რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი ადასტურებს, რომ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გადასცა

Tornado GR4-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი. ამ ტიპის ორი რაკეტა ერთმანეთის გვერდი-გვერდ, თვითმფრინავის კორპუსის ქვედა ნაწილზეა დამონტაჟებული.
Crown Copyright/MOD2016

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა დაადასტურა, რომ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით ამარაგებენ.

უოლასის თქმით, ეს იარაღი უკრაინას მისცემს "საუკეთესო შანსს", დაიცვას საკუთარი თავი.

ამ ტიპის რაკეტები მონტაჟდება თვითმფრინავზე და მათი რადიუსი 250 კილომეტრია. გაშვების შემდეგ, რაკეტა დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, რათა რადარებს მისი დაფიქსირება გაუჭირდეთ. რაკეტა აღჭურვილია ინფრაწითელი სამიზნით. მისი შესაძლებლობები უკრაინელ პილოტებს მისცემს საჰაერო იერიშების შორი მანძილიდან მიტანის საშუალებას.

უოლასის თქმით, უკრაინელებს რაკტები დაეხმარებათ "უკრაინის სუვერებულ ტერიტორიაზე ბაზირებული რუსული ძალების უკუქცევაში". მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა "განაგრძო ბნელ გზაზე სიარული", უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანით. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დეკემბერში მან რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს მიწერა, რომ მორიგი თავდასხმების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო უკრაინას უფრო დიდი შესაძლებლობების შეიარაღებას გადასცემდა.

უოლასმა აღნიშნა, რომ რაკეტები ან გზაშია, ან უკვე უკრაინელების ხელში.

აქამდე, CNN-მა ინფორმაცია Storm Shadow-ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. CNN-თან ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მხრიდან მიიღო პირობა, რომ ამ ტიპის იარაღს მხოლოდ უკრაინის სუვერენულ ფარგლებში გამოიყენებენ და არა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე იერიშების მისატანად. 

თებერვალში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ ის მზად იყო უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტები გადაეცა და მთავრობამ შესყიდვის პროცესი გამოაცხადა.

Storm Shadow-ს ტიპის რაკეტა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით ჩამოუვარდება ამერიკულ ATACMS-ის ტიპის რაკეტას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანი ითხოვდა.

კომენტარები