NASA

Osiris-Rex დედამიწაზეა – NASA იმედოვნებს, რომ სიცოცხლის წარმოშობაზე ახალ ცნობებს მიიღებს

Osiris-Rex ზონდმა ასტეროიდ ბენუდან ჩამოიტანა ნიმუში, რომელსაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის გამოსაკვლევად შეისწავლიან
NASA/Reuters

24 სექტემბერს NASA-ს კოსმოსური ზონდი Osiris-Rex-ი, რომელსაც 4.5 მილიარდი წლის ასტეროიდ ბენუსგან აღებული მტვერი და კლდის პატარა ფრაგმენტები გადაჰქონდა, შვიდწლიანი ექსპედიციის შემდეგ დედამიწაზე დაეშვა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მათ ტელესკოპით დაინახეს, რომ ასტეროიდი შეიცავს ნახშირბადით მდიდარ ორგანულ მასალას, რამაც შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლის წარმომქმნელი ნაერთების გაჩენაში გარკვეული როლი ითამაშა. აქედან გამომდინარე, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ზონდი მათ მისცემს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე. 

ბენუს მკვლევრები ნახშირბადოვან ასტეროიდებს მიაკუთვნებენ, რაც ნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა ის ქიმიური აგებულება, რომელიც იყო 4.5 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზე და პლანეტები ჩამოყალიბდა.

მისიის შემდგომი ეტაპი დრონის დაშვების ადგილას ექსპერტთა გამგზავრებას გულისხმობს, რათა თავად მოიპოვონ ის, რამაც დედამიწამდე მოაღწია.

Osiris-Rex-ის მისიის მეცნიერისა და თანამკვლევრის, ჰაროლდ კონოლის თქმით, ნიმუში არ შეიცავს დამაბინძურებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ვირუსები ან ბაქტერიები.


2020 წლის 21 ოქტომბერს, NASA-ს კოსმოსური ზონდი Osiris-Rex დედამიწიდან 330 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუს ზედაპირს მიუახლოვდა, სადაც ქვისა და მტვრის ნიმუშები შეაგროვა.

"პატარა ციური სხეულის გარშემო ნავიგაცია მარტივი არაა, ზედაპირზე დაშვება არ შეგვიძლია, ამიტომ ზედაპირს მხოლოდ ვაკოცებთ. იქნება 16 კრიტიკული წამი, რომლის განმავლობაში ზონდის მხარი წინ გამოიწევს და ზედაპირს შეკუმშულ აზოტს ესვრის და შემდეგ შეაგროვებს ნიმუშებს." - აღწერდა პროექტის მკვლევარი ჰითერ ენოსი, ნიმუშების აღების მეთოდს.

"მზის სისტემის ასტეროიდების შემადგენლობის ანალიზი საინტერესოა, რადგან ისეთივე ქიმიური შემადგენლობა აქვს შენარჩუნებული, როგორიც ჰქონდა მზის სისტემის პლანეტებს 4.5 მილიარდი წლის წინ". – ამბობდა NASA-ს მეცნიერი, თომას ზურბუხენი. 

კომენტარები