უკრაინა-EU

სოფლის მეურნეობის პრობლემების გადაჭრამდე უკრაინა EU-ს ვერ შეუერთდება – პოლონეთი

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რობერტ ტელუსი
Reuters

პოლონეთის მთავრობის დადგენილებით, პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბერს ევროკავშირის დონეზე შეზღუდვების დასრულების შემდეგ გაგრძელდება. მინისტრთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია "უკრაინიდან გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული პრევენციული ზომების გაგრძელებისკენ მიმართული მოქმედებების შესახებ."

პარალელურად, მინისტრთა საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთი ემბარგოს ეროვნულ დონეზე დააწესებს. 

"პოლონეთის მთავრობა ვერ დათანხმდება იმას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა შიდა აგრარული ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ვეხმარებით მეზობლებს, მაგრამ უნდა დავიცვათ პოლონელი ფერმერები." - წერია განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ქვეყნის უკრაინული მარცვლეულით დატბორვას არ დაუშვებს.

"პოლონეთი არ დაუშვებს, რომ ქვეყანა უკრაინული მარცვლეულით დაიტბოროს. ბრიუსელის ოფიციალური პირების გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენ არ გავხსნით ჩვენს საზღვრებს." - თქვა პრემიერმინისტრმა.

ემბარგოს ეროვნულ დონეზე დაწესებასთან დაკავშირებით პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმაც ისაუბრა.

"რეზოლუცია გაეგზავნა ევროკომისიას, რათა მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება [ემბარგოს გახანგრძლივებაზე], რადგან თუ იგი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას დარჩენილ სამ-ოთხ დღეში, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ შესაბამისად პოლონეთისა და უკრაინის სავაჭრო ურთიერთობებში და ავკრძალავთ იმპორტს პოლონეთის ტერიტორიაზე, სანამ ევროკავშირში ეს მდგომარეობა არ მოგვარდება." - თქვა ტელუსმა.

ამასთან, ტელუსის თქმით, უკრაინა ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამ, სანამ სოფლის მეურნეობის ყველა პრობლემა არ გადაიჭრება.

"დღევანდელ პირობებში უკრაინა ვერ შეუერთდება ევროკავშირს, რადგან ეს ზიანს აყენებს პოლონეთის სოფლის მეურნეობას." - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

2023 წლის აპრილში ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. მოგვიანებით მათ გააუქმეს ეს ზომები ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომ დაწესებულიყო ემბარგო უკრაინიდან ოთხი სახის მარცვლეულის  - ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლების მიწოდებაზე ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე. ქვეყნები ახლა ემბარგოს გახანგრძლივებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე ითხოვენ.

კომენტარები