მითების დეტექტორი

MDF: გამოვლინდა ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართული Facebook გვერდები

მითების დეტექტორი

მითების დეტექტორმა გამოავლინა Facebook-ის გვერდები, რომლებიც დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ და შესაბამისად, ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართული. 

"ფეისბუკ გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს". – მითითებულია მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანტიდასავლური კონტენტის მქონე გვერდების ჩამონათვალში შემდეგი 7 ფეისბუქ გვერდია: Programming Natural, Marketing Funny, Crazy World, Marketing Sanctuary, Bautista, Coco Kaewchay და Cool Move. 

მითების დეტექტორის ცნობით, აღნიშნული გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარში შეიქმნა და სამი მათგანი ამჟამად დეაქტივირებულია.

მითების დეტექტორის მიხედვით, მონიტორინგის მიერ გამოვლენილი 7 საეჭვო ფეისბუკ გვერდი შემდეგი ტაქტიკით მოქმედებენ:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • ფეისბუკ გვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს;
  • ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • 7 ფეისბუკ გვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და  უკრაინული ნომერი აქვს მითითებული;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • დომენი @kuromail.cc, რომლითაც ორ ფეისბუკ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა სრულდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სოციალური ქსელის ანგარიშების ფერმასთან, რომელსაც სხვადასხვა მიზნით – სოციალური მედიის მენეჯმენტის ან თაღლითობისთვის იყენებენ.

მითების დეტექტორის მიერ ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გვერდები არღვევენ ფეისბუქის წესებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ, ანუ ყოველ დაფინანსებულ რეკლამაზე უნდა ფიქსირდებოდეს მასზე პასუხისმგებელი, დამფინანსებელი პირი. 

გარდა ამისა, მოითხოვება, რომ პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი ავტორიზებული იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. ამის მიუხედავად, გამოვლენილ ფეისბუქ გვერდებს, რომლებიც რეკლამას საქართველოში ავრცელებდნენ, რომელიმე სხვა ან არც ერთი ქვეყანა აქვთ მითითებული.

მითების დეტექტორი მტკიცებულებების სახით აღნიშნული ფეისბუქ გვერდებიდან მოპოვებულ ფოტომასალაც იძლევა. 

კომენტარები