სასამართლო რეფორმა ისრაელში

ისტერია ისრაელის სასამართლო რეფორმის გარშემო

სასამართლო რეფორმა ისრაელში

ისტერია ისრაელის სასამართლო რეფორმის გარშემო

ბოლო თვეებში ისრაელი დაძაბულობამ მოიცვა, რომელიც არა პალესტინის ან ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკით, არამედ შიდა პოლიტიკითაა გამოწვეული. სასამართლო რეფორმამ, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ლობირებს ფართომასშტაბიანი პროტესტი წარმოშვა. რეფორმით სასამართლოს ძალაუფლება უმცირდება ხელისუფლების სხვა შტოებზე. იცვლება ისრაელის საკონსტიტუციო მოწყობა. 

პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ შტოთა შორის ძალაუფლებას აბალანსებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუ ძალაულფების მიტაცებას ცდილობს. 

დასავლურ დემოკრატიებში ჩამოყალიბებულია ისეთი მმართველობის სისტემები, სადაც ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები ერთმანეთის ძალაუფლებას ზღუდავენ და აწონასწორებენ. შტოების ფუნქციების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი არჩევის ფორმაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დემოკრატიული იყოს. ასეთ სისტემებში, როგორც წესი, კონსტიტუცია ადგენს ხელისუფლების შტოების მოქმედების საზღვრებს და სწორედ კონსტიტუციაა სასამართლოს ძირითადი შემბოჭავი ძალა. 

ისრაელის მმართველობის სისტემა ათწლეულების მანძილზე ომისა და მშვიდობის მონაცვლე პერიოდებში ფორმირდებოდა. ამ პერიოდში სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებს მთავარი დამაბალანსებელი ძალა იყო, თუმცა ქვეყანა ინსტიტუციურ კრიზისამდე არ მისულა. 

ისრაელის სასამართლო სისტემა აშკენაზი ელიტის ნაწილია და ბოლო პერიოდის მემარცხენე მთავრობებთან მეტ-ნაკლებად ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, ბოლო არჩევნებში ჩამოყალიბებული კონსერვატიული და სიონისტური კოალიციის და ისრაელის სასამართლოს დაპირისპირებამ ქვეყანა ეგზისტენციალურ კრიზისამდე მიიყვანა. 

ისრაელის სასამართლოს მოქმედების არეალი ფაქტობრივად შეუზღუდავი და ანალოგის არმქონეა. ისრაელში უზენაეს სასამართლოს და გენერალურ პროკურორს აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება “გონივრულობის დოქტრინის” საფუძველზე შეუძლიათ. ამ წესით სასამართლომ მიინიჭა (ნეთანიაჰუს თქმით - მიითვისა) უფლება გადაწყვიტოს სხვა შტოების პოლიტიკის გონივრულობა. 

მრავალი ქვეყნისაგან განსხვავებით, ისრაელს არ აქვს ერთიანი, ფორმალურად  დაწერილი კონსტიტუცია. ამის ნაცვლად, მისი მმართველობის სისტემა ეფუძნება რამდენიმე ძირითადი დოკუმენტისა და კანონის, ასევე ისტორიული და პოლიტიკური ტრადიციების ერთობლიობას.

ნეთანიაჰუს მთავრობა და რეფორმის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვს საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. ამასთან, მათი თქმით, მოსამართლეების არჩევის წესი არადემოკრატიულია. 

რეფორმით იცვლება სასამართლოს უფლება სხვა შტოების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება განიხილოს “გონივრულობის ტესტით” და საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ის. ამავდროულად, რეფორმის შემდეგ ისრაელის მინისტრებს აღარ ექნებათ ვალდებულება გაითვალისწინონ გენერალური პროკურატურის სამართლებრივი რჩევები. და ბოლოს, ამ რეფორმით იცვლება მოსამართლეების არჩევის წესიც - საბოლოო და გადამწყვეტი სიტყვა მოსამართლეების დამტკიცებაში ქნესეტს ექნება.

ნეთანიაჰუს პოლიტიკური ოპონენტები და პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი კანონპროექტი ძირს უთხრის ისრაელის დემოკრატიას და სასამართლო სისტემას და კოალიციურ მთავრობას ამ რეფორმის გატარება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. რეფორმის კრიტიკოსების აზრით, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ თავად ცდილობს თავი აარიდოს სასამართლოს, სადაც ამჟამად მის წინააღმდეგ განიხილება საქმე კორუფციის ბრალდებებით. თუმცა, აღნიშნული სასამართლო საქმეები მემარჯვენეების აზრით სწორედ იმის მაგალითია, რომ სასამართლო შტო ზედმეტად პოლიტიზებულია და ცდილობს არა არჩევნების გზით, არამედ სასამართლოს ძალით ნეთანიაჰუს დამარცხებას. 

კოალიციურმა ხელისუფლებამ, რომელიც პარლამენტში 120 ადგილიდან 64-ს იკავებს, რაც ისრაელის საკანონმდებლო სისტემაში საკმარისი რაოდენობაა კანონის მისაღებად რეფორმის კანონპროექტი 2023 წლის ივლისში მიიღო, რამაც ისრაელის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა. 

Brookings Institution-ის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის მკვლევარი ნათან საქსი ამბობს, რომ  “გონივრულობის დოქტრინა” ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამართლებრივი პრაქტიკაა. სასამართლოს უფლებამოსილება განსაჯოს სხვა სახელისუფლებო შტოების გადაწყვეტილებები 1980-იან წლებში გაფართოვდა, თუმცა მსგავსი უფლება არცერთ კანონში არ ჩაწერილა - სასამართლო შტომ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გონივრულობის განსჯის უფლებამოსილება და უნარი აქვს. ისრაელში ეს დოქტრინა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში არსებული ადმინისტრაციული განხილვის პრაქტიკები. აქ სასამართლოს ძალიან დიდი უფლებამოსილება აქვს სხვა შტოების გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ისრაელის გენერალურ პროკურორს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს არ შეუძლია საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება რეფორმის ავ-კარგიანობაზე და, ამგვარად, ნეთანიაჰუ ვერ ახერხებს მისივე ინიციატივის დაცვას ისრაელის მოქალაქეების წინაშე. ასევე, გენერალურ პროკურორს შეუძლია სხვა სტრუქტურებთან განმარტების ან კონსულტაციების გარეშე ნებისმიერი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება. მთავარი კითხვა, რაც ისრაელის სასამართლო რეფორმის განხილვისას ჩნდება - რეფორმამდე ისრაელის სახელმწიფო მოწყობის სისტემა იყო თუ არა დემოკრატიული და შესაბამისად, როგორ ცვლის ეს კანონპროექტი დემოკრატიულობის ხარისხს?

ისრაელის სამართლებრივი მოწყობა

ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები განსხვავებულია - უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოს მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კონსტიტუცია გახლავთ. ეს უკანასკნელი არის მთავრობისა და პარლამენტის მბოჭავი მექანიზმი, რომელსაც სასამართლო იყენებს, რათა არ მოხდეს მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. უფრო ზუსტად, კონსტიტუცია არსებითია შემოწმებისა და ბალანსის სისტემაში, რადგან ის აყალიბებს უფლებამოსილებების განაწილების ჩარჩოს, ინდივიდუალური უფლებების დაცვას და მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვებს. კონსტიტუცია უზრუნველყოფს სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძველს, რასაც ეყრდნობა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ გახდეს ძალიან ძლიერი და რომ მთავრობამ იფუნქციონიროს დემოკრატიული პრინციპების, ხელისუფლების დანაწილებისა და კანონის უზენაესობის შესაბამისად. 

რეალურად ისრაელს არ აქვს ისეთი სახის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ძირითადი კანონი, რომელიც იერარქიულად ყველა კანონზე ზემდგომი იქნება. ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ პირველი 40 წელი პოლიტიკაში მემარცხენეები დომინირებდნენ. მათ ქვეყანაში სოციალიზმის დანერგვა სურდათ, ხოლო კონსტიტუცია ამ საქმეში ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნიეს. სწორედ ამიტომ არ აქვს დღეს ქვეყანას დაწერილი კონსტიტუცია.

"გონივრულობის დოქტრინა"

აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, ისრაელის სასამართლოს აქვს უფლებამოსილება გადახედოს და გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოკლებულია გონივრულობას. მოცემული მექანიზმი არის სასამართლოს ბერკეტი, გააკონტროლოს მთავრობის ქმედებები და გადაწყვეტილებები. ფორმალური თვალსაზრისით შემოწმების სტანდარტი გულისხმობს შემდეგს:  სასამართლო ამოწმებს არა მთავრობის კონკრეტული რეფორმის შესაბამისობას კანონთან, არამედ მის გონივრულობას და რაციონალურობას ისე, როგორც ამას პირდაპირი წესით არარჩეული მოსამართლეები გადაწყვეტენ. 

ახალი რეფორმა

რეფორმა 3 ძირითადი ელემენტისგან შედგება.

პირველი ზემოხსენებულ გონივრულობის დოქტრინას ეხება. რეფორმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში თუ დოქტრინა არ გაუქმდება, მაშინ მისი გამოყენების სიხშირე შემცირდება. ეს გულისხმობს იმას, რომ დაწესდება კონკრეტული საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც დაშვებული იქნება ამ მექანიზმის გამოყენება. სასამართლოს მხოლოდ მაშინ ექნება ამ ბერკეტის გამოყენების უფლება, თუ იარსებებს მაღალი საჯარო ინტერესი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან ქმედების მიმართ. გარდა ამისა, აღარ შემოწმდება მთავრობის მიერ მიღებული ისეთი სახის გადაწყვეტილებები, რომლებიც 100%-ით პოლიტიკური ხასიათის მატარებელია. ახალი რეფორმის ფარგლებში, ისრაელის მთავრობა მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასების უფლებამოსილება ჩამოართვას. 

მოცემული გადაწყვეტილებით სასამართლო ხელისუფლებას ხელიდან ერთმევა ბერკეტი, რომელიც მას აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკონტროლებლად გააჩნდა. სასამართლოს აღარ ექნება  შესაძლებლობა,  სულ მცირე იმსჯელოს მინისტრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების “გონივრულობის” შესახებ.

მეორე ელემენტს წარმოადგენს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი.

დღესდღეობით, ისრაელში მოსამართლეები 9 წვერისგან შემდგარი საბჭოს მიერ არიან დანიშნულნი. მათგან 3 წევრი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თავად არჩევენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათთან ერთად სასამართლო ხელისუფლების მართვაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ამასთანავე, სწორედ უზენაესი სასამართლოს 3 წევრს საბჭოდან, აქვს ვეტოს უფლება, რომლის გამოყენებაც მოსამართლის კანდიდატებზე შეუძლია.  

იმისათვის, რომ 9 წევრისგან შემდგარმა საბჭომ მოსამართლე დანიშნოს, საჭიროა 7 წევრის თანხმობა. იქიდან გამომდინარე რომ ამ 9 წევრიდან 3-ს ვეტოს უფლება აქვს, ისინი ყოველთვის დაბლოკავენ იმ მოსამართლის კანდიდატურას, რომელიც მათთვის არასასურველია. შესაბამისად, საბჭო ვერ აგროვებს მათთვის საკმარის ხმებს, რათა შეძლონ მოსამართლის დანიშვნა. 

ახალი რეფორმის შემადგენელი ნაწილია იდეა, რომ  გაუქმდეს მოსამართლეების ვეტოს უფლება და მათი უფლებამოსილება გადაეცეს მთავრობის კოალიციას. 

მესამე ელემენტი ეხება სასამართლო კანონმდებლობას და მისი გადახედვის უფლებამოსილებას

რეფორმის ფარგლებში უნდა დადგინდეს ის მკაცრი საზღვრები, თუ როდის აქვს ისრაელის სასამართლო ხელისუფლებას ნორმის გადახედვის და მისი ძალადაკარგულად გამოცხადების პრეროგატივა. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელია რომ სასამართლოს ეს უფლებამოსილება გააჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლეთა მაღალი კვორუმით არჩეული ნაწილი გადაწყვეტს ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას. 

ისრაელს გააჩნია “ძირითადი კანონები”, ეს არის მაღალი კვორუმით მიღებული, ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტი. წლების წინ ისრაელის სასამართლომ განმარტა რომ მას აქვს უფლებამოსილება ისრაელის სახელმწიფოში მიღებული ყველა კანონის შესაბამისობა შეამოწმოს “ძირითად კანონებთან” მიმართებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი დოკუმენტი წინააღმდეგობრივი იქნება, მოსამართლეებმა ეს პრობლემა აღმოფხვრან დაბალი იერარქიის ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებით. 

დროის გასვლასთან ერთად, ისრაელის სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა და განაცხადა რომ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია “ძირითადი კანონი” არ მოვიდეს თანხვედრაში ისრაელის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ ღირებულებებთან, შესაბამისად თუ წარმოიშობა კონფლიქტი, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია, რომ გაუქმდეს ძირითადი კანონის ნორმა. სასამართლოს მიერ განვითარებული ეს მსჯელობა მის დისკრეციას ნორმის ძალადაკარგულობასთან მიმართებით აფართოებს, რაც შორდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიღებულ სასამართლო ძალაუფლების საზღვრებს. რეფორმის ფარგლებში ზუსტად და კონკრეტულად განისაზღვრება, თუ რომელ შემთხვევაში  და რომელი ნორმის გაუქმების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.

სასამართლოს რეფორმის მემარცხენე კრიტიკა

პროტესტის მონაწილეები 2023 წლის ზაფხულიდან კანონპროექტის გაუქმებას და ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნებს იზიარებენ ისრაელის სამხედრო, დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები, ცნობილი იურისტები, მოსამართლეები და ბიზნესმენები. მათი შეფასებით ეს ისრაელის დემოკრატიის სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისია. 

საგულისხმოა, რომ ამჟამად ისრაელის მმართველი კოალიციური მთავრობა მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალებით არის შედგენილი. მემარცხენე ფლანგის მტკიცებით,  სასამართლო რეფორმის მიღება ამ ძალებს შესაძლებლობას მისცემს მარტივი უმრავლესობით დაამტკიცონ არადემოკრატიული და საშიში ინიციატივები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს ისრაელში. რეალურად, სახელმწიფო მოწყობის ეს სისტემა არსებობდა იმ დროსაც, როდესაც ისრაელის მთავრობაში კონსერვატორები არ იყვნენ, თუმცა სისტემის კრიტიკა განსაკუთრებით გამძაფრდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს. 

სასამართლო რეფორმა ნეთანიაჰუს მომხრეების პერსპექტივიდან

პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა, ამ კანონპროექტის მხარდამჭერები არიან იუსტიციის მინისტრი და ლიკუდის პარტიის წევრი იარივ ლევინი და რელიგიური სიონისტური პარტიის წევრი და ქნესეტის კონსტიტუციის, სამართლისა და იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარე სიმჩა როტმანი. ლევინი და როტმანი ის მაღალი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სასამართლო რეფორმის მხარდამჭერ მემარჯვენე და სიონისტურ პოლიტიკურ ცენტრს. მათ ზურგს უმაგრებს Kohelet Policy Forum, პრო-ისრაელი ანალიტიკური ცენტრი, რომელსაც ამერიკელი ებრაელების მსხვილი ქსელი აფინანსებს. ამ ფორუმის მიზანია “ისრაელის, როგორც ებრაელი ხალხის ერი სახელმწიფოს მომავლის უსაფრთხოების დაცვა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერება, ინდივიდის თავისუფლების და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაფართოება ისრაელში”.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელში მსგავსი ცვლილებების მიღებას პარლამენტის უბრალო უმრავლესობის თანხმობაც ჰყოფნის - 120 ხმიდან 61-ის თანხმობა. ისრაელის საპარლამენტო სისტემაში არ არის “ზედა პალატა” - რაიმე ტიპის უფრო მაღალი ბარიერი კანონპროექტის მიზანშეწონილობის განსასაზღვრად. ყველა მთავრობის დროს ნებისმიერი ცვლილება სწორედ პარლამენტის მარტივი უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღწეოდა. 

ნეთანიაჰუს ბანაკი ფიქრობს, რომ ეს რეფორმა სწორედ ისრაელის უფრო მეტი დემოკრატიზაციისთვის არის საჭირო, რომ სასამართლოს ხელში არ ჩავარდეს უსაზღვროდ დიდი ძალაუფლება. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი არადემოკრატიული და კლანურია. მკვლევრები, რომლებიც ემხრობიან შემოთავაზებულ რეფორმას აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ოდესმე ისრაელში დაიწყოს მსჯელობა მმართველობის ფორმის შესახებ და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს სასამართლოს გაკულტებული გადაჭარბებული ძალაუფლება.

როგორი უნდა იყოს ისრაელის სახელმწიფო?

ამერიკაში დაბადებული ებრაელი ჟურნალისტი ქეროლაინ გლიკი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად, აუცილებელია ისრაელის პოლიტიკური სისტემის გაანალიზება, რათა გავიგოთ რა სისტემაა და რა არის იქ შესაცვლელი. მისი აზრით, ისრაელში მოსამართლეები საერთოდ არ არიან ანგარიშვალდებულები საზოგადოებასთან. რეალურად, დასავლური ტიპის დემოკრატიებში ეს არაა გასაკვირი, რადგან ხშირად ამ დემოკრატიების მნიშვნელოვანი საყრდენი სწორედ პირდაპირი არჩევნების გარეშე დაკომპლექტებული სასამართლო შტოა. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ცხადი და ეფექტურია დანარჩენი ორი, დემოკრატიულად არჩეული შტოს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა სასამართლოზე. ისრაელში კი სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლება ისედაც არათანაბრადაა განაწილებული და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც უკვე დაბალანსებული და გაწონასწორებული მმართველობის სისტემის ცვლილება. პროფესორი იუვალ ელბაშანი მიიჩნევს, რომ ისრაელში ფაქტობრივად არ არსებობს ხელისუფლების სამი შტო, როგორც ეს დასავლურ სისტემებშია. ისრაელის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ფაქტობრივად ერთიანია და ცდილობენ სასამართლო ხელისუფლების დაბალანსებას. 

ისრაელის სასამართლოს რეფორმა საინტერესო პოლიტიკური პროცესია არა მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებისთვის, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის და ისრაელის პარტნიორებისთვის. ამერიკის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დევიდ ვურმსერი ამბობს, რომ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აჰყვნენ სასამართლო სისტემის გარშემო შექმნილ ისტერიას და თანდათან ზრდიან საერთაშორისო წნეხს ნეთანიაჰუს მთავრობაზე. მათ, როგორც “დემოკრატიის ბურჯებმა” უაპელაციოდ გაიზიარეს პოზიცია, რომ ეს სასამართლო რეფორმა ისრაელში დემოკრატიის დასასრულია. დევიდ ვურმსერი გარკვეულწილად ამას უკავშირებს ისრაელის აშკენაზი ელიტის კავშირებს დასავლურ ქვეყნებთან და ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ წარმოებულ ამ პროცესზე პასუხისმგებლობას სასამართლო სისტემასთან ალიანსში მყოფ ელიტას აკისრებს. 

“უზენაესი სასამართლო და მემარცხენე ფლანგი უარყოფენ უმრავლესობის ძალით დემოკრატიის მართვის მოდელს და ეს მათი გზაა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის” - თქვა დევიდ ვურმსერმა. 

ასევე, ვურმსერი ყურადღებას ამახვილებს გენერლებისა და სამხედროების ბოიკოტსა და მათ საჯარო მოწოდებებზე ნეთანიაჰუს მკვლელობის შესახებ. მისი აზრით, ეს მემარცხენე ლიბერალური ელიტის რადიკალიზმის ძალიან საშიში გამოვლინებაა. 

ებრაელი იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი იუვალ ელბაშანი ამბობს, რომ აუცილებელია ისრაელში ბოლოს და ბოლოს დაიწყოს სამოქალაქო დისკურსია ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე - სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმდეს ძირითად კონტურებზე, თუ როგორ საზოგადოებაში სურთ ცხოვრება. ელბაშანი აღნიშნავს, რომ ისრაელს მისი შექმნის დღიდან არ ჰქონია საკმარისი დრო იმისთვის, რომ მის ხალხს - მის დამფუძნებელ მამებს ემსჯელათ სახელმწიფოს მოწყობის ძირეულ საკითხებზე. შედეგად, ეს სისტემა სახელდახელოდ შექმნილი და ათწლეულების მანძილზე პოლიტიკური პროცესების შედეგად გამოძერწილია. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი სწორედ ისრაელის სახელმწიფო მოწყობის სისტემაზე თავდაპირველი ჩამოუყალიბებლობის შედეგია.

კომენტარები