ზემო ლარსზე წყალდიდობის შედეგად ფედერალური გზატკეცილი განადგურდა

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერის, სერგეი მენიაილოს თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან წყალდიდობის შედეგად ფედერალური გზატკეცილი განადგურდა.

"ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა წყალდიდობის გამო, რის შედეგადაც ფედერალური გზატკეცილი განადგურდა. სახიფათო ტერიტორია შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად მოვინახულეთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის - ბევრი რამ არის დამოკიდებული თოვლის დნობის აქტივობაზე, იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ნალექი" - წერს მენიაილო Telegram-ის არხზე.

მისივე თქმით, 2023 წელს წვიმებისა და თბილი ამინდების გამო მდინარე თერგის წყლის დონემ მოიმატა.

"ამ გზას ემსახურება როსავტოდორი, ჩვენ ერთად ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარება მუშაობს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ექსპერტების აზრით, მიმდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება." - თქვა რეგიონის ლიდერმა.

საზღვრის ქართულ მხარეს გართულებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნოგირსა და მიხაილოვსკოეს შორის მდინარე თერგზე გამავალი ხიდის საყრდენი ჩამოირეცხა.

კომენტარები