თბილისის მერია

GMC: 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ ინფორმაციის გავრცელებისთვის ₾19 744 100 დახარჯა

ფლანგვის დეტექტორი

2018-2023 წლებში თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გავრცელებისთვის ბიუჯეტიდან 19 744 100 ლარი დახარჯა - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, დაფინანსება გამოყოფილია საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის, რომელიც მერიის პროექტების შესახებ ინფორმაციის მაღალი ხარისხით გავრცელებას ისახავს მიზნად. "ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში 18 ადამიანია დასაქმებული. მათი შრომის ანაზრაურებაზე 2018-2023 წლებში 3 724 300 ლარი გამოიყო" - წერია ორგანიზაციის კვლევაში.  

"როგორც ეს თბილისის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ჩანს, თანხების უდიდესი ნაწილი სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებასა და სხვადასხვა ვიდეორგოლების დამზადებაზე იხარჯება. რაც შეეხება თავად ინფორმაციის შინაარსს, ძირითად შემთვევაში ვიდეო-რგოლები მერიის მიერ განხორციელებულ ან დაგეგმილ პროექტებს ეხება, ანაც ახალი წლისა და სადღესასწაულო მილოცვებს. 

მაგალითად თბილისის მერიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით 552,900 ლარი დაიხარჯა შემდეგ თემების გაშუქებაში: პირდაპირი ეთერით ღონისძიებების (საახალწლო გალა კონცერტი, ახალი სამარშრუტო ტაქსების პრეზენტაცია, ვარკეთილის ახალი პარკის გახსნა, ქალაქის დასუფთავებისთვის შეძენილი ტექნიკის და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გალა კონცერტი/საპატიო თბილისელის დაჯილდოება, ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში ნაძვის ხის ანთება/საახალწლო სოფლის გახსნა) გადაცემა და ვიდეორგოლების განთავსება საეთერო სივრცეში". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს მიზანი ინფორმაციის მაღალი ხარისხით გავრცელებაზე მეტად თბილისის მერიის პიარი უფრო არის, რადგან მათივე ცნობით, "მაგალითად 2021 წელს დამზადებული და გავრცელებული 171 ვიდეორგოლიდან, 101 რგოლი სწორედ საიმიჯო რგოლი იყო, საინფორმაციო კი მხოლოდ 67".

"აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გეგმის თანახმად საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბიუჯეტიდან  5 022 400 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. ნაკლები თანხების დახარჯვას გეგმავს მერია ისეთ პროგრამებში/ქვეპროგრამებში როგორიც არის:

  • პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა - 250 000 ლარი

  • კეთილმოწყობის ღონისძიებები კრწანისის რაიონში - 3 800 000

  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 2 029 500

  • თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა - 480 000". - წერს ფლანგვის დეტექტორი

კომენტარები