აშშ

აშშ-ს კონგრესის კომისია: აშშ უნდა მოემზადოს რუსეთ-ჩინეთიდან წამოსული ბირთვული საფრთხისთვის

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ბირთვული რაკეტა DF-41

12 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის მიერ ჩამოყალიბებულმა სტრატეგიული მდგომარეობის კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა. 12-წევრიანი კომისია 2022 წლიდან მუშაობდა, და მისი მიზანი აშშ-ის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასება და ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის რეკომენდაციების შემუშავება იყო.

ანგარიშში გამოკვეთილია ამჟამინდელი ამერიკის სტრატეგიის სისუსტეები, გამოსწორების გზები და აღწერილია, თუ როგორი უნდა იყოს სამომავლო სტრატეგია. 

ანგარიშის საფრთხის შეფასების ნაწილში აღნიშნულია, რომ 2027-2035 წლებში ამერიკა ორი, ბირთვული შესაძლებლობების მხრივ თანაბარი, სახელმწიფოს წინაშე აღმოჩნდება. იგულისხმება ჩინეთის მიერ ბირთვული არსენალის სწრაფი გაფართოება და რუსეთის ბირთვულ შეიარაღებაზე მზარდი დამოკიდებულება. 

ზოგად სტრატეგიაზე საუბრისას ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლანდელი აშშ-ს ბირთვული სტრატეგია კვლავ უნარიანია და საფუძვლად უდევს ამერიკის მხრიდან თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკას, თუმცა ამჟამინდელ სტრატეგიაში არ არის გათვალისწინებული მზარდი საფრთხეები კოსმოსისა და კიბერ სივრცეებში, ისევე როგორც მოწინააღმდეგეების კინეტიკური და არა-კინეტიკური შესაძლებლობები. 

აქედან გამომდინარე, 2027-2035 წლებში შესაძლო თანამშრომლობა ჩინეთსა და რუსეთს შორის, რაც მსოფლიოს ორ მოქმედებათა ველზე ერთდროულ აგრესიას გულისხმობს, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და თუკი იგი არ მიიღებს ახალ სტრატეგიულ ხედვას, ამერიკა მოუმზადებელი შეხვდება სავარაუდო საფრთხეებს. 

ამ გარემოებების გათვალისწინებით ანგარიში რიგ რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. 

უპირველეს ყოვლისა, კომისიის წევრები მნიშვნელობას ანიჭებენ აშშ-ს ბირთვული იარაღის მოდერნიზების პროგრამის სრულად დაფინანსებასა და დამთავრებას, რისი ღირებულებაც 2017 წლის დაანგარიშებით 2046 წლისთვის $400 მილიარდი იქნება. 

ანგარიში ასევე მზადყოფნაში მოყვანილი ქობინების რაოდენობის, ბალისტიკური რაკეტების მქონე წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობის, ასევე ქობინებისა და ჰაერიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გაზრდის რეკომენდაციას იძლევა. 

ამას გარდა, ანგარიში ზოგადად აშშ-სა და მის მოკავშირეებს სამხედრო ძალის გაზრდისკენ მოუწოდებს. 

კომისიის დასკვნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზემოხსენებული სტრატეგია დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს, რათა მზად იყოს მომავალში ჩინეთისა და რუსეთის შესაძლო სამხედრო თანამშრომლობისთვის.

კომენტარები