5G ინტერნეტი

მაგთიკომი და სილქნეტი კომუნიკაციების კომისიას 5G აუქციონის პირობების გამო აკრიტიკებენ

კომუნიკაციების კომისია

მობილური კავშირგაბმულობის ორი უმსხვილესი ოპერატორი, ტელეკომ ბაზრის 70%-ზე მეტის მფლობელი მაგთიკომი და სილქნეტი კომუნიკაციების კომისიას 5G ინტერნეტის დანერგვის აუქციონის პირობების გამო აკრიტიკებენ. კომპანიებმა განცხადებები მას შემდეგ გაავრცელეს, რაც კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი დასრულებულად გამოაცხადა, ხაზი მაგთიკომისა და სილქნეტის არმონაწილეობას გაუსვა, ხოლო ერთადერთ გამარჯვებულად კომპანია სელფი (ყოფილი ბილაინი) გამოაცხადა.

მაგთიკომის და სილქნეტის განცხადებით, კომისიამ 5G ქსელის ასაგებად აუქციონზე ისე გამოიტანა სიხშირეები, რომ უპირობოდ უბიძგებდა ოპერატორებს სრულყოფილი, ხარისხიანი ქსელის შესაქმნელად შეეძინათ სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.

MVNO მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორების კატეგორიაა – კომპანიები, რომლებიც არ ფლობენ უკაბელო ქსელების საკუთარ ინფრასტრუქტურას. ისინი მომხმარებლებს ემსახურებიან საკუთარი ბრენდის ქვეშ, თუმცა იყენებენ ძირითადი ოპერატორების ინფრასტრუქტურას.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ მათ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანია მაგთიკომის და სილქნეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები "სრულად გაითვალისწინა".

"თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ. ტელეკომ ოპერატორების, კერძოდ მაგთიკომის და სილქნეტის მოთხოვნა იყო, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კომისია MVNO ვალდებულების და ფასდაკლების  გარეშე, ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს.

სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ შეფერხებულიყო, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კომბინირებულ და ორ ცალკე მდგომ ლოტზე აუქციონი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე გამოაცხადა. მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, კომპანიებმა როგორც საჯარო სხდომაზე, ისე სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობა არ შეასრულეს და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს". – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

მაგთიკომის პოზიცია

კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტყუილსა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს. მაგთიკომის განცხადებით, კომისია ცდილობს თავისი წარუმატებლობა 5G აუქციონთან დაკავშირებით (რაც ევროკავშირის რეკომენდაციაა) სხვებს გადააბრალოს.

"იმისათვის, რომ სრულყოფილი 5G ქსელი აიგოს, საჭიროა ოპერატორ კომპანიას შეძენილი ჰქონდეს სიხშირეები 3400-3700 მგჰც და 700 მგჰც დიაპაზონიდან. რომელიმე სიხშირის შესაბამისი რაოდენობის/ზოლის არ ქონა ხსენებული დიაპაზონიდან გამოიწვევს უხარისხო 5G ქსელს, ასევე, კომისია აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც მშვენივრად მოეხსენება კომისიას. მიუხედავად ამისა, კომისიამ 5G ქსელის ასაგებად ისე გამოიტანა სიხშირეები, რომ უპირობოდ უბიძგებდა ოპერატორს სრულყოფილი, ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეეძინა სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით". – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მაგთიკომი არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მომგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის და არა კომისიის ძალდატანებით, სადაც კომისია უკვე განსაზღვრულად მოიაზრება დაძალებითი MVNO-ს მხარედ და არა ნეიტრალურ არბიტრად.

"მაგთიკომი ებრძვის და წინააღმდეგია, როდესაც კომისია არაბუნებრივ ინტერესს ავლენს იძულებითი MVNO-ის საკითხის მიმართ, იქცევა ტენდენციურად, არაკვალიფიციურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების/კვლევის გარეშე გააჩინოს ან შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, კომისიის მიერ წინასწარ, ცბიერად დაგეგმილი და ხელოვნური რისკის მატარებელი ხდება მაგთიკომისათვის". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, ისინი 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც "კომისია ტყუილების ტირაჟირების ნაცვლად აირჩევს საქმიან მიდგომას, მოისმენს და გაითვალისწინებს დარგში მოღვაწე სუბიექტების ხმას".

სილქნეტის პოზიცია

სილქნეტის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ავრცელებლს ინფორმაციას, თითქოს მან სრულად დააკმაყოფილა აუქციონთან დაკავშირებით სილქნეტის რეკომენდაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის ცნობით, პირიქით, კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა სილქნეტის არცერთი შენიშვნა, რაც გულისხმობდა სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობას MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში); მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქებას; 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას.

"სილქნეტი მიესალმება ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს". – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კომისიამ აუქციონის ფარგლებში მკაცრი ვალდებულებებითა და შეზღუდვებით ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა და ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.


5G ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  ზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და ამცირებს დაყოვნებას. ბოლო მონაცემებით 5G ინტერნეტი უკვე მსოფლიოს 92 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

კომენტარები