საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროკომისიის აზრებს შორის პოლარიზაცია არსებობს.

"შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა დონეზე, სადაც მე შეხვედრა მქონია, იქნებოდა ეს ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, NATO და მისი წევრი ქვეყნები და ა.შ. არსად არ დამდგარა მოთხოვნა, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. პირიქით, ყველას ესმის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო არის და სხვათა შორის, ეს მდგომარეობა ქალბატონმა კალიურანდმაც აღწერა. ყველაზე გასაკვირი და აღმაშფოთებელი ისაა, რომ ერთი მხრივ, ის აღწერს ოკუპაციის სიმძიმეს, იმას, რომ ახლახან ჩვენი თანამემამულე მოგვიკლეს, გაიტაცეს და იქვე აგრძელებს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ევროპა გვინდა, ჩვენ უნდა გავრისკოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობის კეთილდღეობა. მე არ ვიცი, საერთოდ რაში ჯდება ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა და ასეთი პირობების დაყენება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი NGO საქართველოში ერთად ცდილობენ კვლავ იგივეს, რასაც ისინი, პრინციპში, წელიწადნახევარია, ცდილობენ, რომ ყალბი დილემა დააყენონ, თითქოს, დილემა დგას ასე - ან სანქციებს აწესებ და წინ მიდიხარ, ევროპისკენ, ან სანქციებს არ აწესებ და ევროპისკენ ვერ მიდიხარ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ტოლობა ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ შორის, ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ კი, სულ ცოტა ხანიც არ გასულა და ვხედავთ, რომ რამდენიმე NGO-ს წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ცდილობენ ზუსტად ამ დეზინფორმაციას. [...] ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ თუ საქართველოს სურს, ევროპული ოჯახის წევრი იყოს, მაშინ იგივე საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რაც EU-ს. 

"შესაძლოა, 27 წევრ ქვეყანას რაღაცაში განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე სანქციებს ეხება, მას ყველა უერთდება". - თქვა კალიურანდმა.


8 ნოემბერს ევროკომისიამ გარკვეული დათქმებით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები