არაამერიკელთა ამერიკული ოცნება, ანუ აშშ-ში მიგრაციის მიზეზი და მიზანი
ამერიკული ოცნება აშშ-ს ეროვნული ეთოსია, დემოკრატიული სამყაროს მიერ მატერიალური თუ სულიერი მნიშვნელობით უმაღლესი იდეალების ერთობლიობაა, თავად დემოკრატიის, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს რომ მოიცავს. ამერიკული ოცნება აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლინებაა, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, იმდენადვე განუყოფელი რამდენადაც ჩირაღდნით ხელში მდგარი თავისუფლების ქანდაკება.
ამერიკული ოცნება, როგორც ხალხის წარმოდგენაში უკვე კონცეპტუალიზებული და მყარად გამჯდარი იდეა თვისი არსით მერიტოკრატიულია, რამდენადაც ამერიკული ოცნება წარმატებას უშუალოდ ადამიანის ღვაწლის, საქმისათვის გაღებული მსხვერპლის საბოლოო პროდუქტად წამოაჩენს და არა სოციალური უთანასწორობისა თუ პრივილეგიების პირდაპირ შედეგად. ის პოლიტიკური-სოციალური კონოტაცია, რომელიც ამერიკულ ოცნებას აქვს და რომელიც ქმნის აშშ-ს, როგორც თავის თავში შრომაზე დაფუძნებული უსაზღვრო შესაძლებლობების დამტევი მიწის სურათხატს, არაერთ საკუთარი თავისა თუ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების მოსურნე ადამიანს იზიდავს.
თავისთავად, ამერიკული ოცნება სოციალურთან ერთად და შეიძლება მეტადაც კი, ეკონომიკური კონსტრუქტია. ის მატერიალური წარმატების სოციალურ-ეკონომიკური დაპირებაა, რომელიც სამშობლოში საკუთარი კარიერული თუ უშუალოდ, ფინანსური მდგომარეობით დაუკმაყოფილებელ ადამიანს იმედისმომცემად ესახება. იდეა, რომ ადამიანთა გონებრივი თუ ფიზიკური შრომა საზოგადოების მიერ შემჩნეული და დაფასებული იქნება, ბადებს სამართლიანობის და უფრო მარტივად, კომფორტულობის იმ განცდას, რომელსაც ეს ადამიანები ესწრაფვიან.
და მაინც, ამერიკული ოცნება, რეალურად, არაამერიკელების ოცნებაა. ეს უკეთესი მომავლის ის სურათია, რომლითაც აშშ თავისკენ საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა და დღესაც იზიდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ამერიკული ოცნების თანასწორობის იდეალში სოციალური ზღუდეების დამაბრკოლებელი ბუნების უკუგდების გარდა, ჩადებულია დაბადების ადგილის განურჩევლად წარმატების შესაძლებლობის იდეაც. აშშ-ში საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ეძლევა როგორც ამერიკის მოქალაქეს, ისე იმიგრანტს.
Pew Research Center-ის ინფორმაციით, აშშ-ს რაოდენობრივად ყველაზე მეტი იმიგრანტი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. 2020 წელს ამ ქვეყანას თითქმის 51 მილიონი მიგრანტი შეეფარა. აშშ-ში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია.
რაც შეეხება არალეგალ მიგრანტებს, ბუნებრივია, სწორედ სამართალდამცველ ორგანოთაგან მალვის გამო ზუსტი სტატისტიკა არ მოგვეპოვება, მაგრამ არსებობს ტენდენციებზე დაყრდნობთ გაკეთებული მყარი ვარაუდები. საიმიგრაციო პოლიტიკის ინსტიტუსის (MPI)-ს ვარაუდით, 2021 წელს აშშ-ს ტერიტორიაზე 11.2 მილიონი არაავტორიზებული ანუ არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგადად, არალეგალური ქმედებების აღრიცხვის სირთულეზე, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვების გამო 2021 წლის ეს მონაცემები მიგრაციის ტრენდს სრულად არ ასახავს და დიდად სავარაუდოა, რომ ახლა, პოსტპანდემიის პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებელი მეტი იყოს.
მექსიკის გავლით ამერიკული ოცნებისკენ - რა საფრთხეებზე მიანიშნებს სტატისტიკა
MPI-ის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მსხვილ საიმიგრაციო დერეფნად სწორედ აშშ-მექსიკის მარშრუტი ითვლება. რეგიონში არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარშრუტი კი მეზოამერიკული მიგრაციის დერეფანია, რომელიც ცენტრალური ამერიკის გავლით აშშ-ში გადის. მიგრანტები ჯერ მექსიკაში ჩადიან, ამის შემდგომ კი აშშ-ს საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.
აშშ-მექსიკის საზღვარი 3 145 კილომეტრზეა გადაჭიმული და რთულ რელიეფებს მიუყვება, ურბანული რაიონებიდან უდაბნოებამდე. საზღვრის დაახლოებით 1 045 კმ-ს ფიზიკურ ბარიერი, ქვეყნების გამყოფი სასაზღვრო კედელი იცავს. მიგრანტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში შედიან, ცდილობენ აშშ-ს სასაზღვრო პატრულთან შეხვედრა, ან შეხვედრის შემთხვევაში ასევე უკანონო გარიგებების მეშვეობით საზღვარზე შეფერხება აირიდონ.
ამერიკული ოცნების რეალობაში განხორციელების გზას (გზას, პირდაპირი მნიშვნელობით) თან ბევრი დაბრკოლება და საფრთხე სდევს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინფორმაციით, 2022 წელს ამერიკისკენ მიმავალ მიგრაციულ მარშრუტებზე 1 457 ადამიანი დაიღუპა, რაც 2014 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციამ დაკარგული მიგრანტების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვება დაიწყო, რეგიონში ფატალურობის უმაღლესი მაჩვენებელია.
მათივე მითითებით, უშუალოდ აშშ-მექსიკის საზღვარზე 686 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 105 ქალი, 468 კაცი, ხოლო 29 მცირეწლოვანი, გაცილებით მეტი კი გაუჩინარებულად ითვლება. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი აშშ-მექსიკის საიმიგრაციო დერეფანს მსოფლიოში მიგრანტებისთვის ამჟამად ყველაზე სასიკვდილო გზის სტატუსს ანიჭებს. IOM ხაზს უსვამს, რომ მსგავს მონაცემთა მოგროვებას თან არაერთი ისეთი სირთულე ახლავს, როგორებიცაა ოფიციალურ ჩანაწერთა მიუწვდომლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მედიის წარმომადგენელთა წვდომის შეზღუდულობა ანდაც სულაც საჭირო მონაცემთა არარსებობა. ამის გათვალისწინებით, IOM ვარაუდობს, რომ ოფიციალურად აღრიცხული ფატალური შემთხვევები დაახლოებით რეალური რაოდენობის მხოლოდ მესამედს წარმოადგენს. IOM-ის გადაადგილების სათვალთვალო მატრიცის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ვხედავთ, რომ ყოველი 25-დან 1 რესპონდენტი სასაზღვრო არეალში მისი მეგზურის დაღუპვის ან გაუჩინარების შესახებ ჰყვება.
მექსიკისა და ცენტრალურ ამერიკის არალეგალური გზების გავლით აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტები მარგინალიზაციისა და დაუცველობის საერთო გამოცდილებას იზიარებენ. საიმიგრაციო პოლიტიკის კომპლექსურობიდან გათვალისწინებით, აშშ-ში მოხვედრის მსურველთა ნაწილი საზღვრის კვეთის არალეგალურ გზას, ანუ შედარებით ფარულ და შორეულ, სახელმწიფო სასაზღვრო პუნქტების თავის ასარიდებელ მარშრუტებს ადგებიან. ეს გზები თავის თავში ხშირად სახიფათო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას და რთულ რელიეფურ პირობებში გრძელი მანძილის დაფარვას გულისხმობს, რომელსაც თან რეგიონში ხშირი ორგანიზებული დანაშაული თუ სისტემატური ძალადობა და გენდერულ-სექსუალური შევიწროება ახლავს.
დაკარგული მიგრანტების პროგრამის (MMP) ფარგლებში შეგროვებული ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტებზე გარდაცვალების მთავარი რეგისტრირებული მიზეზად ავტოავარიებია, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია სატვირთო მატარებლებთან, რომელიც მიგრანტების ტრანსპორტირების საშუალებად ხშირად გამოიყენება. ხშირია სატრანსპორტო, სასაზღვრო თუ საპოლიციო სამსახურის წევრების მიერ იმიგრანტებისაგან, როგორც ადვილად მოწყვლადი, და შეიძლება ითქვას, უცხო გარემოში და მძიმე ვითარებაში აღმოჩენით სასოწარკვეთილი ადამიანებისაგან, ფულის გამოძალვის ფაქტებიც. ამას ემატება მკაცრი ბუნებრივი პირობებით, განსაკუთრებით აქაური უდაბნოების სიმხუვალით და ზოგადად, ღია ცის ქვეშ მგზავრობისას თავშესაფრის, საკვების და წყლის ნაკლებობით გამოწვეული სიკვდილიანობა.
ჩანს, რომ თავად გზა არაერთ მოულოდნელ (ან თუნდაც, მოსალოდნელ, მაგრამ ნაკლებად გააზრებულ) რისკს მოიცავს.
ამერიკული ზღაპრის (შესაძლო) მწარე დასასრული
აშშ ხშირად ემიგრანტთა ქვეყნად აღიქმება, რომლის მრავალფეროვნებაც სწორედ უცხოელთა მიერ შეტანილი კულტურული დეტალებით მიიღწევა. მსგავსი სოციო-კულტურული არგუმენტების გარდა შეგვიძლია მოვიყვანოთ პოლიტიკურ ეკონომიკური არგუმენტებიც, თუ რატომ შეიძლება ახალ სამუშაო ძალად და ეკონომიკურ აგენტებად აღქმული იმიგრანტების ქვეყანაში შედინება დადებითი მოვლენა იყოს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვერ უარვყოფთ, რომ არსებობს რეალობაც (და დიახ „სხვა“ და კიდევ „სხვა“ რეალობა, ფაქტობრივად ყოველთვის, ყველა სიტუაციასა და საკითხში არსებობს), დიდწილად უშუალოდ ამერიკულ პერსპექტივაზე მიბმული.
ერთგვარი დუალობა, რომელიც აშშ-სა და ამერიკულ საზოგადოებას ემიგრაციის საკითხთან მიმართებაში ახასიათებს ძალზე გამოკვეთილია. დუალიზმი, როგორც სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატებს შორის მაცხოვრებელთა მიდგომების თვალსაზრისით; დუალიზმი კონსერვატიულ თუ ლიბერალურ იდეოლოგიების თვალსაზრისით; დუალიზმი ემიგრანტულ წარსულის აღიარება-აღნიშვნასა და მიგრაციის აწმყოს უარყოფის თვალსაზრისით; დუალიზმი ამერიკული ოცნებისეული ღირებულებებისა და ტრადიციებს გაგების თვალსაზრისით და სხვა ასეთი მრავალი საკითხი, რომლებიც უეჭველად იმიგრაციის საკითხამდეც მიგვიყვანს.
აშშ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად, ორ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ საიმიგრაციო პოლიტიკურ კურსს ირჩევს. დონალდ ტრამპის „big, beautiful wall“-ს ბაიდენმა სრულად სხვა მიდგომა შეახვედრა. 2021 წლის იანვარში თანამდებობის დაკავებისთანავე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება გააუქმა, რამაც შეიძლება იმიგრაციის მოდელის ცვლილება გამოიწვია, მაგრამ რაც ნაკლებად იცვლება არის ამერიკელთა მიდგომები, იდეები და საჭიროებები. მუდამ მოიძევებოდა და მოიძევება სხვადასხვა აზრი იმის შესახებ, თუ რა არის ქვეყნისათვის საჭირო საიმიგრაციო პოლიტიკა და რა კურსი უნდა დაიჭიროს ქვეყანამ. დებატები მიმდინარეობდა ტრამპის პრეზიდენტობისას და დებატები მიმდინარეობს დღესაც.
სამხრეთ საზღვრიდან მიგრანტების შემოდინების გამო დაძაბულობა დაგროვდა, გამწვავდა და ბოლო წლების განმავლობაში კულტურულ-სოციალური თუ პოლიტიკური აქცენტების მატარებელი შეძახილების სახით არაერთ საპროტესტო აქციაზე ამოხეთქა. აქ შეხვდებით ამერიკული დროშის ფერებსა თუ დონალდ ტრამპის სახის გამოსახულებებიან მაისურებში გამოწყობილი ანტიიმიგრანტებს, რომელთა მიერ გაჟღერებული მესიჯები მკაფიო, ხმამაღალი და შეიძლება ითქვას, არასტუმართმოყვარეა. ამ უკანასკნელ ტრადიციას არა მხოლოდ ქართველები, არამედ ამერიკელებიც „იჩემებენ“. მათი აღქმით, მიგრანტები ქალაქებს უკონტროლოდ ავსებენ, რესურსებს ითვისებენ და სანაცვლოდ კი მხოლოდ აურზაური, ქაოსი, ძალადობა მოაქვთ. ასეა თუ ისე, ქვეყანაში მიგრანტების მიღების მრავალწლიანი ტრადიცია მიგრანტთა ნაკადისთვის მხარდაჭერისა და რესურსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გამოწვევების წინაშე დგას.
დიახ, აშშ სტუმართმოყვარე ქვეყანაა და დიახ, აშშ საუკუნეების განმავლობაში უამრავ ადამიანს მოვლენია მასპინძლის როლში, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს სახლში მალულად შემოდიან, სტუმარს ნაკლებად ვუწოდებთ ხოლმე. ამ მხრივ, ის ზოგადი განწყობა, რომელიც ქვეყანაში მიგრანტთა (არალეგალ მიგრანტთა!) მზარდ რაოდენობას მოჰყვება, გასაგებიც კია. საბოლოოდ, საკითხის სრულად აღქმისას, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამერიკული ოცნებისეული, ე.ი ზღაპრისეული სამყარო უფრო იდუმალებითა და სიბნელით მოცულია, ვიდრე ჩვენ გვგონია ან გვინდა, გვეგონოს, რომ არის.