ადამიანი

დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა – კვლევა

History Museum, London, via Alamy

ახალი კვლევის თანახმად, დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა. ამ პერიოდში თანამედროვე ადამიანის უძველესი წინაპრების გლობალური პოპულაცია 1 280 ინდივიდამდე შემცირდა და დაახლოებით 117 ათასი წლის განმავლობაში ამ რაოდენობას ინარჩუნებდა.

31 აგვისტოს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული, კომპიუტერულ მოდელზე დაფუძნებული კვლევა ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში მოღვაწე მეცნიერებს ეკუთვნით. სტატისტიკური მეთოდისთვის 3 154 ადამიანის გენომი გამოიყენეს.

მეცნიერების დასკვნით, კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანის პოპულაციის კრახი გამოიწვია, ადამიანის სახეობაზე ბოთლის ყელის ეფექტმა იმუშავა და ინდივიდების რაოდენობა დაახლოებით 98 ათასიდან 1 280-მდე შემცირდა.

ბოთლის ყელის ეფექტი ევოლუციური მექანიზმის, გენების დრეიფის უკიდურესი ფორმაა, რომლის დროსაც ბუნებრივი კატასტროფის, თუ სხვა მიზეზის გამო ინდივიდების უმრავლესობა იხოცება და მხოლოდ მცირე რაოდენობა აგრძელებს არსებობას.

ამ ცვლილებებმა, სავარაუდოდ, გამოიწვია ადამიანის ახალი სახეობების, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის განვითარება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პრიმატებს 24 წყვილი ქრომოსომა აქვთ, მაშინ როდესაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ 23. მათი ანალიზით, კლიმატის ცვლილებას 24 წყვილი ქრომოსომის მქონე ინდივიდებმა ვერ გაუძლეს, რის საფუძველზეც მცირე რაოდენობის, 23 წყვილი ქრომოსომის მქონე პოპულაცია გადარჩა და თანამედროვე ადამიანის ევოლუციას დაუდო სათავე.

ახალ კვლევას კრიტიკოსებიც ჰყავს. ლაიფციგის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკოსის, შტეფან შიფელსის თქმით, კვლევა საკმარისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

"მიგნება მართლაც გამაოგნებელია და ვფიქრობ, რაც უფრო გამაოგნებელ რამეს ამტკიცებ, მით უკეთესი მტკიცებულება გჭირდება". - თქვა შიფელსმა.

კომენტარები