რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

რუსეთმა უკრაინის სამხრეთის რეგიონებზე ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიშები მიიტანა. მთავარი სამიზნე საპორტო ქალაქი ოდესა იყო. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით, ოდესის ოლქში შეძლეს 6 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტისა და 24 Shahed-ის ტიპის დრონის ჩამოგდება. კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის ოლქში უვნებელყვეს. როგორც უკრაინელები ამბობენ, 6 ფრთოსანი რაკეტის სამიზნე საპორტო ქალაქი ოდესა იყო.

ჩამოგდებული რაკეტების აფეთქების ტალღისა და ნამტვრევების შედეგად დაზიანდა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაშავდა ერთი კაცი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

ნიკოლაევში ერთი დრონი სამრეწველო ობიექტს მოხვდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია.

გასულ დღეს, 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

რუსეთმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ კიევს პასუხს გასცემენ.

კომენტარები