საქართველო-რუსეთი

რა გავლენა იქონია რუსი მიგრანტების შემოსვლამ საქართველოს ეკონომიკაზე?

საქართველო-რუსეთი

რა გავლენა იქონია რუსი მიგრანტების შემოსვლამ საქართველოს ეკონომიკაზე?

რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ემიგრანტების ტალღამ იმატა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე თვეებში 300 000-მდე რუსმა ქვეყანა დატოვა. ემიგრანტთა მეორე ტალღა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის სექტემბერში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, ახალგაზრდებმა, ძირითადად კი კაცებმა, ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მასობრივად დატოვება დაიწყეს. 

მიუხედავად იმისა, რომ კრემლს არ გამოუქვეყნებია ემიგრანტთა ზუსტი რიცხვი, The Economist-ი კვლევაზე დაყრდნობით წერდა, რომ 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე წლის ივლისამდე დროით პერიოდში 817 000-დან 922 000-მდე ადამიანმა დატოვა რუსეთი, ხოლო ემიგრანტთა მიღების თვალსაზრისით, ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე მეტი, დაახლოებით, 150-150 ათასი მიგრანტი მიიღეს ყაზახეთი და სერბეთი იყვნენ. ამავე პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 60 000-ზე მეტი მიგრანტი შემოვიდა დროებითი თავშესაფრის პოვნისა თუ მუდმივი საცხოვრებლის ძიების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მოსახლეობის ნაწილი მოგზაურობის მიზნით ტოვებს, ქვეყნიდან წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსები უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძიებას ასახელებენ. ისინი კი, ვისაც უცხოეთში თვითდამკვიდრება ვერ შეძლეს, ამბობენ, რომ კვლავ შეეცდებიან ემიგრაციაში წასვლას, როგორც კი მათი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს.

მასშტაბური მიგრაცია, როგორც პუტინის პოლიტიკის თანმდევი ნაწილი

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პუტინის რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია ახალი და უჩვეულო მოვლენა არ არის. მისი მმართველობის პირველი 19 წლის განმავლობაში ქვეყანა 1.6-2 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

მიგრაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 2012 წელს, როდესაც პუტინის ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას პროტესტი მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინაში შეჭრამ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაზე მასშტაბური ემიგრაცია გამოიწვია, რადგან ორი წლის მანძილზე ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რუსი ვიზიტორებისა და მიგრანტების სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტი, 177 700 ათასი სწორედ გასული წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლის-სექტემბერში შემოვიდა, ხოლო როცა პუტინმა სამხედრო გაწვევა დაიწყო, მეოთხე კვარტალში ვიზიტორთა რიცხვმა 102 300 ათასს მიაღწია. 2023 წლის მეორე კვარტალში კი ქვეყანაში რუსეთიდან 106 900 ათასი ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს თითქმის ორჯერ აღემატება.

იმ პირებს რაოდენობა კი, რომლებმაც საქართველოში, სულ მცირე, 6 თვე გაატარეს და შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ საქართველოში რუს მიგრანტებად, 2022 წლის მონაცემებით, 60 304 ადამიანს შეადგენს.

რა გავლენას ახდენს მიგრაცია ეკონომიკაზე?

მიგრაციას ქვეყნის ეკონომიკაზე შესაძლოა ჰქონდეს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი ეკონომიკური გავლენა, რადგან ის კონკრეტული პოლიტიკის შესაბამისად განსხვავებულ შედეგებს იძლევა და ამავდროულად, განსხვავებულად აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. თუმცა ემიგრაცია, როგორც ბუნებრივი პროცესი, ძირითად შემთხვევაში, არაერთი სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის.

მიგრაციის თანმდევი ფაქტორი, პირველ რიგში, არის სამუშაო ძალის ზრდა, რადგან ის შესაძლებელს ხდის კონკრეტულ სამუშაოებზე სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრას, დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში კი ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

მიგრანტების მიერ შრომის ბაზრის შევსება, ამასთანავე, ეკონომიკური პროდუქტიულობის გაზრდას იწვევს. გარდა ამისა, მიგრაცია ინოვაციებთან ასოცირდება. წარმოების ზრდა და მრავალფეროვნება კი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია.

როგორ აისახება მოულოდნელი მასშტაბური მიგრაცია ქვეყნის ეკონომიკაზე?

ქვეყნები, სადაც ემიგრანტთა დიდი ნაკადი თავშესაფრის პოვნის მიზნით ჩადის, კაპიტალის შედინება ზრდის ლარზე მოთხოვნას, შედეგად კი ქვეყნის ეროვნული ვალუტა მყარდება, ხოლო ინფლაცია, შესაბამისად, მცირდება. 

სწორედ ეს მოხდა საქართველოშიც. მაშინ, როცა 2022 წლის I კვარტალში ერთი აშშ დოლარი 3.11 ლარი ღირდა, III კვარტალში, მიგრაციის ორი მნიშვნელოვანი ტალღის შემდგომ ის 2.82 ლარამდე შემცირდა. 2023 წელს კი ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდა და გასული წლის პირველი კვარტლის შემდეგ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დოლარის ღირებულება დაახლოებით 18%-ით შემცირდა. მიგრაციას კი ბუნებრივია, მოჰყვა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც ორნიშნა ნიშნულამდეც მიაღწია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადის შემოდინებამ გაზარდა გადმორიცხვები, ამასთანავე აღმავალი ტენდენცია შეინიშნებოდა უძრავ სექტორში არსებულ ფასებზე, ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე და სხვა სფეროებზე.

თუმცა, ამავდროულად ამ გზით შემოსული კაპიტალი ზრდის რუსული გავლენის საფრთხეებს. მთლიანობაში, რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ორგვარია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მიგრაციას მოკლე ვადაში მყისიერი ეფექტი ჰქონდა, რაც ლარის უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გამყარებაში აისახა, გრძელვადიან პერიოდში ის შეიძლება ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენის მომტანი იყოს, რაც თანდათან უფრო ნათელი ხდება.

მაგალითად, სწრაფი მიგრაციის გამო მოსახლეობის ზრდამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა საცხოვრებელზე, რაც პროპორციულად გამოიწვევს უძრავი ქონების ფასების ზრდას და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დეფიციტს, რაც უფრო რთულს გახდის ადგილობრივი მოქალაქეებისთვის საცხოვრებლის პოვნას.
 

რა ხდება საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ცვლილებაზე?

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ინდექსის წლიურ ზრდას, ის 13.1%-ია. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსის ზრდამ 28.8% შეადგინა. 

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (3.4%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6%). 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით გაიზარდა.
 

რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და რუსული ბიზნესი საქართველოში

2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში 38%-ით არის გაზრდილი. ექსპორტმა $128 245.4 ხოლო იმპორტმა $338 824.6 შეადგინა. ექსპერტები სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვებით ამბობენ, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ და ამ კონტექსტში საქართველოდან რუსეთში რეექსპორტს უსვამენ ხაზს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირით ვაჭრობას, ჯამურად, 2021 და 2022 წლებს შორის რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი მოცულობა - 319 181 ტონიდან 416 873 ტონამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება, რაც ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს, წლებია ქმნის ნიადაგს საქართველოს რუსეთზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულების გასაღრმავებლად.

რაც შეეხება საქართველოში “რუსული ბიზნესის წარმოებას”, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებს, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო რუსეთ-უკრაინის 2022-2023 წლის ომის დაწყებიდან დღემდე სულ 21 326 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. ეს სტატისტიკა კი მიანიშნებს იმასაც, რომ 2022 წლის მარტიდან კი საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 1995 წლიდან 2021 წლამდე პერიოდთან შედარებით სამჯერაა გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის თანახმად, 2022-2023 წლებში რეგისტრირებული კომპანიების 95% არის ინდივიდუალური მეწარმე, რაც მიუთითებს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლად, შესაბამისად, გრძელვადიანი მიზნებით ჩამოვიდა საქართველოში. 

რუსული კომპანიებისა და რუსი მიგრანტების რეკორდული რიცხვი საქართველოში ზრდის “რუსეთის მოქალაქეთა ინტერესების” დაცვის გზით რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გატარების საფრთხეს. გრძელვადიან პერიოდში კი ქმნის იმის საშიშროებას, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე მჭიდრო დამოკიდებულება, რომელმაც, მართალია, ბოლო წლებში ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატა, მიგრაციის შეჩერებისა და კომპანიების რეგისტრაციის ტალღის დასრულების შემდგომ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

კომენტარები