აქციაზე დაკავებულები

იოსელიანი: ფურცელზე რაც არ უნდა ეწეროს, ამის გამო ადამიანების დაკავება უკანონოა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 2 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფურცელზე რაც არ უნდა ეწეროს, ამის გამო ადამიანების დაკავება უკანონოა.

"მე პოლიციასაც და ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, რომ გამოხატვის ფორმა როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს - ფურცელზე რაც არ უნდა ეწეროს, ყველაზე მიუღებელი წინადადებებიც კი, ამის გამო ადამიანების დაკავება კანონიერი არ არის და კანონს ეწინააღმდეგება. ამის შემდეგ, მეორე პრობლემა რაც არის, არის ამ დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები. როდესაც უკვე სასამართლო აღარ შედის ამ კანონიერების გარკვევის პროცესში, თუ რამდენად კანონიერი იყო ეს დაკავება და უბრალოდ, სტანდარტულად გამოაქვს გადაწყვეტილებები დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ. ესეც თავისთავად პრობლემაა, იმიტომ, რომ სასამართლომ უნდა გაარკვიოს, კანონიერი მოთხოვნა, რომელიც პოლიციელმა მოქალაქეს წაუყენა, ატარებდა თუ არა კანონიერ ხასიათს. იმიტომ, რომ შეიძლება, მოთხოვნა კანონიერი არ იყოს და ადამიანს ადმინისტრაციული წესით დაკავება არ ეკუთვნოდეს". - თქვა იოსელიანმა. 

2 ივნისს რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის იყვნენ იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.  

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

კომენტარები