რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფხენიანისგან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, სავარაუდოდ, ომზე დიდი გავლენა ვერ ექნება – მილი

მარკ მილი
CNN

ამერიკელი გენერლის, მარკ მილის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საარტილერიო სამხედრო მასალის მიწოდება უკრაინასთან ომში დიდი განსხვავების მომტანი, სავარაუდოდ, ვერ იქნება.

"იქნება დიდი განსხვავება? მე ამის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი [...] მეეჭვება, რომ ეს გადამწყვეტი იყოს". - თქვა აშშ-ს გენშტაბის უფროსმა ნორვეგიაში ჩასვლისას ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში.

ამერიკელი სამხედრო ოფიცერი ვარაუდობს, რომ  ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ,  ჩრდილოეთ კორეა მოსკოვს საბჭოთა პერიოდის 152 მმ-იან საარტილერიო იარაღს მიაწვდის. თუმცა, მილის თქმით, მისთვის უცნობია იარაღის რაოდენობა და მისი მოსკოვისთვის მიწოდების განრიგი.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინაში მეტი იარაღისა და აღჭურვილობის საჭიროებაა და მოკავშირეები განიხილავენ საკითხის მოგვარების გზას. მილიმ ასევე აღნიშნა, რომ შტატებში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეთა ნაწილი უკრაინის დახმარებას მხარს არ უჭერს. სწორედ ეს საკითხი იქნება მთავარი განსახილველი თემა მომავალ კვირაში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ში ვიზიტის დროს თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს ეწვევა. 

მილი და სხვა თავდაცვის მეთაურები NATO-ს  ქვეყნებიდან,  ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს მახლობლად რეგიონულ თავდაცვით საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე სასაუბროდ 16 სექტემბერს შეიკრიბნენ. შეხვედრების შემდეგ მილი გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრას დაესწრება. აღნიშნული შეხვედრები, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა, 16 სექტემბერს გამართულ სხდომაზე თქვა,  რომ “უკრაინამ შეცვალა თანამედროვე ომის წარმოების ხერხები და ისინი ყოველდღე წინ მიიწევენ. ყოველი წარმატება გამარჯვებასთან დამაახლოებელი კიდევ ერთი ნაბიჯია”. მისი თქმით, რუსული ძალები "უფრო და უფრო მეტ მიწას კარგავენ და მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციებისა და დიპლომატიური იზოლაციის ზემოქმედებას”.

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 13 სექტემბერს, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ციალკოვსკის მახლობლად, კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე გაიმართა. შეხვედრის შედეგები უცნობია, თუმცა დასავლელი მაღალჩინოსნების თქმით მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდების განხილვას გეგმავდნენ, სანაცვლოდ კი კორეის ლიდერი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას შეეცდებოდა.

კომენტარები