მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წლისთვის 5.9% იქნება

Getty Images

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურის წლიური ზრდის ტემპი 7.6% იყო, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს 5.9%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 1.5%-ით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. 

მეორე კვარტალში პროგნოზის მატების მიმართულებით დაკორექტირება სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნებით არის განპირობებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოთხოვნისა და წარმოების ზრდა გამოიწვია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილური ფულადი გადარიცხვებისა და მზარდი რეექსპორტის დამსახურებაა. 

მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების მოლოდინი, რუსეთიდან საქართველოში ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შემოდინების შენელებასთან, ასევე გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტების ნეგატიურ რისკებთან არის დაკავშირებული.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შენარჩუნდა, რამაც გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვების 7.5%-ით ზრდა გამოიწვია.

ავტომობილების რეექსპორტმა საქართველოში ექსპორტის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება განაპირობა. საქართველოდან აზერბაიჯანსა და სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც საქართველოს მთლიან ექსპორტში ავტომობილების წილი 2023 წლის პირველ შვიდ თვეში 32.9%-ს შეადგენს, რაც ბევრად აღემატება 2022 წლის თებერვლის პერიოდის 10%-იან მაჩვენებელს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ხაზგასმულია ის გამოწვევებიც, რომელთა წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიხედვით, სტრუქტურული პრობლემები საქართველოში კვლავ არსებობს, კონკრეტულად, დაბალი პროდუქტიულობა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შეზღუდული შექმნის ტემპი. “დასაქმებულთა მესამედი დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული”, ხოლო კერძო სექტორს მაღალკვალიფიციური მუშა-ხელის არარსებობა ზღუდავს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მოწყვლადია საგარეო ფაქტორების მიმართ, ვინაიდან მისი ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ტურიზმის სექტორსა და მარკეტის ღიაობაზე.

კომენტარები