სამხრეთ ამერიკა

ვენესუელაში რეფერენდუმზე გაიანის ესეკიბოს რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირეს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 3 დეკემბრის რეფერენდუმზე, 2023
Francisco Batista/Presidencia venezolana/Vía AFP

გუშინ, 3 დეკემბერს, ვენესუელის მოქალაქეებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მეზობელი გაიანას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას მხარი დაუჭირეს

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს მადურო აღნიშნული რეფერენდუმის შედეგების ფონზე, თუმცა მომხდარმა ბოლო დღეებში ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვა გამოიწვია. 

რეფერენდუმში ვენესუელელებს ჰკითხეს, ემხრობიან თუ არა ისინი ესეკიბოს სადავო ტერიტორიაზე გაიანას ესეკიბოს შტატის ჩამოყალიბებას და შემდგომ აღნიშნული შტატის ვენესუელასთან შემოერთებას, ხოლო იქაური მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მიცემას. ამასთანავე, რეფერენდუმით ვენესუელის მოქალაქეებმა ორ ქვეყანას შორის დავაზე გაეროს უმაღლესი სასამართლოს იურისდიქცია უარყვეს. 

რეფერენდუმამდე პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ გაიანას ესეკიბოს ნავთობით მდიდარი რეგიონი ვენესუელას ეკუთვნის. გაიანას მოსახლეობა 800 000 ადამიანს შეადგენს, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება 28 მილიონიან ვენესუელას. სადავო ტერიტორია გაიანას ტერიტორიის ორ-მესამედს შეადგენს და მისი ფართობი 159 500 კვადრატული კილომეტრია. 

ვენესუელა რეგიონს საუკუნეზე მეტია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა საკითხს განსაკუთრებული ყურადღებას მას შემდეგ დაუთმო, რაც 2015 წელს ნავთობკომპანია ExxonMobil-მა ესეკიბოს სანაპიროებზე კომერციული ოდენობის ნავთობი აღმოაჩინა.

მადუროს თქმით, ვენესუელის მოსახლეობის დიდ ნაწილს მე-19 საუკუნის შეთანხმება, რომლითაც ესეკიბოს რეგიონი გაიანას დარჩა, არალეგიტიმურია. მას შემდეგ, ქვეყნების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ესეკიბო გაიანას ეკუთვნის, თუმცა საკითხი ვენესუელელებისთვის კამათის საგნად რჩება. 

პარალელურად, მადურო აშშ-ს მხრიდან წნეხის ქვეშ არის, რათა ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 ოქტომბერს ვენესუელაზე აშშ-ს მიერ შემსუბუქებული სანქციები ხელახლა ამოქმედდება. 

ვენესუელის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების თქმით, საბოლოო შედეგებით, რეფერენდუმში 95%-მა მხარი დაუჭირა ესეკიბოზე ვენესუელის ტერიტორიულ პრეტენზიებს. 

გაიანას პრეზიდენტი ირფან ალი ვენესუელაში რეფერენდუმის ჩატარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ესეკიბო და მისი ყველა წერტილი ჩვენია". მან ასევე დაიფიცა, რომ ტერიტორიას დაიცავს. 

მომხდარის შემდეგ გაიანამ ვენესუელის საზღვართან პატრულირება გაზარდა, ხოლო ბრაზილიამ რეგიონის მიმდებარედ ჯარისკაცები განალაგა.  ამ დროისთვის, ვენესუელას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალები არ გაუგზავნია.

მანამდე, 1 დეკემბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ვენესუელას მოუწოდა, რომ გაიანას ესეკიბოზე კონტროლის წინააღმდეგ ქმედებებისგან თავი შეიკავოს, მაგრამ მოსამართლეებს კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ დაუშლიათ, მიუხედავად იმისა, რომ გაიანამ სასამართლოს სთხოვა, შეეჩერებინათ რეფერენდუმის პროცესი.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ჟოან დონოგის თქმით, ვენესუელის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს, რომ ვენესუელა "სადავო ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად ნაბიჯებს დგამს". 

"ამასთანავე, ვენესუელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა გამოაცხადეს, რომ ვენესუელა ასაფრენი ბილიკის ასაშენებლად კონკრეტულ ზომებს იღებს, რათა ესეკიბოს არსებითი განვითარებისთვის ლოჯისტიკური დახმარების წერტილი შეიქმნას." - დაამატა მან. 

გამოცემა New York Times-ის თქმით, რეფერენდუმის შინაარსი ვენესუელის მთავრობას ესეკიბოზე სრული კონტროლის დამყარების უფლებას აძლევს და ზოგიერთი ანალიტიკოსის მიხედვით, რეფერენდუმის მხარდაჭერის შემთხვევაში მადუროს საბაბი ეძლევა, გაიანას წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყოს. 

"როდესაც რეფერენდუმს მხარს დაუჭერენ, ამით მადუროს კარტ-ბლანში მიეცემა, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნებით, ესეკიბოს ტერიტორიაზე სამხედრო ბუნების სასაზღვრო შეტაკებები დაიწყოს." -  ამბობს სამხედრო საკითხებში ვენესუელელი ერთ-ერთი ანალიტიკოსი.

"თუკი მადუროს სჯერა, რომ არჩევნებში წაგების საფრთხე დგას, მან შეიძლება ომის წამოწყების ღილაკს დააჭიროს და ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით საარჩევნო პროცესი შეაჩეროს." - დაამატა მან.

ესეკიბოს მოსახლეობა ძირითადად ინგლისურენოვანია და ისინი თავს გაიანელებად მიიჩნევენ. ესპანეთის იმპერიის ქვეშ, ესეკიბო შორეულ და განუვითარებელ რეგიონად მიიჩნეოდა. 

ესეკიბოს რეგიონზე დავა 1899 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანული გაიანას საზღვრების დასადგენად პარიზში ტრიბუნალი გაიმართა. ვენესუელელების თქმით, ესეკიბოს რეგიონი ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ვინაიდან ტრიბუნალზე ვენესუელას მონაწილეობა არ მიუღია, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას მისი გადაწყვეტილება ბათილად მიაჩნია. 

1966 ბრიტანეთის, ბრიტანული გაიანისა და ვენესუელის მთავრობებმა ჟენევის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიწანიც საზღვარზე დავის მოგვარება იყო. შეთანხმებით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გაეროს გადაეცემოდა. 

მას შემდეგ რეგიონს დამოუკიდებელი გაიანა მართავდა, თუმცა მასზე ვენესუელა ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებდა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უგო ჩავესის დროს შემცირდა, როდესაც 2004 წელს გაიანაში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ საკითხის წინ წამოწევას იგი არ აპირებდა. 

2015 წელს ესეკიბოს რეგიონში ნავთობის აღმოჩენამ გაიანა მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქვეყნად აქცია. 2020 წელს, საკითხზე მსჯელობა გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო, სადაც საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი რჩება. თუმცა, ვენესუელის პრეზიდენტი მადუროს თქმით, აღნიშნულ სასამართლოს ამ საკითხზე იურისდიქცია არ გააჩნია. 

კომენტარები