NATO-უკრაინა

საფრანგეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს – Le Monde

SARAH MEYSSONNIER / AP

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას განიხილავს ნაბიჯად, რომელიც კონფლიქტზე ზემოქმედებას მოახდენს და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებების დაწყების მოტივაციას მისცემს.

12 ივნისს ელისეს სასახლეში გამართულ თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხიც. Le Monde-ის ცნობით, ეს ნაბიჯი უკრაინისთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, მოლაპარაკებების დაწყების მოტივაცია და მომავალში კონფლიქტის პრევენცია იქნება.

გამოცემა წერს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) ეს გადაწყვეტილება რეალური ცვლილებაა საფრანგეთის პოლიტიკისთვის. პარიზი უახლოვდება ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოზიციას, რომელთა უმეტესობა (უპირველეს ყოვლისა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები) უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაჟინებული მცველები არიან.

"საფრანგეთის პოზიცია ახლა უფრო ახლოსაა პოლონეთთან, ვიდრე გერმანიასთან". – უთხრა Le Monde-ს ანონიმურმა დიპლომატმა.

ამ დრომდე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ირიბი მოწინააღმდეგე იყო, მათ შორის 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც.

"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ აღქმული იქნება, როგორც რაღაც კონფრონტაციული. ამ სახის რუსეთთან ეს წარმოუდგენელია". – თქვა მაკრონმა 2022 წელს Le Monde-თან ინტერვიუში.

ამ შემთხვევაში საფრანგეთის მთავრობის ახალი პოზიცია უფრო მეტად გაწევრიანებისთვის გზის გახსნა და უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებაა, რაც, სავარაუდოდ, სამხედრო დახმარების გაგრძელებასა და გააქტიურებაში გამოიხატება. NATO-ს წევრები ჯერ კიდევ მყარად დგანან პოზიციაზე, რომ ომში მყოფი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცის ომში ჩართვას ნიშნავს. შესაბამისად, არ არსებობს გარანტია, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესი სწრაფად წარიმართება, ან თუნდაც NATO-ს შემდეგ სამიტამდე დასრულდება.

2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ს რჩევის საწინააღმდეგოდ უკრაინის ალიანსში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივა დაბლოკეს. ორი ევროპელი ლიდერი ამ ნაბიჯს "რუსეთის დაშოშმინების გზად" მიიჩნევდა.

კომენტარები