რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკმა GUARDIAN-ის სტატიაში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში რუსეთის მიმართ გერმანიის დამოკიდებულებასა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში გერმანიის როლზე იმსჯელა. ბერბოკის თქმით, გერმანია შეცდა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების რჩევას რუსეთიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით არ მოუსმინა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა ავტოკრატიულ რუსეთთან  შესაბამისი არ იყო. ბერბოკის თქმით, გერმანიაში დიდ ხანს სჯეროდათ, რომ რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობით მის დემოკრატიულ გზაზე დაყენებას შეძლებდნენ.

"ჩვენ ვიცით, რომ ახლო მომავალში პრეზიდენტ პუტინის რუსეთი კვლავ დარჩება  ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საფრთხედ, ამიტომ ჩვენი თავდაცვისთვის გათვლები უნდა გავაკეთოთ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ და არა მასთან ერთად". - აღნიშნა ბერბოკმა. 

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპას საერთო ინტერესები ამოძრავებთ და მათი უსაფრთხოება ერთმანეთზეა დამოკიდებული. 

"გერმანელები არასდროს დაივიწყებენ, რომ ჩვენი თავისუფლება გაერთიანებულ ქვეყანაში, ჩვენი პარტნიორებისა და აღმოსავლელი მეზობლების დამსახურებაცაა. როგორც ისინი გვედგნენ გვერდში, ახლა ჩვენ დავუდგებით, რადგან აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება, გერმანიის უსაფრთხოებაა". - თქვა ბერბოკმა. 

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მსოფლიოში დიდი ძვრები გამოიწვია. ამან გერმანიისთვისაც ბევრი რამ შეცვალა და ეს სამომავლო მიდგომებშიც აისახება.

"რუსეთის აგრესიულმა ომმა მსოფლიოში რღვევა გამოიწვია. ჩემმა ქვეყანამ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, როგორ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა, თავისუფლება და სტაბილურობა სამყაროში".  

"ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების გარანტორს. ვაძლიერებთ სამხედრო შესაძლებლობებს ახალი უპრეცედენტო პაკეტის სახით, რომლის ღირებულებაც €100 მლრდ-ია, NATO-ს თავდაცვის ხარჯები იზრდება. ვაშენებთ გეოპოლიტიკურ ევროკავშირს, რომლის კარიც ახალი წევრებისთვისაც ღიაა, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში - საქართველო". - წერს ბერბოკი. 

კომენტარები