დემენცია

"აქ არის, მაგრამ თან არა" - ფოტოგრაფმა დემენციით დაავადებული დედის ცხოვრება ფოტოებში ასახა

HELEN RIMELL

ფოტოფრაფმა ჰელენ რიმელმა დემენციით დაავადებული დედის ცხოვრება ფოტოებში ასახა.

ჰელენ რიმელის დედას, სუზანს, ვასკულარული დემენციის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. აქედან გამომდინარე, ორი წლის წინ რიმელმა გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ლონდონიდან სამხრეთ უელსში გადასულიყო და 75 წლის დედის მომვლელი გამხდარიყო - სრულ განაკვეთზე.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებამ ფოტოგრაფს უბიძგა, შეექმნა ფოტოპროექტი - "ის [აქ] აღარ არის" [No Longer Her(e)], სადაც ფოტოებით აღწერა დემენციით დაავადებული დედის ყოველდღიური ცხოვრება.

ჰელენ რიმელის დედა

ფოტო: HELEN RIMELL

ფოტოებში ასახულია ის პატარა დეტალებიც, რაც შესაძლებელია, დემენციის დიაგნოზს თან ახლდეს.

მაგალითად, საპონი, რომელსაც პატარა ნაწილი მოჭმული აქვს, აღწერს, როდესაც ჰელენ რიმელის დედამ მისი ჭამა სცადა, რადგან დაკარგა საჭმლის გარჩევის აღქმა. ასევე ფოტო, სადაც სუზანი საწოლზე ზის, აღწერს მომენტს, როდესაც მას დავიწყებული აქვს, როგორ უნდა ჩაიცვას.

"ვცდილობდი, გადმომეცა გლოვისა და დანაკარგის პროცესი, რადგან ის უფრო და უფრო აღარ ჰგავდა საკუთარ თავს. ის აქ არის, მაგრამ არ არის, ის კვლავ საკუთარი თავია, მაგრამ არ არის" - ამბობს ჰელენი BBC-თან.

ჰელენი და დედამისი ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ, ფოტოგრაფი ჰყვება, რომ დედას ყოველთვის ყველაფერს უზიარებდა.

"ის მხიარული, კეთილი, მზრუნველი, ემპათიური, მგრძნობიარე იყო. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი მართლა ესმოდა". - ამბობს ჰელენი.

2010 წელს სუზანს ტვინში გაჟონვა ჰქონდა, მომდევნო წლებში კი, ნელ-ნელა ადამიანების სახელებისა და სიტყვების დავიწყება დაიწყო. 2015 წელს დემენციის დიაგნოზის დასმის შემდეგ ჩანდა, რომ დაავადება ნელა პროგრესირებდა.

ფოტოგრაფი 2018 წელს ევროპაში დედასთან ერთად მოგზაურობას იხსენებს.

"რაღაცები ავიწყდებოდა, თუმცა კვლავ ძალიან მხიარული და ძალიან კარგი კომპანიონი იყო. ძალიან მოეწონა მოგზაურობა. ყოველდღე კოქტეილს ვსვამდით მზის ჩასვლისას".

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დადგომის შემდეგ, ჰელენი იძულებული გახდა, მეტი დრო გაეტარებინა დედისგან შორს და დაიწყო შემჩნევა, რომ მისი უნარები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. დედამისი ვეღარ ცნობდა მანამდე ნაცნობ ადგილებს და ხანდახან სახლიდან გასვლის შემდეგ იკარგებოდა, უკან კი პოლიციელები აბრუნებდნენ.

ჰელენი იხსენებს, როგორ მიიყვანა დედა ბავშვობის სახლში და მან ის ვერ იცნო.

"2020 წლის თებერვალში [სახლში] მივიყვანე, დაათვალიერა და ვერ გაიხსენა - ეს ჩემთვის უზარმაზარი სიგნალი იყო". - ამბობს ჰელენ მირელი.

პანდემიის დროს სუზანის მომვლელმა მასთან სახლში სიარული შეწყვიტა და 2021 წელს ჰელენი დედასთან გადავიდა, რათა მას მუდმივი მომვლელი ჰყოლოდა.

"ეს ძალიან რთულია ყველანაირად - ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად". - ამბობს ჰელენი.

ფოტო: HELEN RIMELL

ამასთან ერთად, ჰელენის დედის ცხოვრებაში აგრესიული ფაზებიც დაიწყო. 

"სძულდა ბანაობის პროცესი. დაგარტყამდა, გაგარტყამდა, შეგეწინააღმდეგებოდა. თავდაპირველად, მანიაკური იყო - [ხასიათის] აღმასვლა, დაღმასვლა, სიარული, ავეჯის გადაადგილება საათების განმავლობაში ყოველ საღამოს... პერსონალური მოვლის თითოეული მცდელობისას გეჩხუბებოდა, ამტვრევდა ნივთებს. თუ კარი ღია დაგრჩებოდა, გარეთ გადიოდა - ამიტომ უნდა ჩაგეკეტა". - ამბობს ფოტოგრაფი.

სუზანს უკვე აღარ შეუძლია საუბარი, ან დანა-ჩანგლის გამოყენება.

ქვემოთ მოცემულ ფოტოში ფოტოგრაფის დედა იატაკზე ზის, რადგან "ჩავარდნის" ეშინია.

ფოტო: HELEN RIMELL

ჰელენ რიმელი ამბობს, რომ დედის დემენციის დიაგნოზი იმისგან სრულებით განსხვავებული გამოდგა, რაც მას ეგონა, როდესაც გადაწყვიტა, გამხდარიყო დედამისის მომვლელი.

"ფილმებში ხედავ საყვარელ, პატარა მოხუცს, რომელიც სახლში ზის და შენი სახელი ავიწყდება, მაგრამ ბოლოს მაინც ახსენდება, როგორ იცეკვოს შენთან ერთად და რა არის შენი საყვარელი სიმღერა. ეს ასე არ არის. მათი პიროვნება მთლიანად იცვლება, რომ აღარ ვისაუბროთ ყველა იმ აგრესიასა და სხვადასხვა რაღაცაზე, რაც დემენციას თან ახლავს".

მიუხედავად ამისა, ჰელენი ამბობს, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.

"ამას კვლავ გავაკეთებდი - მან ეს ჩემთვის გააკეთა და მინდა, ის სიყვარული დავუბრუნო, რაც თავად მომცა".

ფოტო: HELEN RIMELL

კომენტარები