რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზატულინი უკრაინაში ომზე: ვერცერთ მიზანს მივაღწიეთ, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრიც დაკარგა

კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია და მეტიც, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრი დაკარგა. ამის შესახებ ზატულინმა ისაუბრა ფორუმზე სახელად "როგორი უკრაინა გვჭირდება?".

ზატულინი თვლის, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტის მოთხოვნას აზრი აღარ აქვს.

"რა იყო ჩვენს მიერ ოფიციალურად გამოცხადებული მიზნები სამხედრო ოპერაციის დაწყებისას? ყველას გახსოვთ: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი და ლუგანსკისა და მთელი ამ დროის განმავლობაში ტანჯული დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებელთა დაცვა. დღესდღეობით ამ პუნქტებიდან რომელს მივაღწიეთ? არცერთს. მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ყველანაირი აზრი დაკარგა. მაგალითად უკრაინის ნეიტრალიტეტმა – რა აზრი აქვს ამ მოთხოვნის წამოყენებას? არანაირი, ამჟამად.". – თქვა დუმის დეპუტატმა. 

დუმის დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს იქნება ნეიტრალური და რუსეთს არ აქვს საშუალება გადაწონოს ის დახმარება, რომელსაც კიევს დასავლეთი უწევს. 

"ის (უკრაინა) არ იქნება ნეიტრალური, თუ არსებობას განაგრძობს. ახლა კი შეკითხვა – რამდენადაც აქ გაჟღერდა, რომ ის უკვე აღარ არსებობს სახელმწიფოებრიულად, იარსებებს თუ არა უკრაინა ზელენსკის ან მისი მიმდევრების ხელმძღვანელობის ქვეშ, იმის შედეგად, რაც ხდება? იარსებებს, შემიძლია გითხრათ, იარსებებს. რადგან ძალა, იმისთვის რომ ეს გადავწონოთ, ის მხარდაჭერა, რომელსაც უწევენ, სინამდვილეში არ გვყოფნის. იარსებებს!". – თქვა ზატულინმა. 

ზატულინის აზრით, რუსეთის ხელისუფლებაში ამ საკითხზე არ საუბრობენ და სწორადაც იქცევიან, თუმცა, მან აღნიშნა, რომ მათ ეს სიტუაცია ესმით.

კომენტარები