ევროკავშირის სამიტი

EU-ს ქვეყნები სამიტზე NATO-სა და უკრაინის ლიდერებთან რუსეთში არეულობის შედეგებს განიხილავენ

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი EU-ს სამიტზე მისვლისას ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. 2023 წლის 29 ივნისი
AP Photo/Virginia Mayo

როგორც ცნობილი ხდება, ევროკავშირის 29-30 ივნისს მიმდინარე სამიტზე NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიპატიჟება 27 წევრი ქვეყნის მიერ აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმასთან ერთად, რუსეთში პუტინის შესუსტებული პოზიციების განხილვასაც ისახავს მიზნად.

სამიტის ფარგლებში ზელენსკი ევროპის ლიდერებს ვიდეოზარის საშუალებით მიმართავს, ხოლო იენს სტოლტენბერგი კოლეგებს ადრეულ ლანჩზე უმასპინძლებს. თუმცა, შეხვედრის ძირითადი თემა ოფიციალურ დღის წესრიგში ჩანიშნული არ არის: სამიტის მონაწილეები რუსეთის სამხედრო ამბოხისა და შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთის მმართველობაში პუტინის ამჟამინდელი პოზიციის განხილვას აპირებენ.

"ამბოხება, რომელიც შაბათ-კვირას ვიხილეთ, აჩვენებს, რომ რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეებია". - თქვა სამიტზე მისულმა სტოლტენბერგმა.

რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მტკიცებით, რუსეთში მიმდინარე სამხედრო არეულობა პუტინის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დასაკავებლად კიდევ ერთი მიზეზი იყო.

"ზოგიერთი კოლეგა ზოგჯერ ამბობს, რომ ძლიერი პუტინი ნაკლებად საშიშია ვიდრე სუსტი პუტინი. მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ და ვიყოთ გაბედულები, რადგან ახლა ისტორიის გადამწყვეტი მომენტია". - თქვა ნაუსედამ.

რუსეთის კიდევ ერთი მოსაზღვრე და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშმა თქვა, რომ "ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას რაც ხდება რუსეთის შიგნით, თუმცა შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის, რასაც ვაკეთებთ გარედან".

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ რუსეთში მომხდარი ამბოხის შემდეგ ევროკავშირს უკრაინის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევის გაორმაგებასთან ერთად მოუწევს უზრუნველყოს, რომ ძალადობა ბლოკის წევრ ქვეყნებში არ გადმოვა.

"ყოყმანის დრო არ არის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსული აგრესიის ფასის გაზრდა". - თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.

ევროკავშირში ბევრი მიიჩნევს, რომ სამხედრო არეულობის ეფექტები პირდაპირ კრემლში იგრძნობა და მოვლენებმა რუსეთის მმართველი კლასი მნიშვნელოვნად დაასუსტა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთში [სამხედრო არეულობის] გრძელვადიანი გავლენა აუცილებლად ექნებათ. მჯერა, რომ [პუტინი] დასუსტებულია". - უთხრა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ARD მაუწყებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინას სამხედრო უსაფრთხოების პირდაპირ გარანტიებს ვერ აძლევენ, Associated Press-ის მიერ სამიტის შეჯამების ტექსტის უკანასკნელი ვარიანტის მიხედვით, ევროკავშირი რუსეთთან გამკაცრებული ენით საუბრობს.

"მზად ვართ პარტნიორებთან ერთად წვლილი შევიტანოთ უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების ვალდებულებებში, რაც უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავის დაცვაში, აგრესიული ქმედებების შეჩერებასა და დესტაბილიზაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება". - წერია ტექსტში.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრიცაა, ამიტომ მიმდინარე სამიტი 11-12 ივლისს გასამართ NATO-ს სამიტის შედეგებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

კომენტარები