სალომე ზურაბიშვილი

ივანიშვილის წითელ ხაზამდე ამბოხებული პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

ივანიშვილის წითელ ხაზამდე ამბოხებული პრეზიდენტი

ანა გვარიშვილი არის ტაბულას კონტრიბუტორი და საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნებული საგამოძიებო მედია ლაბორატორიის ხელმძღვანელი

როგორც ჩანს, სასურველის რეალობად დანახვის მცდელობა ბევრად ძლიერია, ვიდრე გარემოებებისა და ფაქტების გონივრული განსჯა, სხვაგვარად ვერ აიხსნება ოპოზიციური სამოქალაქო, თუ მედიაელიტის სენტიმენტების ცვლილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. თუმცა, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის ბუნება, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის ფიგურა არ გვაძლევს საშუალებას, ზედაპირული დასკვნებით დავკმაყოფილდეთ. 

ოლიტიკურ რეჟიმში, რომლის საოპერაციო კოდიც სიცრუე და მანიპულაციაა, რეჟიმის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან კონსტიტუციური დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებაზე პრეტენზია განსაკუთრებით მკაცრ გამოცდას უნდა უძლებდეს. სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის პოლიტიკა საზოგადოების თვალში ამ აღიარების მოპოვებას ცდილობს, თუმცა, დემოკრატიული პოლიტიკის იდეალის მკაცრ ღირებულებით გამოცდას ვერ უძლებს. 

კერძოდ, ზურაბიშვილის პოლიტიკური დოსიე წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრულია, რისი საჯარო და დამაჯერებელი ახსნა პრეზიდენტს არც სიტყვით და არც საქმით არ მოუცია. ზურაბიშვილის დუმილი მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ყველაზე ბნელ ასპექტებზე, როგორიცაა მისი პრეზიდენტად არჩევის მანიპულაციები და კრემლისტური პროპაგანდის რუპორობა, ასევე, მისი ახლანდელი პოლიტიკური ბატალიები რეჟიმის ელიტის შიგნით, ამყარებს ეჭვებს, რომ ის კვლავ რჩება რეჟიმის ჩრდილოვანი, სიმულირებული ძალაუფლების თამაშების აქტორად. თუმცა რეჟიმის გამუდმებული მანიპულაციებითა და “ტრიუკებით” გამოფიტული ოპონენტებისთვის მიტაცებული ხელისუფლების წიაღში ნებისმიერი ინსტიტუციური წინააღმდეგობის კერის ნაპერწკალიც კი უკვე ცეცხლად წარმოჩინდება. ზურაბიშვილის “ევროპული” პოლიტიკის მიმართ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ენთუზიაზმი, ალბათ, ამითიც აიხსნება.      

კრემლისტური რიტორიკიდან პროევროპელ ლიდერობამდე

პრეზიდენტი, რომლის ასარჩევადაც რეჟიმი იძულებული გახდა, დემოკრატიული ფასადი შესამჩნევად მოერყია, ბოლო პერიოდში ევროპულობისა და დემოკრატიის მთავარ მედროშედ წარმოაჩენს თავს და რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ნაწილში აღიარებასაც პოულობს. სალომე ზურაბიშვილმა იმდენად მოირგო ახალი ამპლუა, რომ 7 სექტემბერს თავის გამოსვლაში საქართველოს მოქალაქეებს უთხრა:

"მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი".

ალბათ, შთამბეჭდავი იქნებოდა ეს გამოსვლა, სიტყვებს ზურაბიშვილის პოლიტიკური წარსული თანმიმდევრულად რომ ამყარებდეს, თუმცა, მისი პოლიტიკური საქმეები საქართველოში მისი უკვე თითქმის ოცწლიანი პოლიტიკური კარიერიდან ხშირად საპირისპირო დასკვნებისკენ გვიბიძგებს.

პრეზიდენტი თავის ყოველ მეორე გამოსვლაში პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულისკენ მოგვიწოდებს და, მეტიც, ცოტა ხნის წინ ე.წ შერიგების პროცესის მთავარ გარანტორად გვევლინებოდა. თუმცა, ის არსად საუბრობს, რომ დღევანდელმა რეჟიმმა პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც მართვისა და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი, ყველაზე ხისტად სწორედ 2018 წლის არჩევნებსა და მის შემდგომ პერიოდში გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილს არც მაშინ და არც ახლა არაფერი ჰქონია საწინააღმდეგო საარჩევნო მანიპულაციის იმ უკიდურეს ზომებთან, რომლებსაც მხოლოდ არალიბერალური და ავტორიტარული პოპულისტური რეჟიმები იყენებენ საარჩევნო ლეგიტიმაციის ფაბრიკაციისთვის. როდესაც თავს წარმოაჩენს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებულ ლიდერად, რომელიც მისი ევროპული ღირებულებების გამო აირჩიეს, ის კიდევ ერთხელ ცრუობს და ამით მეტად განამტკიცებს სისტემური სიცრუის იმ მანქანას, რომლითაც რეჟიმი მუშაობს.

"დამოუკიდებელი და ზეპარტიული" პრეზიდენტის არჩევიდან 5 წლის თავზე ქართული ოცნების ლიდერები, პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, სიმართლეს იმეორებენ - რომ არა მათი პოლიტიკური გუნდი (და იგულისხმეთ ბიძინა ივანიშვილი), სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვების შანსიც კი არ ჰქონდა.

ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მობილიზება, დაშინება, მოსყიდვა, ოპოზიციური ლიდერების სისხლიანი ბანერები, რუსული პროპაგანდის მთავარი ქართულენოვანი საყრდენის, ტელეკომპანია იმედის “საგანგებო რეჟიმი“ და სისხლისფრად შეფერადებული სტუდია, ქსენოფობიური რიტორიკა - ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც  მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბიშვილს არაევროპულად და არადემოკრატიულად არ მიაჩნდა. ზურაბიშვილს, რომელიც ხშირად ამაყობს იმით, რომ ის საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტია, არც ის ეპრობლემებოდა, რომ მეორე ტურის წინ ქვეყნის მასშტაბით მისი ბანერები ჩამოხსნეს და ქართული ოცნების კაცი ლიდერებით ჩაანაცვლეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად პარტიის კანდიდატი არ ყოფილა.

არანაკლებ წინააღმდეგობრივია პრეზიდენტის პოლიტიკური ბიოგრაფიის ის ასპექტები, სადაც ის რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებით იყო დაკავებული. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი საომარი მოქმედებების დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებდა და ამტკიცებდა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, რუსეთმა მისი, როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის წიგნი “საქართველოს ტრაგედია, 2003-2008“ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ თავის შესაგებელ სარჩელში არგუმენტად გამოიყენა. პრეზიდენტის რანგშიც სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გაამყარა კრემლის ნარატივი აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გუნდი მაშინ პრეზიდენტს იცავდა, 2022 წლის ივლისში, საჯარო დაპირისპირების ფონზე, თეა წულუკიანმა სამთავრობო არხზე სტუმრობისას თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ კანდიდატობისას გაკეთებული განცხადებები ომზე სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. 

2020 წელსაც კი, ზურაბიშვილი ამბობდა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე იყო და მის მიერ რუსეთის “ოკუპანტად”, თუ “აგრესორად” მოხსენიების მიუხედავად, პრეზიდენტს არცერთხელ უთქვამს, რომ მისი პოზიციები ამ ომთან დაკავშირებით შეიცვალა, ან შეფასებისას შეცდომა დაუშვა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მათ, ვინც პრეზიდენტ ზურაბიშვილს უპირობოდ მიუტევა და მასში ახალი, დემოკრატიული ლიდერი დაინახა, მისგან ამ საკითხზე რეფლექსია არ მოუთხოვიათ.

მართალია, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა სხვადასხვა პლატფორმიდან, ხოლო მმართველი გუნდი სოლიდარობის ნაკლებობისთვის გააკრიტიკა, მაგრამ თავად ამ დრომდე არ ჩასულა უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ზელენსკისთვის მხარდაჭერის პირადად გამოსახატად. ახლაც კი, როდესაც ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ სამთავრობო გუნდისგან სრულად დამოუკიდებელია, კიევში ვიზიტს მაინც არ ჩქარობს. მეტიც, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ იმ ქვეყნებს შორის, სადაც პრეზიდენტს წასვლაზე ოფიციალურად უარი ეთქვა, ერთ-ერთი უკრაინა იყო. პრეზიდენტი საომარ მოქმედებაში მყოფ ქვეყანაში ჩასვლას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გეგმავდა, თუმცა, მისი პოლიტიკური ამბოხი ბერლინით, ბრიუსელითა და პარიზით შემოიფარგლა.

მთელი ამ კონტრავერსიის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ეტაპობრივად მოახერხა ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო აქტორებში ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და ქართული ოცნებისგან საჯარო დისტანცირება. ამაში მას იგივე აქტორები დაეხმარნენ.  

ივანიშვილის ჩრდილქვეშ

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა დგას სალომე ზურაბიშვილის უცაბედი მეტამორფოზის უკან, კარგი იქნება, გავიხსენოთ, რა პრინციპებით მართავს ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ გუნდს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის ბუნება თაღლითურია. ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, საკუთარი ძალაუფლება მანიპულაციაზე აქვს დაფუძნებული. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცის ეტაპობრივი მიტაცების შემდეგ რეჟიმი ქმნის მანიპულაციურ, სიმულირებულ პროცესებს, სადაც მოჩვენებით პლურალიზმს ივანიშვილის მარიონეტი აქტორები და ინსტრუმენტალიზებული სასარგებლო იდიოტები ქმნიან. ამას ივანიშვილი არ მალავს და, მეტიც, თავს იწონებს.

დასაწყისიდანვე ივანიშვილის ანტურაჟი მოიცავდა, ერთი მხრივ, პროდასავლური ღირებულებებისა და ღიად პროგრესული იდეების მქონეებსა და, მეორე მხრივ, პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსებს. ასე ის ყველა ტიპის ამომრჩეველზე მუშაობს და ფსონს მოვლენების სხვადასხვაგვარ განვითარებაზე დებს. მაგალითად, 2012 წელს მის გვერდით ერთნაირი წარმატებით იდგნენ დავით უსუფაშვილი და გოგი თოფაძე და მეორეს უფრო რცხვენოდა პირველის, ვიდრე პირველს მეორის. ეს დინამიკა არც მომდევნო მოწვევების პარლამენტში შეცვლილა. 

განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამ მოცემულობაში ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკის მთავარი მოლაპარაკე თავები ისინი არიან, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში ბალანსისთვის ევროპულ იდეალებს იცავდნენ, მეორე მხრივ კი, მათ წინააღმდეგ საჯარო კონფრონტაციაში სალომე ზურაბიშვილი დგას.

პოლიტიკით დაინტერესებულთა ნაწილისთვის ზურაბიშვილის ეს უცაბედი ცვლილება არცთუ ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი თავად აღიარებს, როგორ ატარებს "პატარა ტრიუკებს" ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 

მეორე ნაწილისთვის კი ეს მოსაზრება კონსპირაციის თეორიას ჰგავს. მათ ბოლომდე ვერ გავამტყუნებთ - ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებაში ოპოზიციური სამოქალაქო, თუ მედია ელიტა ისე ხშირად საუბრობს რეჟიმის ჩრდილოვან მაქინაციებზე საკუთარი მარცხის ასახსნელად, რომ მათი დისკურსი შეიძლება ზოგს პარანოიდულად მოეჩვენოს. შესაბამისად, რეჟიმის პროპაგანდა ხშირად ახერხებს ამაზე კაპიტალიზაციას. ოპოზიციური ელიტების პარანოიდად მარგინალიზაციას ხელს უწყობს მათში თვითკრიტკული რეფლექსიის ნაკლებობა. ისინი თითქმის არ საუბრობენ საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობაზე, მაშინ როდესაც ყველაფერს მიაწერენ რეჟიმის მანიპულაციებს. ოპოზიციური ელიტების ამ ნაკლის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მათი სრულად პარანოიდულად შერაცხვა და რეჟიმის თაღლითური ბუნების უარყოფა გონივრულ საფუძველს მოკლებულია. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემთხვევაც კონსპიროლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ მანიპულაციების ეჭვები ფაქტებითა და გარემოებების ანალიზით არის გამყარებული. უპირველეს ყოვლისა, თუ დავუშვებთ, რომ ზურაბიშვილის თვითნებობა ივანიშვილის თამაშის ნაწილია და მის შედეგებსაც დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ევროპული ფონით, ფრანგული ესთეტიკითა და "ამბოხით" სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო სატყუარაა - ის მარტივად იწვევს სიმპათიას პროევროპული ელიტების თვალში. 

მეორე დაკვირვებადი ფაქტი ისაა, რომ ქართულ ოცნებასთან ღია კონფრონტაციის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი არასდროს ესხმის თავს ივანიშვილს. ერთი წლის წინაც კი, თავის საგანგებო ბრიფინგზე, სადაც მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა "ბრიუსელში გაფუჭებული საქმის" გამო, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირისგან დაიცვა. კერძოდ, მან დაუსაბუთებელი ბრალდებები უწოდა ევროპარლამენტის სარეზოლუციო ტექსტში მოყვანილ ფაქტებს ივანიშვილის არაფორმალური ძალაუფლებისა და რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, ამაზეც პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა. 

ამ ბრიფინგიდან ერთი წლის შემდეგ, მარტის აქციების დროს მედიისთვის მიცემული ინტერვიუსას, სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა, ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რაც მისი ფინანსური მდგომარეობითა და მედიასა თუ პოლიტიკურ პარტიებზე გავლენებით ახსნა. თუმცა, ამ და ყველა სხვა ინტერვიუსა თუ გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილი ჯიუტად იმეორებს, რომ არ იცის, რა როლი უკავია ბიძინა ივანიშვილს პარტიაში და არის თუ არა ეს როლი გადამწყვეტი. 

ამ ყველაფრით სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ივანიშვილის მიერ შექმნილ მითს, რომ ის ქართული პოლიტიკიდან წავიდა, ქართული ოცნების გუნდი კი მისგან სრულად დისტანცირებული და დამოუკიდებელია. 

ბუტაფორიული და ზედაპირული კრიტიკის მიღმა, რომელიც ძირითადად 12 რეკომენდაციის ირგვლივ ტრიალებს, ზურაბიშვილი არ ეხება არცერთ თემას, რომელიც რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. მაგალითად, შოვის ტრაგედიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია არცერთი განცხადება, სადაც ის მომხდარის გამოძიებას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მთელი მისი იმ პერიოდის განცხადებები ეფუძნება მხოლოდ სენტიმენტებს და ტრაგედიის წინაშე გაერთიანებისკენ მოწოდებას. 

მოსაზრება, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა, შესაძლოა, გაემყარებინა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურას, თუმცა, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავად თქვა, რომ ეს მხოლოდ ფორმალური კონსტიტუციური მოთხოვნების დასაცავად იყო მიმართული და პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების მიზანი არ ჰქონიათ. 

ირაკლი კობახიძემაც, თავის მხრივ, იმპიჩმენტის მიზნად არა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება, არამედ მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია დაასახელა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობა და მისი კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ დღის წესრიგთან აფილაცია (იმაზე მითითებით, რომ პარლამენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიჩნეულ პრეზიდენტს ვერ გადააყენებს საპარლამენტო ოპოზიციის უარის გამო). 

ვის უნდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი თამაშის, ძირითადად, სჯერათ მათ, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს ცდილობს თავისი მარიონეტების ხელით. მათი ლოგიკა შემდეგნაირია: ივანიშვილი რუსეთის მართულია; რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ევროკავშირში იყოს და რუსულ ორბიტას მოსწყდეს; შესაბამისად, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ეს ლოგიკა გასაგებია, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, რამდენადაც სრულად ვერ აბათილებს იმ დაშვებასაც, რომ შეიძლება ივანიშვილს ასევე უნდოდეს კანდიდატის სტატუსიც თუ მის პირად ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქრება. 

 ზურაბიშვილის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს არსებული რეჟიმის პირობებში. არსად ჩანს, რომ მას ინტეგრაციასთან შეუთავსებლად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება. ამ პირობებში გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მისი ქმედებები ივანიშვილის მიზნებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი საკუთარი პერსონალური ძალაუფლებისა და ამ ძალაუფლების გამამტკიცებელი რეჟიმის ცვლილების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ოპტიმალურ სარგებელს მიიღებს - სტატუსის მიღებით შეინარჩუნებს პროევროპელი ამომრჩევლის სიმპათიას და მის ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნება.

ბუნებრივია, რომ დანამდვილებით ვერ გვეცოდინება, რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი და რამდენად გულწრფელია მისი სახეცვლილება. მისი მეტამორფოზა პირადი ინტერესითაც კი შეიძლება აიხსნას - არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ამ დრომდე ფრანგულ პენსიას იღებს და სრულიად ბუნებრივი იქნება, ვადის ამოწურვის შემდეგ ის ევროპულ ინსტიტუციებში კარიერას უმიზნებდეს ან ევროპულ საჯარო სივრცეში ადგილს. თუმცა, ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, დამოუკიდებელია, თუ მართული, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები უფრო ეხმარება ივანიშვილს, ვიდრე ხელს უშლის მას, შეინარჩუნოს ძალაუფლება შიგნით და იმიჯი ქვეყნის გარეთ. მეტიც, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პოლიტპატიმარია, რთულია, დაიჯერო ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა და მისი ევროპული პოლიტიკის თანმიმდევრულობა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როცა თქვა - "პრეზიდენტს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს".

კომენტარები