სერიული მკვლელი - ლუსი ლეტბი

ლუსი ლეტბის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ჩვილების სერიული მკვლელი მედდის საქმე

სერიული მკვლელი - ლუსი ლეტბი

ლუსი ლეტბის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ჩვილების სერიული მკვლელი მედდის საქმე

ბრიტანელ მედდას, ლუსი ლეტბის დანაშაულისთვის, რომელიც ათობით ჩვილის მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას მოიცავდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა. დიდ ბრიტანეთის ისტორიაში ლეტბი გახდა მეოთხე ქალი, რომელსაც სასჯელის სახით უვადო პატიმრობა შეუფარდეს.

ლუსი ლეტბი 2018 წლის ივლისში სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ახალშობილთა მედდა, რომელიც იმ დროს 28 წლის იყო, წარმოუდგენელ დანაშაულებზე დაკითხეს. ის გაერთიანებულ სამეფოში თანამედროვეობის ბავშვთა ყველაზე დიდი სერიული მკვლელი გახდა.

"მე მქონდა საკმაოდ აქტიური სოციალური ცხოვრება, რეგულარულად დავდიოდი სალსას გაკვეთილებზე და სპორტულ დარბაზში, ვატარებდი შვებულებას მეგობრებთან ერთად". - ამბობდა ლეტბი დაკავების შემდეგ.

იგი თავდაპირველად გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დააკავეს და საბოლოოდ ბრალი 2020 წლის ნოემბერში წარუდგინეს.

თავდაპირველად მის წინააღმდეგ წაყენებული 22-ვე ბრალდება მედდამ მტკიცედ უარყო, მაგრამ დღეს, 21 აგვისტოს, მანჩესტერის სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და 33 წლის ყოფილ მედდას 7 ბავშვის მკვლელობისა და 10 ბავშვის მკვლელობის მცდელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ლეტბის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი 110 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა.

პირველი ეჭვი ლუსი ლეტბის შესახებ:

2015 წლის ივნისამდე ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში წელიწადში, დაახლოებით, ორი ან სამი ბავშვი იღუპებოდა, მაგრამ 2015 წლის ზაფხულიდან მდგომარეობა უჩვეულოდ შეიცვალა. მხოლოდ ივნისის ორი კვირის განმავლობაში სამი ბავშვი გარდაიცვალა. სიკვდილი მოულოდნელი იყო, ამიტომ ექიმმა სტივენ ბრეირმა, ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, განყოფილების მენეჯერს, ეირიან პაუელს და საავადმყოფოს საექთნო განყოფილების დირექტორს, ელისონ კელის პირველი ეჭვით მიმართა.

"ვცდილობდით, ჩვენი მსჯელობა ყოფილიყო რაც შეიძლება საფუძვლიანი" - ამბობს ექიმი ბრეირი. მიუხედავად იმისა, რომ ლუსი ლეტბი მორიგე მედდა იყო გარდაცვალების სამივე დღეს, ეჭვი მის შესახებ არავის გასჩენია. ჩანდა, რომ გარდაცვალების სამ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდა. არავის, მათ შორის ექიმ ბრეირის, ლეტბიში ეჭვი არ შეჰპარვია.

2015 წლის ოქტომბერში ყველაფერი შეიცვალა - კიდევ ორი ბავშვი გარდაიცვალა და ლეტბი ორივე შემთხვევაში მორიგეობდა.

ამ დროისთვის ექიმი ბრეირი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ლეტბი, შესაძლოა, მართლაც აყენებდა ბავშვებს ზიანს. ის კვლავ დაუკავშირდა განყოფილების მენეჯერს ეირიან პაუელს, რომელიც, როგორც ჩანს, არ იზიარებდა მის შეშფოთებას. 2015 წლის ოქტომბერში მან ლეტბისა და ბავშვის მოულოდნელ სიკვდილს შორის კავშირი შეაფასა როგორც "სამწუხარო". 

"სიკვდილის თითოეული მიზეზი განსხვავებული იყო, ლეტბის მორიგეობა კი მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევა". - თქვა მან.

ხელმძღვანელები ამ ფაქტს არ შეუწუხებია. იმავე თვეს, 2015 წლის ოქტომბერში ექიმი ბრეირი ამბობდა, რომ მისი შეშფოთება ლეტბის შესახებ გადასცა საექთნო განყოფილების დირექტორს, ელისონ კელის, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია.

ლეტბის გამო შეშფოთებული იყვნენ ექიმი ბრეირის სხვა თანამშრომლებიც და ეს მხოლოდ ჩვილების მოულოდნელი სიკვდილით არ იყო გამოწვეული. სხვა ჩვილებში გამოვლინდა არალეტალური კოლაფსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სჭირდებოდათ სასწრაფო რეანიმაცია ან სასუნთქი აპარატი და ამ ყველაფერს კლინიკური ახსნა არ ჰქონდა. ლეტბი ყოველი მსგავსი შემთხვევისას მორიგე იყო.

Baby E და Baby F:

Baby E და Baby F არიან ტყუპები, რომლებიც ლეტბის მსხვერპლთა სიაში მოხვდნენ. ტყუპების დედამ რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ, 2015 წლის ვალენტინობას გაიგო, რომ ტყუპებზე იყო ორსულად.

2015 წლის ზაფხულში ტყუპები ნაადრევად დაიბადნენ. მაშინ, როცა დედა ბავშვებთან გამოსაკვებად მიდიოდა, განწირული ტირილის ხმა გაიგონა, ბავშვებთან მისულმა კი დაინახა, რომ Baby E-ს პირთან სისხლი ჰქონდა. ტყუპების დედის გარდა ლეტბი ოთახში ერთადერთი ადამიანი იყო და ის ჩვილის დახმარებას არ ცდილობდა. 

ლეტბიმ აღელვებულ დედას უთხრა, რომ ბავშვის კვების მილი ყელის უკანა მხარეს ეხებოდა, რაც სანერვიულო არ იყო და პალატაში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით კი, ექთნებმა მშობლებს უთხრეს, რომ BABY E-ს ვერ გადაარჩენდნენ. ბავშვი დედის მკლავებში გარდაიცვალა. ექიმებმა Baby E-ს გარდაცვალების მიზეზად დაასახელეს ნაწლავის მდგომარეობა და ნაადრევი დაბადება.

რამდენიმე დღეში მედდამ მშობლებს Baby F-ის ფოტო აჩვენა. მისი თქმით, ბავშვი ისე ეხუტებოდა სათამაშო დათუნიას, რომ არ შეეძლო, ფოტო არ გადაეღო. ეჭვები ლეტბის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხვდნენ, რომ ჩვილის კუნთები საკმარისად განვითარებული ვერ იქნებოდა იმისთვის, რომ სათამაშოსთვის ხელი მოეხვია.

დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც  სამედიცინო ექსპერტებმა თქვეს, რომ Baby E-ს გარდაცვალების მიზეზი, რეალურად, შინაგანი სისხლდენა და ჰაერის შეყვანა იყო. Baby F-ის მდგომარეობა კი, ორგანიზმში ინსულინის შეყვანამ დაამძიმა. როგორც მშობლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ Baby F გადარჩა, ის დღეს მაინც აწყდება სირთულეებს ბავშვობაში მიყენებული ტრავმის გამო.

Baby O და Baby P - ლეტბი სამი ტყუპიდან ორს კლავს:

ივნისის დასაწყისში კიდევ ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მოულოდნელი დამძიმების შემდეგ, ამავე თვის ბოლოს ნაადრევად დაბადებული სამი ტყუპიდან ორი მოულოდნელად, 24-საათიანი შუალედით გარდაიცვალა. ლეტბი ცვლაში იყო ორივე გარდაცვალების დღეს.

მეორე ტყუპის გარდაცვალების შემდეგ ექიმი ბრეირი იხსენებს, რომ ტრავმირებული პერსონალისთვის შეხვედრა დაინიშნა. ის ამბობს, რომ მაშინ, როცა სხვები დამწუხრებულნი იყვნენ მომხდარის გამო, ლეტბი თავს ასე სულაც არ გრძნობდა.  

"არა, ხვალ ცვლაში დავბრუნდები". - ამბობდა ლეტბი და მეორე დღეს ის საკმაოდ ბედნიერი და თავდაჯერებული მივიდა სამსახურში.

ექიმი ბრეირისთვის და მისი კოლეგა კონსულტანტებისთვის ორი ტყუპის გარდაცვალება გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ექიმი ბრეირი ამბობს, რომ იმ საღამოს მან მოვალეობის შემსრულებელს, კარენ რისს დაურეკა და ლეტბის სამსახურიდან გაეთავისუფლება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ექიმი ბრეირი ამბობდა, რომ ის კარენ რისს დაუპირისპირდა და ჰკითხა, იღებდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას შვიდი კონსულტანტი პედიატრის სურვილის საწინააღმდეგოდ და იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც შეიძლება მომდევნო დღეებში სხვა ჩვილებს მოსვლოდათ. მისი თქმით, ქალბატონმა რისმა უპასუხა - "დიახ".

შემდეგ დღეს კიდევ ერთი ბავშვი - ცნობილი, როგორც Baby Q - კინაღამ გარდაიცვალა, ლეტბი კვლავ მორიგე იყო. მედდამ კიდევ სამ ცვლაში იმუშავა, სანამ საბოლოოდ არ გაათავისუფლეს ახალშობილთა განყოფილებიდან. ამის შემდეგ კი, საეჭვო შემთხვევები შეჩერდა.

მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს იმას, თუ
​​​​ საავადმყოფოს რომელი თანამშრომელი იყო მორიგე, როცა ბავშვები ცუდად ხდებოდნენ ან იღუპებოდნენ

მიუხედავად ყველაფრისა, ლეტბის შეჩერებას მაინც ვერ ახერხებდნენ. ის საავადმყოფოს სხვა განყოფილებაში, რისკებისა და პაციენტების უსაფრთხოების ოფისში გადაიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, აქ მას წვდომა სენსიტიურ დოკუმენტებზე ჰქონდა, რომლებიც საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებას ეხებოდა. მას ასევე ახლო კავშირი ჰქონდა ზოგიერთ უფროს მენეჯერთან, რომელთა მოვალეობაც ლეტბის კონტროლი იყო.

2016 წლის 29 ივნისს ერთ-ერთმა კონსულტანტმა საავადმყოფოს ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია: "ამ მომენტისთვის ჩვენ ყველას გვაქვს ეჭვი და ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია გამოძიება ჩაატაროს, მჯერა, რომ პოლიციაა".

საავადმყოფოს მენეჯერები სხვაგვარად ფიქრობდნენ. "ვიღებთ შესაბამის ზომებს". - წერდა სამედიცინო დირექტორი იან ჰარვი თავის პასუხში და ყველა ელექტრონული მიმოწერა დაუყოვნებლივ წყდება.

ორი დღის შემდეგ კონსულტანტები უფროს მენეჯმენტთან შეხვედრას დაესწრნენ. მათი თქმით, იურიდიული სერვისების ხელმძღვანელმა, სტივენ კროსმა გააფრთხილა, რომ პოლიციის გამოძახება საავადმყოფოსთვის კატასტროფა იქნებოდა და ახალშობილთა განყოფილებას კრიმინალურ სივრცედ გადააქცევდა.

პოლიციაში მისვლის ნაცვლად, მისტერ ჰარვიმ მოიწვია პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის (RCPCH) წარმომადგენლები, რათა ახალშობილთა განყოფილებაში მომსახურების დონისთვის გადაეხედათ.

შემოწმება არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტიანი, როგორსაც კონსულტანტები მოელოდნენ - ექიმი ჰოდონის მოხსენებამ რეკომენდაცია გაუწია 4 ბავშვის გარდაცვალების სასამართლო ექსპერტიზით გამოძიებას, მაგრამ მის სიტყვებს რეაგირება არ მოჰყოლია.

2017 წლის იანვრის დასაწყისში საავადმყოფოს საბჭო შეიკრიბა და დირექტორმა ჰარვიმ ორი შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნა წარმოადგინა. ორივემ რეკომენდაცია გაუწია ბავშვის გარდაცვალების შემდგომ გამოძიებას - და მაინც, ამ შეტყობინებამ ვერ მიაღწია საბჭოს წევრებამდე.

შეხვედრის ჩანაწერების თანახმად, ჰარვი ამბობს, რომ ჩატარებული შემოწმებით დასტურდება ახალშობილთა განყოფილების პრობლემების კავშირი ხელმძღვანელობასთან და დაგვიანებულ ჩარევასთან.

რამდენიმე კვირის შემდეგ, 2017 წლის იანვრის ბოლოს ახალშობილთა განყოფილების 7 კონსულტანტი უფროს მენეჯერებთან შეხვედრაზე დაიბარეს, მათ შორის ჰარვისთან და საავადმყოფოს აღმასრულებელ დირექტორთან, ტონი ჩემბერსთან. ექიმის ცნობით, აღმასრულებელი დირექტორი კონსულტანტებისგან დაჟინებით მოითხოვდა, ლეტბისთვის ბოდიში მოეხადათ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი "ზღვარს გადასცდებოდნენ", ამას აუცილებლად მოჰყვებოდა რეაგირება.

ექიმი ბრეირის თქმით, გრძნობდა, რომ მენეჯერები ცდილობდნენ ისეთი ნარატივის შექმნას, რომ მათი პოლიციასთან თანამშრომლობა საჭირო არ გამხდარიყო. თუმცა, კონსულტანტებმა უკან არ დაიხიეს. ორ თვეში მათ პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს, ბრეირიმ და მისმა კოლეგებმა ჩეშირის პოლიციასთან საქმის განსახილველად თანამშრომლობა დაიწყეს.

ჩეშირის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოში ბავშვის საეჭვო გარდაცვალების შესახებ. გამოძიებას ეწოდა ოპერაცია Hummingbird.

მტკიცებულება მოწამვლის შესახებ და დაპატიმრება:

2018 წელს ლეტბი ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული და კვლავ მუშაობდა საავადმყოფოს რისკებისა და პაციენტების უსაფრთხოების ოფისში, მაგრამ ოპერაცია Hummingbird დაწყებული იყო და ექიმი ბრეირი პოლიციას გამოძიებაში ეხმარებოდა.

ერთ-ერთ საღამოს ბრეირი სამედიცინო ისტორიას კითხულობდა, როდესაც ერთი ბავშვის 2015 წლის სისხლის ანალიზში ინსულინის სახიფათო დონის შესახებ ცნობა აღმოაჩინა.

ტესტის შედეგის მნიშვნელობა 2015 წელს ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს ინსულინს, მაგრამ პარალელურად ის წარმოქმნის ნივთიერებას, რომელსაც C-პეპტიდი ეწოდება. პრობლემა, რომელიც ექიმმა ბრეირიმ შენიშნა, ისაა, რომ ჩვილის ორგანიზმში C-პეპტიდის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდებოდა. ეს წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას, რომ ინსულინი ბუნებრივად, ბავშვის ორგანიზმის მიერ კი არ იყო წარმოებული, არამედ ხელოვნურად შეიყვანეს.

"ამ ფაქტმა თავი ცუდად მაგრძნობინა" - იხსენებს ექიმი ბრეირი. მისთვის აშკარა იყო, რომ ბავშვი ინსულინით მოწამლეს.

რამდენიმე თვის შემდეგ ლეტბი დააპატიმრეს და ლიცენზია შეუჩერეს, თუმცა უკვე სამი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ექიმმა ბრეირიმ პირველი განგაში ატეხა.

2018 წელს ტონი ჩემბერსი გადადგა და თქვა -  "ჩადენილი დანაშაული შემაძრწუნებელია და მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ. როგორც აღმასრულებელი დირექტორი, მე ყურადღებას ვამახვილებდი ბავშვთა განყოფილების უსაფრთხოებაზე, პაციენტებისა და პერსონალის კეთილდღეობაზე. მე ვიყავი ღია და ინკლუზიური". მანვე დასძინა, რომ მზად იყო, ღიად ეთანამშრომლა ნებისმიერ შემდგომ გამოძიებასთან.

ლეტბის მიერ საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილების დატოვების შემდეგ - შვიდი წლის განმავლობაში ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოში ჩვილთა გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა აღრიცხეს.

გამოძიების პერიოდში ასევე ნაპოვნია ლუსი ლეტბის ჩანაწერი: "მე არ ვიმსახურებ ცხოვრებას. მე ისინი განზრახ მოვკალი, რადგან არ ვარ საკმარისად კარგი მათზე ზრუნვისთვის. მე საშინელი, ბოროტი ადამიანი ვარ. ეს მე გავაკეთე".

ლუსი ლეტბის ჩანაწერი

ლეტბის ადვოკატის, ბენჯამინ მაიერსის მტკიცებით, ლეტბი "ერთგული მედდა იყო  წარუმატებელ სისტემაში". ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრალდებები იყო წაყენებული. რაც შეეხება მედდის მიერ დაწერილ წერილს, როგორც ლეტსბის წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ სამხილს, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჩანაწერი ახალგაზრდა ქალის შიშისა და სასოწარკვეთის გამოხატულება იყო და მაშინ დაწერა, როცა უმუშევრობის პრობლემა ჰქონდა და პარალელურად საჩივრების გამო თავის მართლება უწევდა.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ ვერ იპოვეს თავდასხმის მოტივი და სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გაიგებენ, თუ მასზე თავად ლეტბი არ ილაპარაკებს. ერთ-ერთი მოკლული ჩვილის მამას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლეტბი ფსიქოპატია, რასაც გარდაცვლილი ბავშვისკენ მიმართული მისი ბედნიერი მზერა უფრო მეტად ამტკიცებს. 

მთავრობამ ლუსი ლეტბის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. საჯარო გამოძიების საჭიროებაზე პირველად იუსტიციის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, სერ რობერტ ბაკლენდმა ილაპარაკა, მოგვიანებით კი მასზე ყურადღება ჩესტერის დეპუტატმა, სამანტა დიქსონმაც გაამახვილა.

ამავდროულად, ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დამოუკიდებელი გამოძიება მიზნად ისახავდა პასუხის გაცემას იმ ჩვილების მშობლებისთვის, რომლებიც ლეტბიმ მოკლა ან დააზიანა.

ჯანდაცვის მინისტრმა, სტივ ბარკლეიმ ჩვილების მშობლებზე საუბრისას აღნიშნა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმა ისმის და ისინი ჩართულნი იქნებიან გამოძიების მსვლელობაში, თუ მათ სურთ ამის გაკეთება. ეს დაგვეხმარება იმის დადგენაში, თუ სად და როგორ ვერ მოხერხდა პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა”.

დეტექტივები განიხილავდნენ საავადმყოფოში მოთავსებულ დაახლოებით 4 000 ბავშვზე მზრუნველობის საკითხს, სანამ ლეტბი ახალშობილთა მედდად მუშაობდა. მიმოხილვა მოიცავს მის სამუშაო ადგილს ლივერპულის ქალთა საავადმყოფოში 2012 და 2015 წლებშიც.

დეტექტივის ზედამხედველმა პოლ ჰიუზიმ თქვა: “ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ ყოვლისმომცველი გამოძიება, რათა ახალშობილთა განყოფილებაში, რომელშიც ლუსი ლეტბი მუშაობდა, შევამოწმოთ თითოეულ ბავშვზე ზრუნვის პროცესი”.

ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით კი საკითხს, თუ როგორი რეაგირება მოჰყვა საავადმყოფოს პერსონალის შეშფოთებას, თავად გამოიძიებდა, რადგან BBC-ის გამოძიებით დადგინდა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა ექიმების გაფრთხილებები ლეტბის შესახებ უგულებელყვეს.

კომენტარები