საქართველო-ევროკავშირი

ბერბოკი: უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველო შევლენ EU-ში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ბერბოკმა იგივე გაიმეორა საქართველოზეც, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში დაამატა, რომ ეს შედარებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა.

"ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, ვინმე თუ ამის პროგნოზირებას შეძლებდა ხუთი წლის წინ. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რათა ვუზრუნველყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი, რომელსაც 30-ზე მეტი წევრი ეყოლება, იქნება ძლიერი კავშირი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარით". – თქვა ბერბოკმა. 

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს ქართულმა ოცნებამ მაისში გადასცა. 

საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა უკრაინამ და მოლდოვამაც. ამ ქვეყნებმა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად თბილისს 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.

რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება. წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, 22 ივნისს, რეკომენდაციების შესრულების შუალედური ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. 

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები