საქართველო-რუსეთი

რუსეთის იზოლაციით საქართველოს ეკონომიკამაც იხეირა – CNBC-ის სტატია

საქართველო-რუსეთი

რუსეთის იზოლაციით საქართველოს ეკონომიკამაც იხეირა – CNBC-ის სტატია

ამერიკული გამოცემა CNBC-ი წერს, რომ კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გაიზარდა. თუმცა, გამოცემის განმარტებით, ახლა ეს ქვეყნები დასავლეთის მხრიდან “შურისძიების” საშიშროების წინაშე დგანან. 

სტატიაში, რომელიც CNBC-იმ მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, სომხეთის - 12.6%-ით. ამასთან, გაეროს სააგენტოს შეფასებით, 2023 წელს ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, დაახლოებით 4%-ით და 5.5%-ით შენელდება.

"მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზრდის ფუნდამენტური მამოძრავებელი ფაქტორი "არ გამქრალა" და შესაძლოა, ეს ქვეყნები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცნენ". - ვკითხულობთ სტატიაში.

ე.წ. შუამავლობითი ვაჭრობა რუსეთთან

CNBC-ის მიხედვით, მიმდინარე წელს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა "განგაში" გამოაცხადეს, რომ ზოგიერთი მოვაჭრე სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი.

თავის უახლეს ეკონომიკურ პერსპექტივაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აღნიშნა, რომ ასეთი ქვეყნები იზოლირებული სახელმწიფოსთვის ე.წ. შუამავალი სავაჭრო პარტნიორები ხდებიან.

"მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რაც მიანიშნებს "შუამავლობითი ვაჭრობის" ზრდაზე, რომლის დროსაც საქონელი გადის ცენტრალური აზიის ეკონომიკაში და შემდეგ რუსეთში იყიდება". - ამბობენ EBRD-ში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული გამოცემის სტატიაში წერია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წელს იმპორტით რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა, ხოლო ექსპორტით მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. კერძოდ, 2022 წლისთვის ქვეყანაში რუსული იმპორტი 79%-ით გაიზარდა, ხოლო რუსული ექსპორტი - 7%-ით.

პარალელურად, რუსეთი სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და აზერბაიჯანმა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებმა, რუსეთთან ვაჭრობა გასული წლის განმავლობაში ასევე გაზარდეს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებს.

გარდა ამისა, CNBC-ი წერს, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობების სპიკერებმა არ გააკეთეს კომენტარი გამოცემის კითხვაზე, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის ზრდას ეხებოდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებმა აჩვენა, რომ ავტომობილები, ბენზინი და სხვა საქონელი (რომელიც დაუზუსტებელია) შეადგენს რუსეთთან სავაჭრო საქონლის აბსოლუტურ უმრავლესობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთში ექსპორტირებული მანქანების, თვითმფრინავების და გემების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია.

CNBC-სთან IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი სანქცირებული არ არის, მათ ორმაგი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, სარეცხი მანქანების ნაწილები შესაძლოა რუსეთმა სამხედრო წარმოების მიზნებისთვის გამოიყენოს.

ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან

ამერიკული გამოცემა წერს, რომ რუსეთთან მზარდმა სავაჭრო ნაკადებმა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები აიძულა რუსეთთან ე.წ. შუამავლობით ვაჭრობაში ჩართულ ქვეყნებთან მიმართებით გარკვეული ზომები მიეღოთ.

CNBC-ს ევროკომისიის სპიკერმა განუცხადა, რომ მუშაობენ იმისთვის, რომ დაადგინონ სავაჭრო ნაკადების გადამისამართება მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთთან დასაკავშირებლად მოქმედებენ როგორც შუამავლები.

დასავლეთთან ურთიერთობის საფრთხის ქვეშ დაყენება

CNBC აღნიშნავს, რომ მართალია ჯერ უცნობია როგორი იქნება სანქციების ახალი პაკეტია ან როდის დაწყება მისი აღსრულება, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სანქციების პერსპექტივა ქვეყნებს თავისი მისწრაფებების გადააზრების საშუალებას მისცემს. გამოცემის განმარტებით, ეს კი განსაკუთრებით ეხება ქვეყნებს, რომლებიც NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან.

გარდა ამისა, ამერიკული გამოცემა სტატიაში წერს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მუშაობს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის მიხედვით კი, საქართველოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის ოთხი მეხუთედი (81%) მხარს უჭერს EU-ში გაწევრიანებას.

კომენტარები