საქართველო-აშშ

ო'ბრაიენი: საქართველოში ზოგ ჯგუფს ხომ არ სურს, იყოს რუხი ზონა დასავლეთსა და რუსეთს შორის?

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოზე ისაუბრა.

მაღალჩინოსანმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობას.

"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ახლა რუსეთს სურს ეს ტერიტორია სამხედრო ბაზისთვის გამოიყენოს. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით". – თქვა ო'ბრაიენმა.

ამას გარდა, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა შეიძლება ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენების მქონე გარკვეულ ჯგუფებს ერჩივნოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად დარჩენა. როგორც მაღალჩინოსანმა განმარტა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები სწორედ გარდამტეხი წერტილის მისათითებლად დააწესა.

"საქართველოს 85-90% სურს რომ იყოს წესების მიხედვით მოქმედი საზოგადოების ნაწილი, სურთ შეუერთდნენ ევროკავშირს, ძალიან ახლოს იყვნენ აშშ-სთან. საკითხავია ბიზნესების მცირე ჯგუფები და სხვები, ვისაც პოლიტიკური გავლენა აქვს, ხომ არ სურთ იყვნენ რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენი გამოწვევაა ხალხს ყოველ ჯერზე მივუთითოთ როდის იქნება გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილებაა მისაღები. ამიტომ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და მოვითხოვეთ რეფორმები". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მეგობრებთან თანხვედრაში მუშაობენ და აშშ, ხელთ არსებული რესურსებით, მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, პარალელურად კი ხაზს უსვამენ საჭირო ზომებს, რომლებიც თბილისმა უნდა მიიღოს.

"ევროკავშირის მეგობრებთან სრულ თანხვედრაში ვმუშაობთ. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს გადასცემენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რომელიც დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების წვდომას გახსნის. ჩვენ ვთქვით, რომ არის ზომები, რომლებიც საქართველომ უნდა მიიღოს, რათა კანდიდატობისთვის კვალიფიციური იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს ბერკეტებს, რომ მხარი დავუჭიროთ". – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამას გარდა, ო'ბრაიენმა 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან იმუშავებენ ამ მიზნისთვის და დაიხმარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს.

"საქართველოში ახალი ელჩი გვყავს. ის აფასებს თუ რა იქნება საუკეთესო გზა არჩევნებისკენ. როგორც იცით, ის მონდომებული აქტივისტია. მის ორგანიზაციასთან, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებას ეხმარება, წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ველით გაეროს არჩევნების მომზადების ოფისის ანგარიშს, რომელიც გვეტყვის რა სახის უნდა იყოს ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია და ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან, რათა, რამდენადაც შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. გამოვიყენებთ ჩვენს შესანიშნავ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს. მგონი ერთსა და იმავე აქტივისტებს ველაპარაკეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, დატოვებას არ ვაპირებთ და აქ იქნება დემოკრატიაო. ჩემი აზრით, ჩვენი საქმეა მათ დავეხმაროთ, რათა ჰქონდეთ კარგი არჩევნები". – თქვა ო'ბრაიენმა.

კომენტარები