რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NY Times: უკრაინის კონტრიერიშის მომდევნო ეტაპი ფორმას იღებს

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

როგორც ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში ახალ ეტაპზე გადადის.

ამერიკული გამოცემა, პენტაგონის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის თავდაცვის ხაზები, შესაძლოა, ომის განმავლობაში უდიდესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან კიევი კონტრიერიშის მთავარ დარტყმას იწყებს და დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროების დიდი ნაწილი სამხრეთის მიმართულებით გადაჰყავს. როგორც პენტაგონის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროები უკრაინას ჯერ კიდევ რეზერვში ჰყავდა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უკრაინელი სამხედროების მისია დიდი მნიშვნელობისაა, მაშინ, როცა რუსეთმა დაპყრობილ ტერიტორიაზე ნაღმების, სანგრების, ბუნკერებისა და ტანკებისთვის დაგებული მახეების თავდაცვითი ქსელი მოაწყო, რაც კიევის კონტრშეტევას ანელებდა.

სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინის ბოლო შეტევები შესაძლოა იყოს მოსამზადებელი ოპერაციები მთავარი წინსვლისთვის, ან გადაღლილი სამხედროებისთვის დამატებითი ძალების გაგზავნისთვის.

NY Times-ი ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელებმა სამი ბატალიონით, რომლებსაც ტანკები ზურგს უმაგრებენ, დაიწყეს "მასიური" იერიში ორიხივის დასახლებიდან და სოფელი რობოტინედან. რუსეთის მტკიცებით, ორივე იერიში მოიგერიეს. NY Times-ი წერს, რომ ორიხივის გარშემო მყოფი ტერიტორია იერიშის სამი მთავარი ღერძიდან ერთ-ერთია.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის სამხედრო მიზნებიდან ერთ-ერთი ფრონტის ხაზის ქალაქი ტოკმაკის გავლით მელიტოპოლამდე გადატანაა. ორივე პუნქტზე გადის მნიშვნელოვანი ტრასა და რკინიგზა, რომლებზე კონტროლის დაკარგვაც რუსებს კოორდინაციასა და მომარაგებას გაურთულებს. შესაბამისად, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ დაკავებულ დანარჩენ ტერიტორიას შორის სახმელეთო ხიდის გაწყვეტაა.

საოკუპაციო ადმინისტრაციები ავრცელებენ ცნობებს, რომ ორიხივის დასახლების სამხრეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროებისა და აშშ-სა და გერმანიის მიწოდებული ჯავშანტექნიკის გამოყენებით.

უკრაინამ კონტრშეტევა ივნისის დასაწყისში დაიწყო და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, თუმცა მოწინააღმდეგის დანაღმულმა თავდაცვის ხაზებმა მოქმედებები შეანელა.

კომენტარები