ეროვნული ბანკი

თურნავა: ბანკებს აქვთ უფლება, საეჭვო კლიენტს შეზღუდვა დაუწესონ, ოღონდ არა ბრმად

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კომერციულმა ბანკებმა უნდა შეასრულონ როგორც ქართული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ვალდებულებები. ნათია თურნავამ პალიტრა TV-ის ეთერში თქვა, რომ "აქ ჩვენ და საბანკო სისტემა ვართ ერთიანი, ერთ ნავში ვსხედვართ" და "სინერგიაში მოვიყვანთ ყველა ვალდებულებას ბანკებთან ერთად". მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესის მიღების შემდეგ ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია ჰქონდა და "ამ ეტაპზე მშვიდად არის საბანკო სისტემა".

ნათია თურნავას თქმით, საფინანსო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიღებული რეგულაცია, თუმცა, ამის გარდა, არსებობს კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც საბანკო სექტორს ფართო უფლებებს უტოვებს.

"როდესაც საქმე აქვთ საეჭვო ტრანზაქციასთან, საეჭვო კლიენტთან, ისეთ ტრანზაქციასთან, რომელიც მათი შეფასებით რისკს უქმნის ამა თუ იმ ბანკის სტაბილურობას, მათ აქვთ უფლება, რომ განახორციელონ მთელი რიგი შემზღუდავი ზომები, ოღონდ ეს არ ხდება ბრმად, ესეც ხდება ანალიზის საფუძველზე. ჩვენი ბრძანება უკვე განსხვავებულ ჩარჩოს აწესებს და ერთობლიობაში ეს მუშაობს იმდაგვარად, რომ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევის რისკია მინიმიზირებული, ისე სანქციების აღსრულების პროცესიც არის უფრო გამართული" - ამბობს თურნავა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხეს, თუ ოთარ ფარცხალაძეს კომერციული ბანკი მომსახურებაზე უარს ეტყვის, რას იზამს ეროვნული ბანკი. ნათია თურნავამ თქვა, რომ "არ სურს "გაგრძელდეს სპეკულაციები" ყოფილი გენპროკურორის თემაზე.

"თვითონ ოთარ ფარცხალაძის თემა უკვე გავიდა ჩვენი ზემოქმედების არედან, ჯერ ეს ერთი, ძალიან ბევრი კითხვა ისმის მის მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებით, ეს ძალიან სენსიტიური თემაა და რამდენიც ვახსენებთ ოთარ ფარცხალაძეს, ეს ჩვენი გადაწყვეტილება სხვა ემოციებს იწვევს" - ამბობს თურნავა.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ შეიძლება განზოგადებაც და იკითხა, რას იზამს ეროვნული ბანკი, თუ ნებისმიერ სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეს ეტყვის უარს კომერციული ბანკი მომსახურებაზე.

"ბანკი ვალდებულია, შეაფასოს კონკრეტული რისკები და იმოქმედოს ამის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ ასევე, რომ დავიცვათ ჩვენი სისტემა და არ მოხდეს სანქციების არიდება, ეს არის მარტივი პასუხი.

სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში ეს სხვადასხვანაირად იმუშავებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში ჩვენთვის პრიორიტეტია საერთაშორისო სანქციების დაცვა იმდაგვარად, რომ არცერთი კონკრეტული პიროვნება, არ ვიტყვით ახლა სახელს და გვარს, არ მივიდეს სასამართლოში, არ გაასაჩივროს და ეჭვქვეშ არ დააყენოს მის მიმართ გატარებული ზომები, ამის აღმოფხვრას შევეცადეთ, მოქნილები ვართ, რომ შეიძლება მეტად დავამუშავოთ გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარი იდეა არ შეიცვლება" - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და იმეორებს, რომ "ბანკებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რამდენად რისკიანია მათთვის ტრანზაქცია, ჩვენ კი ზედამხედველობის ფარგლებში შევამოწმებთ, რამდენად არის ჩვენს ჩარჩოსთან შესაბამისობაში"

ამასთან, ნათია თურნავას ვარაუდით, ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებიდან თანხა არ გაუტანია, რადგან ბანკები ძალიან ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ საკითხს.

"საბანკო კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტზე, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით, ასე, ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია, აი, გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა.

არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალობა და კლიენტის კონფიდენციალობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა" - ასე უპასუხა თურნავამ კითხვას - "ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის შესახებ".


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.

მეორე დღეს კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. თუმცა, მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება.

"ინდა განვმარტო: მეც იგივე წინადადებით და ინფორმაციით დავიწყე ბრიფინგი, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აღსრულება არის გაცილებით უფრო ფართე პროცესი, ვიდრე არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებობით დაზუსტებული. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს" - ამბობდა თურნავა.

მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კომერციული ბანკები სწორად მოიქცნენ, როცა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების.

"იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. შეგახსენებთ, რომ როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე, რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული, ჩვენ ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. - თქვა მან.

კომენტარები