შტორმი ჩინეთში

ჩინეთში ბოლო 140 წლის უდიდესი შტორმია – მთავრობა კლიმატზე დისკუსიის შეფერხებას უარყოფს

ფილიპინებიდან დაძრულმა შტორმმა დოქსურმა გასულ კვირას ჩინეთის სამხრეთ ფუჯიანის პროვინციას დაარტყა და ამჯერად ქვეყნის ჩრდილოეთი მოიცვა. მთელი ივლისის საშუალო ნალექი პეკინს 40 საათში დაატყდა თავს. პეკინის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამგვარი ნალექი უძლიერესია რეგიონში სხვა მონაცემებს შორის, რომლის აღრიცხვაც 140 წლის წინ დაიწყო. ძლიერი წვიმა დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე რამოდენიმე დღეა გრძელდება. დაიტბორა რამოდენიმე ქალაქი.

შტორმი, რომელსაც პეკინში უკვე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ექსტრემალური ამინდის უახლესი შემოტევაა, რაც შიშს აღძრავს მეცნიერთა შორის გლობალური დათბობის ტემპთან დაკავშირებით. მათი თქმით, ამ ზაფხულს ჩინეთში (ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში) დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კლიმატის კრიზისის კიდევ ერთი შედეგია.

ამ მდგომარეობის ფონზე ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ ისმის ბრალდებები, რომ მათ უარი თქვეს მიეღოთ აქტიური მონაწილეობა კლიმატური კრიზისის შესახებ სხვა ქვეყნებთან საკვანძო მოლაპარაკებებში, რომელიც გასულ კვირას ინდოეთში გამართულ G20-ის შეხვედრებზე მიმდინარეობდა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს უწოდა "სრულიად შეუსაბამო ფაქტებთან" და უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მან ხელი შეუშალა დისკუსიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრ კლიმატურ ცვლილებისა და მასთან საბრძოლველი გზების შესახებ.

სამდღიანი განხილვის შემდგომ ამ კონფერენციის მონაწილე ძირითადი ქვეყნების ჯგუფმა ვერ გამოსცა ერთობლივი კომუნიკე ან სამოქმედო გეგმა ემისიებისა და წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებისათვის. ჯგუფმა მოლაპარაკების შემდეგ განცხადებაში აღიარა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ზომები "არასაკმარისი" იყო.

ევროპული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა და ნავთობით მდიდარმა საუდის არაბეთმა უარი თქვეს შეხვედრებზე ვალდებულებების აღებაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის "წუხს" შეთანხმების ვერ მიღწევის გამო, თუმცა, ამბობს, რომ ეს გამოწვეული იყო სხვა ქვეყნების მიერ "უმიზეზოდ" წამოყენებული "გეოპოლიტიკური საკითხებით".

ჩინეთმა, რომელზეც გლობალური ქვანახშირის წარმოების ნახევარზე მეტი მოდის, განაცხადა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მათი CO2 ემისიები ჯერ კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე შეერთებული შტატების. სუფთა ენერგიისადმი ინტერესის მიუხედავად, ჩინეთში წიაღისეული საწვავის მოხმარება კვლავ იზრდება და 2026 წლამდე ნახშირის მოხმარების შემცირება არ იგეგმება.

კომენტარები