რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ჩინეთი რუსეთს ომის გასაგრძელებლად საჭირო აღჭურვილობას საიდუმლოდ უგზავნის

Genya Savilov/AFP via Getty Images

POLITICO წერს, რომ მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომში გაცხადებული ნეიტრალური პოზიციისა და სამშვიდობო როლის თამაშის მცდელობებისა, ჩინეთი რუსეთს არალეტალური, თუმცა ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელი აღჭურვილობით ამარაგებს.

გამოცემის ცნობით, ომის პერიოდში ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ, როდესაც იგივე მონაცემები უკრაინის შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია.

მაგალითად, მიმდინარე წელს რუსეთმა ჩინეთისგან $100 მილიონის ღირებულების დრონები შეიძინა - 30-ჯერ მეტი ვიდრე უკრაინამ. 69%-ით, $225 მილიონამდე გაიზარდა ჯავშანჟილეტის წარმოებისთვის აუცილებელი კერამიკის ექსპორტიც რუსეთში, მაშინ როდესაც უკრაინაში იმავე მასალის ექსპორტი 61%-ით შემცირდა და $5 მილიონი შეადგინა.

"ნათელია, რომ ჩინეთი, მისი მტკიცების მიუხედავად, რომ ნეიტრალური მოთამაშეა, სინამდვილეში ომში რუსეთის პოზიციებს უჭერს მხარს". - თქვა ბერლინში დაფუძნებული ჩინეთის მერკატორის კვლევითი ინსტიტუტის ჩინეთის თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე სპეციალიზებულმა ანალიტიკოსმა, ელენა ლეგარდმა.

ლეგარდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი აგრესორისთვის სამხედრო შეიარაღების და საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემას დაიწყებს, ევროკავშირი ქვეყანას მეორად სანქციებს დაუწესებს. თუმცა, ახლა, როდესაც პეკინი მოსკოვს მხოლოდ ჯავშანჟილეტებს, სითბური ხედვის აღჭურვილობას, კომერციულ დრონებს თუ სხვა ორმაგი გამოყენების ნივთებს აწვდის, დასავლეთის პასუხი მოსალოდნელი არ არის.

გამოცემა ჩინურ კომპანია Shanghai H Win-ზე კონკრეტულ მაგალითზეც გვიყვება. აღნიშნული კომპანია აწარმოებს სამხედრო დონის ტყვიაგაუმტარ ჟილეტებსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის დამცავებს, რომელთა გაყიდვებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

POLITICO-ს ცნობით, Shanghai H Win-ის მომხმარებლები ძირითადად რუსული "ერთდღიანი" კომპანიები არიან. მაგალითად, კომპანია Silva-მ, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, სწორედ ამ შესყიდვისთვის შეიქმნა, ჩინური მწარმოებლისგან 100 000 ჯავშანჟილეტი და 100 000 ჩაფხუტი შეიძინა.

გამოცემა სხვა შემთხვევების შესახებაც წერს. მაგალითად, რუსულმა Legittelekom-მა ჩინური Deekon Shanghai-სგან 100 000 ერთეული ჩაფხუტი და 100 000 ერთეული ტანსაცმლის ზემოდან ჩასაცმელი თბილი სამოსი იყიდა. ჟურნალისტებმა რუსულ კომპანიებთან დაკავშირება და მათგან იმის შესახებ ინფორმაციის მიღება სცადეს, აწვდიან თუ არა ჩინეთში ნაყიდ აღჭურვილობას ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს.

ორმაგი გამოყენების ნივთებით გაჩაღებულ ვაჭრობაში დიდი ფული ბრუნავს. მაგალითად, 2021 წლის მარტში დაარსებულ რუსულ კომპანია Pozitron-ს 2021 წლის ბოლოს შემოსავალი მხოლოდ $400 000 ჰქონდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი $300 მილიონამდე გაიზარდა.

აღნიშნული აჩვენებს, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ "ჩინეთის ზომის ხვრელი" აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ პეკინის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული აღჭურვილობა ჩინეთშია წარმოებული და ამასთან "ორმაგი დანიშნულებისაა", ამ ეტაპზე დასავლეთს ორი ქვეყნის თანამშრომლობის აღკვეთის შესაძლებლობა არ აქვს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ აღჭურვილობის წარმოებისთვის ჩინეთი ხშირად იყენებს დასავლურ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შესაძლოა პირდაპირი სამხედრო გამოყენება ჰქონდეს.

ეს საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გასულ თვეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის გამართულ შეხვედრაზე. ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ჩინეთმა დაარწმუნა აშშ და სხვა ქვეყნები, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის და ამის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"თუმცა, ის რასთან დაკავშირებითაც ისევ შეშფოთებულები ვართ არის ჩინური ფირმები, კომპანიები, რომლებიც შესაძლოა რუსეთს აწვდიდნენ ტექნოლოგიებს, რომელსაც შეუძლია უკრაინაში მისი აგრესიის ხელშეწყობა. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ფხიზლად იყვნენ". - დასძინა ბლინკენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით აშშ-ს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების ბერკეტი ნამდვილად გააჩნია, უცნობია გამოიყენებს თუ არა მას ბაიდენის ადმინისტრაცია და ექნება თუ არა ამ სანქციებს არსებითი შედეგი ჩინეთის დასასჯელად და რუსული ომის მანქანის დასასუსტებლად.

კომენტარები