამკაცროს რუსეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული სანქციების აღსრულება. ამასთანავე, უზრუნველყოს ძლიერი შეკავების პოლიტიკის არსებობა და წინ აღუდგეს ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთსა და რუსეთს.

"თუკი აშშ ჩვენს მოკავშირეებს ისევე მიატოვებს, როგორც ეს ავღანეთში მოხდა, მსოფლიოში თავისუფალი სამყაროს ლიდერის რეპუტაციას და ჩვენდამი არსებულ ნდობას დავკარგავთ. ჩვენი მტრები და მოწინააღმდეგეები უფრო გაძლიერდებიან და შეგულიანდებიან, და მსოფლიო უფრო საშიში გახდება". - წერია დოკუმენტში. 

კომენტარები